„ხორცი უკარტოფილოდ, იგივეა, რაც ცხოვრება უსიყვარულოდ“ — პერუელი ინდიელების ანდაზა

გამოწერა

ძალიან დილა მშვიდობისა!

როგორც იქნა, წელს პირველად ამობრძანდით ჩვენს აივანზე. ხომ ხედავთ, როგორ გავიპრანჭე და გამოვეწყვე? საყვარელი ფართხუნა და მყუდრო „უგების“ ნაცვლად,  თქვენს საპატივცემულოდ ლაკის შავი ჩექმაც კი ამოვიცვი (რომელიც, არც კი მინდა გავიხსენო, რისთვის მქონდა შემონახული), თმები შევიჭერი და „თბილისურად“ გავისწორე, ჩვენი აივნის მოაჯირები გირლიანდებით და ბრჭყვიალა წვიმებით მოვრთე,  მეზობლისგან კი დროებით ერთი ცალი მამალი ვისესხე (ჩვენს შორის დარჩეს და სულ ერთი ჰყავთ).

სავარაუდოდ, ელით, რომ საახალწლო ნამცეცობაზე გამოვიტან გაცხელებულ გუშინდელ ხაჭაპურს, ბაჟეს, რომელშიც საუკეთესო და ნარჩევი ნაჭრები უკვე გაცილებით ძვლიანებმა შეცვალეს, „მორიგე“ მანდარინებს, რომლებსაც დრო არ ეტყობათ და, რაღა თქმა უნდა, გოზინაყს, ჩურჩხელებს და მობეზრებულ ხურმის ჩირს, რომლის დანახვა უკვე აღარავის უნდა.

ნუ იჩქარებთ, უბრალოდ შეიყნოსეთ სურნელი, რომელიც გამოდის ჩემი სამზარეულოს სარკმლიდან და მოუსმინეთ ერთ სიმღერას:

როგორ გამიხარდა, რომ ყველას სახეები გაგინათდათ, თანაც, არა მხოლოდ განუმეორებელი მირონოვის დანახვის გამო.

უბრალოდ, ამდენი ნიგვზიანობის და დელიკატესობიანობის შემდეგ დღეს ჩვენს აივანზე შემწვარი კარტოფილის სურნელი ტრიალებს.

და იცით, რატომ? იმიტომ რომ სწორედ დღევანდელ დღეს, 430 წლის წინ,  1586 წლის 3 დეკემბერს ევროპაში, კერძოდ, ინგლისში, კოლუმბიიდან პირველად შეიტანეს კარტოფილი, რომლის სოლიდური და ოფიციალური დასახელებაა Solánum tuberósum.

კარტოფილის სამშობლო სამხრეთი ამერიკაა, სადაც, სხვათა შორის, დღესაც ხარობს ველური კარტოფილ და კარტოფილის ხეები.

© FL/ Dick Culbertკარტოფილის სამშობლო სამხრეთი ამერიკაა, სადაც ხარობს ველური კარტოფილ და კარტოფილის ხეები
კარტოფილის სამშობლო სამხრეთი ამერიკაა, სადაც ხარობს ველური კარტოფილ და კარტოფილის ხეები - Sputnik საქართველო
კარტოფილის სამშობლო სამხრეთი ამერიკაა, სადაც ხარობს ველური კარტოფილ და კარტოფილის ხეები

თავის დროზე ბოლივიელი ინდიელები კარტოფილს მხოლოდ საკვებად კი არ იყენებდნენ, არამედ სულიერ არსებად მიიჩნევდნენ და ქედს იხრიდნენ მის წინაშე, ხოლო ინკების კალენდარში კარტოფილის ხარშვის დრო დადგენილი იყო დღე-ღამის საზომ ერთეულად და დაახლოებით 1 საათს უდრიდა.

სხვათა შორის, დღეს აშშ-ის აიდაჰოს შტატსა და ბელგიაში არის გახსნილი „კარტოფილის მუზეუმები“, რომლებიც მოგვითხრობს მის ისტორიაზე —საფოსტო მარკებიდან დაწყებული,  ვან გოგის ცნობილი სურათით დამთავრებული, რომელიც თავად ავტორმა ასე დაახასიათა:

„ყველაზე საუკეთესო იქიდან, რაც მე შევქმენი, საბოლოოდ აღმოჩნდა სურათი, რომელზეც გამოსახული არიან გლეხები, რომლებიც მიირთმევენ კარტოფილს“.

© FL/ xiquinhosilvaვინსენტ ვან გოგის სურათი „კარტოფილის მჭამელები“
ვინსენტ ვან გოგის სურათი „კარტოფილის მჭამელები“ - Sputnik საქართველო
ვინსენტ ვან გოგის სურათი „კარტოფილის მჭამელები“

კარტოფილზე დაუსრულებლად ბევრი  რამის მოყოლა შეიძლება — მის სასარგებლოობაზე, მის როლზე მედიცინასა და კოსმეტიკაში თუ   ხელოვნებაში. მაგრამ, როგორც ვამბობ ხოლმე, კარტოფილი, მით უმეტეს, შემწვარი, ყველას თავისი აქვს, რადგან ის,  როგორც წესი, ყველა ადამიანის ცხოვრებაში დაკავშირებულია ბავშვობის მოგონებებთან.

მე შემხვედრიან ბავშვები, ვისაც არ უყვარს ფაფები, პომიდორი, ბადრიჯანი, ტკბილეული, პური, ხაჭაპურიც კი. არ გაგიკვირდეთ და არიან ისეთებიც, ყველიც რომ არ გაუსინჯავთ, მაგრამ არ არსებობს ბავშვი, ვისაც არ უყვარს შემწვარი კარტოფილი.

ჩემი ცხოვრებიდან მახსენდება ორნაირად შემწვარი კარტოფილი: ერთი, დედიკო რომ მიწვავდა, რომელსაც არასდროს დავკვირვებივარ, როგორ წვავდა, უბრალოდ იყო უგემრიელესი და დედიკოს „წასვლიდან“ ცოტა ხნის შემდეგ დავაფიქსირე, რომ ჩვენს სახლს სწორედ მისი შემწვარი კარტოფილის სუნი დააკლდა ყველაზე მეტად…

მეორე კი იყო კარტოფილი, რომელსაც მიწვავდა ალე ბებია. აი ეს რეცეპტი კი კარგად მახსოვს:

კარტოფილს ჯერ ოდნავ მოხარშავდა, მერე რგოლებად დაჭრიდა და ხახვთან ერთად ბრაწავდა ხოლმე. ოღონდ, აუცილებლად ერბოში — კარაქი და ზეთი კატეგორიულად იყო აკრძალული.

რეცეპტი კი მახსოვს, მაგრამ, მერე რა? ათასჯერ ვცადე, მაგრამ არაფერი გამომდის. მაგრამ მთლად უკარტოფილოდ ხომ არ დავტოვებდი ჩემს შვილს და შვილიშვილს და მივხვდი, რომ მე უფრო მეტად პიურის გაკეთება მეხერხება.

ჩემი ნინკა დიდი გოგოა უკვე და ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზით,  ყველაფერს სუში ურჩევნია, მაგრამ დროდადრო უცებ მთხოვს ხოლმე, დეე, შენ რომ იცი, ისეთი პიურე გამიკეთეო და მეც ვუკეთებ.

© Pixabay / StockSnapარ არსებობს ბავშვი, ვისაც არ უყვარს შემწვარი კარტოფილი.
არ არსებობს ბავშვი, ვისაც არ უყვარს შემწვარი კარტოფილი. - Sputnik საქართველო
არ არსებობს ბავშვი, ვისაც არ უყვარს შემწვარი კარტოფილი.

არადა, არანაირი საიდუმლო რეცეპტი არ გამაჩნია. უბრალოდ, კარტოფილს რომ გავთვლი,  უსწორმასწორო ნაჭრებად კი არ ვჭრი (პრინციპით, მაინც მოიხარშება და ჩაიჭყლიტება და რა მნიშვნელობა აქვს?), არამედ ლამაზად ვანაწევრებ ყოველთვის და მერე, ბოლოსკენ, ცოტა მჟავე კომბოსტოს ვამატებ. სულ ესაა.

იცით, რას ვფიქრობ, რომ ბოლივიელი ინდიელები ჭკვიანი ხალხი იყო და მიხვდნენ, რომ ამ ერთი შეხედვით უბრალო და ყოველდღიურ კარტოფილს გააჩნია ერთი მთავარი „ნიჭი“ — ის იმ სიყვარულის გამტარია, რომელსაც მასში აქსოვ.

სხვათა შორის, ჩემი შვილიშვილი ანდრიაც, რომელიც ზოგჯერ საშინლად უჭმელია, ჩემს პიურეზე უარს არასდროს ამბობს. ესაა საქმე და კარტოფილის მთავარი საიდუმლოც.

მაგრამ კარტოფილმა  რომ გაიხაროს, ბუნებრივია, სიყვარულივით მოვლა და ლოლიავი სჭირდება.

გახსოვთ,  ვლადიმერ ვისოცკის ცნობილი სიმღერა?

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ  და La Bonnotte-ს ჯიშის ფრანგული  კარტოფილით (ფასს ნუ მკითხავთ) გალამაზებულ დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0