19:12 16 იანვარი 2017
პირდაპირი ეთერი
დენის შაპირო

დენის შაპირო: თუ საქართველოს არ ვნახავ, მაშინ „რა მინდა ამ ცოდვილ დედამიწაზე?“

© FB / Денис Шапиро
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
უცხოელის თვალით დანახული საქართველო (41)
479150

ბიზნესმენი დენის შაპირო, რომელიც უკვე წლებია, რაც კოსმოსური ტურიზმის სფეროში პროექტების მენეჯერად მუშაობს, ამჯერად თავად იქცა ტურისტად და მეგობრების რჩევით საქართველოში ჩამოვიდა. ჩვენ ქვეყანაში მიღებული შთაბეჭდილებები კი „Sputnik-საქართველოს“ გაუზიარა.

თბილისური მრავალხმიანობა

რომ იცოდეთ, ვინ აღარ მიამბობდა საქართველოს შესახებ და თანაც უკვე რამდენი ხანია: ძველი თუ ახლახან შეძენილი მეგობრები, მათი მეგობრები და ის ხალხიც კი, ვინც არასდროს მინახავს, ანუ შორეული ახლობლები. ყველა ერთხმად მირჩევდა საქართველოში ჩამოსვლას, მეუბნებოდნენ, აუცილებლად უნდა ნახო, იგრძნო, გასინჯო ყველაფერი ქართული და, რაც მთავარია, იქაური სილამაზითა და ატმოსფეროთი დატკბეო.

ჰოდა, მეც ბავშვობის მეგობრები ცხადში, მთელი ჩემი სამეგობრო კი ვირტუალურად ვიახლე და საქართველოში ჩამოვედი. 

ძველი თბილისის ქუჩა ტრადიციული ჩუქურთმიანი აივნით
ძველი თბილისის ქუჩა ტრადიციული ჩუქურთმიანი აივნით

შემოდგომის წვიმიან დღეს 1500 წლის თბილისის ვიწრო ქუჩებს მივუყვებოდით და გაოცებულები ვათვალიერებდით ირგვლივ ყველაფერს. უცებ მომეჩვენა, რომ დიდებული ქართული მრავალხმიანობა ჩამესმა, რომელიც ძველ ქალაქში აქა-იქ მდგარი და ლამპიონების რბილი შუქით განათებული სკულპტურებიდან იფრქვეოდა: ქალაქელი მეეზოვისა თუ ცნობილი არქიტექტორისა, თამადისა და მოცეკვავეებისა, დიდი აქტრისისა თუ ცნობილი რეჟისორისა.

მართლაც წარუშლელი შთაბეჭდილება ჩემზე მაინც მელამპიონის სკულპტურამ მოახდინა, რომელიც ბინდშემოწოლილი ქალაქის ქუჩებში ლამპიონებს ანთებს
მართლაც წარუშლელი შთაბეჭდილება ჩემზე მაინც მელამპიონის სკულპტურამ მოახდინა, რომელიც ბინდშემოწოლილი ქალაქის ქუჩებში ლამპიონებს ანთებს

თუმცა მართლაც წარუშლელი შთაბეჭდილება ჩემზე მაინც მელამპიონის სკულპტურამ მოახდინა, რომელიც ბინდშემოწოლილი ქალაქის ქუჩებში ლამპიონებს ანთებს. სწორედ მან გახადა ეს საღამო განსაკუთრებული — გემრიელი ვახშმისა და წითელი ღვინის თანხლებით, გააღვივა სტუმართმოყვარეობისა და სითბოს ატმოსფერო, რომელზეც უკლებლივ ყველა ჩემი მეგობარი საუბრობდა.

მეორე დღეს ქალაქში სეირნობისას მრავალხმიანობა უკვე სხვაგვარად შემომესმა, რომელმაც თითქოს კიდევ უფრო ააფერადა წუხანდელი საღამო. ეს იყო მძლავრი და მგრგვინავი ჰანგები — ძველი თბილისის ხმები. აღმოსავლური ალუზიები ძველევროპული ალუზიებით იცვლებოდა, რომლებსაც მღვრიე მტკვრის ორსავე სანაპიროზე აღმართული უძველესი ციხე-სიმაგრეები და ღრუბლით შემოსილ ცამდე აწვდენილი ეკლესიების გუმბათები იტაცებდა. ხოლო ქალაქის ცენტრში გაჭიმულ საბაგიროს ეს ჰანგები კიდევ უფრო მაღლა აჰქონდა, რომლებიც მერე კიბის საფეხურებით გოგირდის აბანოებისკენ ეშვებოდა — უბნისკენ, სადაც ქალაქს უძველეს დროში ჩაეყარა საფუძველი.

პანორამა თბილისი - ძველი ქალაქი
პანორამა თბილისი - ძველი ქალაქი

ეს ხმები საოცრად ერწყმოდა ულტრათანამედროვე, შუშისა და ლითონის  შენობებს და ერთ მელოდიად ჟღერდა, რომელშიც ხან ცხელ წყაროში ჩავარდნილი დაჭრილი ხოხბის ყვირილი იკვეთებოდა, ხან ლოცვად დამდგარი წმინდანისა, ხანაც სადღესასწაულო მხიარულებისა. და როცა მომეჩვენა, რომ ამ ხმებს ახალი ბგერები ვეღარ შეემატებოდა, ჰანგი ძველ, მოჩუქურთმებული აივნებით მოფენილ ქუჩებში გაიშალა — უამრავ კაფესა და რესტორანს შორის. და ჩვენც გადავწყვიტეთ, შეგვესვენა და ნანახით მიღებული სიამოვნება გაგვეზიარებინა.

მაგრამ ეს თურმე მხოლოდ დასაწყისი იყო. მერე და მერე ჩემი მოგზაურობა საქართველოში სულ სხვა მუსიკის ფონზე მიმდინარეობდა. ეს უკვე გულიან-ცეცხლოვანი ლეკური თუ რაღაც მისი მსგავსი მელოდია იყო. აბა რა! საჭესთან ხომ ნამდვილი ჯიგიტი იჯდა.

მძივად ასხმული საქართველო

საქართველოს გზები ძაფად წარმოვიდგინე, რომელზეც ეკლესიები, მონასტრები, ციხე-სიმაგრეები და ქალაქები იყო ასხმული. ისღა დამრჩენოდა, ღირსშესანიშნაობებით აკინძული ძაფი ჭეშმარიტად ქართული ატმოსფეროს ბადაგში ჩამეშვა და ახალი შთაბეჭდილებებით გამეჟღინთა, რათა მერე აუჩქარებლად დამეგემოვნებინა.

ასხმულაზე ერთ-ერთი პირველი ქალაქი გორი გამოდგა. რაც უფრო ვუახლოვდებოდი „ხალხთა მამის“ მშობლიურ ქალაქს, ჰაერი მით უფრო იხუთებოდა, მუსიკა შეწყდა, უცნაურმა შფოთმა შემიპყრო. ახლად ამოთხრილი მიწისა და საკმევლის სუნი შევიგრძენი. მუზეუმში გენერალისიმუსის ლამის ხატად ქცეულ პორტრეტებს შორის გიდის მონოტონური და ემოციებისგან დაცლილი ხმა მანტრასავით ისმოდა…

არაგვისა და მტკვრის შეერთება, ხედი მცხეთაზე ჯვრის მონასტრიდან
© Sputnik / Levan Avlabreli
არაგვისა და მტკვრის შეერთება, ხედი მცხეთაზე ჯვრის მონასტრიდან

ქალაქიდან გასულებს გზა ცხვრის ფარამ გადაგვიღობა. დაბრკოლება გადავლახეთ, რადიოს ხმა ავუწიეთ და მჟღერი ქართული ხალხური სიმღერის ფონზე ახალი შთაბეჭდილებების შესახვედრად გავწიეთ.

გზად ძველი თქმულება გამახსენდა: თურმე, ღმერთი რომ ხალხებს მიწებს ურიგებდა, ქართველებს დაგვიანებიათ, რადგან ქეიფს შეჰყოლიან. როცა მისულან, ყველა სამკვიდრო უკვე განაწილებული იყო და გამოდიოდა, რომ ქართველები უმიწოდ რჩებოდნენ. მაგრამ როცა ქართველებს ღმერთისთვის მოუხსენებიათ, შენს სადღეგრძელოს ვსვამდით, უფალო, და იმადაც დაგვაგვიანდაო, მრისხანება მოწყალებით შეუცვლია და მათთვის თავისთვის წალკოტად შემონახული მიწა უბოძებია.

ლურჯი ცისა და თოვლიანი ყაზბეგის მბრწყინავი პირამიდის ფონზე გერგეტის მონასტერი გამოჩნდა...
ლურჯი ცისა და თოვლიანი ყაზბეგის მბრწყინავი პირამიდის ფონზე გერგეტის მონასტერი გამოჩნდა...

უნებურად ეს ლეგენდა და ლერმონტოვის პოემა „მწირი“ გამახსენდა ერთი კლდის თავზე:

„Немного лет тому назад,

Там, где, сливаяся, шумят,

Обнявшись, будто две сестры,

Струи Арагвы и Куры,

Был монастырь…“

სწორედ ამ კლდის თავზე მდგარი ჯვრის მონასტერი — აქედან გონებამიუწვდომელი და სუნთქვისშემკვრელი სილამაზის ხედი იშლება ხეობაზე, სადაც ორი მდინარე — არაგვი და მტკვარი ერევა ერთმანეთს. 

აქედან ოდნავ მოშორებით საქართველოს ძველი დედაქალაქი მცხეთა მდებარეობს, განსაცვიფრებლად დიდებული ტაძრით, რომლის სახელიც ჩემთვის მუსიკასავით ჟღერს — სვეტიცხოველი. საფეხურებად ცად ასული ტაძარი უძველესი და უნიკალური ფრესკებითაა შემკული. სწორედ მის წიაღშია დაბრძანებული ერთ-ერთი უმთავრესი ქრისტიანული სიწმინდე — იესო ქრისტეს კვართი. გადმოცემის თანახმად, ოდესღაც სწორედ ამ ადგილებში მონათლულა ქართველთა პირველი ქრისტიანი მეფე მირიანი…

გეზი გუდაურისკენ ავიღეთ, სადაც ცოტა ხნის წინ ჩემს მეგობრებს დაუვიწყარი დრო გაეტარებინათ.

მთაში უკვე მოეთოვა… მალე ლურჯი ცისა და თოვლიანი ყაზბეგის მბრწყინავი პირამიდის ფონზე გერგეტის მონასტერი გამოჩნდა, რომელიც თითქოს ჰაერში იყო გამოკიდებული და მსუბუქად ირწეოდა.

და ყურში კვლავ ჩამესმა ქართული მრავალხმიანი ჰანგი. ვიდექი, ხან მონასტერს გავცქეროდი, ხან მთას, ხარბად ვისრუტავდი მთის სუფთა ჰაერს, უაზროდ ვიღიმებოდი და ვცდილობდი, მეხსიერებაში შემომენახა ყველა შეგრძნება, რომელსაც განვიცდიდი…

გრიბოედოვის ვალსი
მეორე დღეს სხვა მელოდია გაჩნდა — ეს გრიბოედოვის ვალსი იყო. ყმაწვილი თავადის ქალის ნინო ჭავჭავაძისა და ალექსანდრ გრიბოედოვის ტრაგიკული სიყვარულის ისტორია ჯერ კიდევ სკოლიდან ვიცოდი და ხშირად მახსენდებოდა კიდეც. ახლა, წინანდალში, ჭავჭავაძეების მამულში მდგომს მეგონა, რომ მელოდია სწორედ იმ როიალზე ჟღერდა, რომელიც თავადმა ალექსანდრე ჭავჭავაძემ სანქტ-პეტერბურგიდან ჩამოუტანა ქალიშვილებს — ნინოსა და ეკატერინეს.

ალექსანდრე გრიბოედოვის საფლავი წმინდა დავითის მონასტერში, მის გვერდით განისვენებს მისი მეუღლე თავადის ქალი ნინო ჭავჭავაძე.
ბესიკ ფიფია
ალექსანდრე გრიბოედოვის საფლავი წმინდა დავითის მონასტერში, მის გვერდით განისვენებს მისი მეუღლე თავადის ქალი ნინო ჭავჭავაძე.

არ ვიცი როგორ, მაგრამ ამ ჰანგებმა და კიბეების აყოლებაზე გამოფენილმა ძველმა საოჯახო ფოტოებმა, უძველესი და წარჩინებული გვარის ისტორიამ, დიდი გემოვნებით შერჩეულმა ავეჯმა რაღაც თბილ ღრუბელში გამხვია — სიყვარულისა და ერთგულების ღრუბელში…

ტფილისის შავი ვარდი — ასე უწოდებიათ ქალაქელებს გამუდმებით ძაძამოსილი ნინო ჭავჭავაძისთვის, რომელიც გრიბოედოვის დაღუპვიდან 28 წლის შემდეგ გარდაცვლილა…

სიზმრები ფიროსმანზე

ქართულ ხელოვნებასთან შეხება მომესურვა და ეროვნულ გალერეაში მივდივარ, სადაც ნიკო ფიროსმანაშვილის ტილოებია გამოფენილი…

ერთმანეთს ცვლის მარტივად შესრულებული მეტყველი პორტრეტები: მოქეიფე ქართველები, დაღლილი მეეზოვე, მეთევზე ბიჭი, აქტრისა მარგარიტა… მეჩვენებოდა, რომ ყველა ეს ხატება ჩემი ღრმა არაცნობიერიდან იყო გამოსული, რომ ამ ნახატების ყველა გმირი ჩემი ძველი ნაცნობი გახლდათ, ხოლო მათი განცდები — ჩემი მღელვარება და შფოთვა.

ნახატის ქორწილი კახეთში რეკონსტრუქცია. მხატვარი ნიკო ფიროსმანი, შესრულებულია 1913 წელს.
© Sputnik/ ა. სვერდლოვი
ნახატის "ქორწილი კახეთში" რეკონსტრუქცია. მხატვარი ნიკო ფიროსმანი, შესრულებულია 1913 წელს.

და მარტოხელა, სევდიანად და რაღაცნაირად ფარული იმედით მზირალი ჟირაფი? ისე იყურებოდა, თითქოს ეიმედებოდა, რომ თუნდაც სიზმარში, მაგრამ მაინც შევძლებდი მისი სანუკვარი ოცნების ასრულებას, რომელიც ოდესღაც, უძველეს დროს ჩაეთქვა.

ასე მგონია, რომ სწორედ ეს „სიბრძნისა და ბავშვობის ნარევი“ — როგორც ფიროსმანს პოეტმა სმელიაკოვმა უწოდა — და კიდევ ის მუსიკა, რომელიც თან მახლდა საქართველოში მოგზაურობისას, არის კიდეც ამ ქვეყანაზე დაგროვილი შთაბეჭდილებების გასაღები.

თემები:
უცხოელის თვალით დანახული საქართველო (41)

მთავარი თემები