17:48 21 ოქტომბერი 2017
პირდაპირი ეთერი
დანარა კურმანოვა

მე ვარ უცხოელი?! თბილისი დიდი ხანია ჩემი მეორე სამშობლო გახდა

© Sputnik / Levan Avlabreli
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
უცხოელის თვალით დანახული საქართველო (62)
1011241

Sputnik-ის პროექტი „უცხოელის თვალით დანახული საქართველო“ ყაზახ დანარა კურმანოვას გაგაცნობთ, რომელიც მკითხველს საქართველოში თავისი ცხოვრების ისტორიას უზიარებს.

დანარა კურმანოვა ჟურნალისტია. მას საქართველო ჯერ კიდევ ბავშვობაში შეუყვარდა და მის მონახულებაზე ოცნებობდა. შემთხვევით თბილისში აღმოჩნდა და მიხვდა, რომ აქ ცხოვრება სურდა… და დარჩა. საქართველოს შესახებ წერა მისი საყვარელი თემაა, თბილისი — მისი შთაგონების წყარო. ის სხვადასხვა უცხოურ გამოცემებთან თანამშრომლობს, საქართველოს კულტურულ და სოციალურ ცხოვრებას აშუქებს. ქართული კულტურის შესახებ გამოქვეყნებული პუბლიკაციების წყალობით დანარამ რამდენიმე საერთაშორისო პრემია მიიღო, ახლა კი „ამიერკავკასიის მედიასივრცის“ თემაზე დისერტაციას წერს.

ერთი ღამის ისტორია

საქართველოს შესახებ ბავშვობიდან მქონდა გაგონილი. ყაზახეთში ბევრი ქართველი ცხოვრობს, მათი კულტურა ჩვენთვის ახლობელია. ყველაზე მეტად ფილმები მომწონდა. მახსოვს, ვუყურებდი და ვფიქრობდი: როგორ უნდა მოიგონო ასეთი კოლორიტული და გემრიელი, მხიარული და სევდიანი ამბებით სავსე ისტორიები? ახლა კი, როდესაც ჩემს აქაურ ცხოვრებას ვაანალიზებ, ვხვდები, რომ ეს სცენარები რეალურია, ჩემი ყოველდღიურობაც ხომ ძალიან ხშირად კინოს ჰგავს. საქართველო ყველაფერში კინემატოგრაფიულია – ბუნებაში, არქიტექტურაში, ყოფაში, ასე რომ, ეს გასაკვირი არ არის.

დავიწყოთ იმით, რომ თბილისში შემთხვევით აღმოვჩნდი — სემინარზე მომიწვიეს. ვიფიქრე, მშვენიერია, ზაფხულია, მე კი ვმუშაობ და დასვენების იდეალური შესაძლებლობა მექნება. ეს ხომ საქართველოა, სამხრეთი, მზე, სტუმართმოყვარეობა და გემრიელი კერძები!

საქართველოზე პირველი შთაბეჭდილება არცთუ სასიამოვნო გამოდგა. ისე მოხდა, რომ პირველივე ღამეს გასათევი ადგილი ვერ ვიპოვე. ორგანიზაციულმა მომენტებმა მიმტყუნეს. ჰოსტელში ვერ დავრჩი, ლარზე ვალუტის გადაცვლა ვერ მოვახერხე, ტელეფონიც დამიჯდა, ერთი სიტყვით, ღამით ქუჩაში აღმოვჩნდი. ესეც შენი სტუმართმოყვარეობა, ვფიქრობდი… 

ჟურნალისტი დანარა კურმანოვა
ჟურნალისტი დანარა კურმანოვა

ვბორიალობდი მაშინ ჯერ კიდევ ჩემთვის უცნობი ქალაქის ქუჩებში. ყველგან ლამპიონები ენთო, ლამაზი გარემო იყო, თუმცა თავს მარტოსულად ვგრძნობდი. უძილო ღამე მელოდა. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ ღამის გათევა რომელიმე პარკში გადავწყვიტე, რადგან საკმაოდ თბილოდა.

ღამე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი გამოდგა. გადავწყვიტე ალიონს სოფიკო ჭიაურელის პარკში შევხვედროდი. მოვკალათდი სკამზე, ფიქრებში ჩავიძირე და უცებ ვიღაც მიყვირის: „გოგონა, ეს ჩემი ადგილია — აქ მე მძინავს!“

თავიდან შემეშინდა, მერე კი გაკვირვებამ და გაოცებამ მომიცვა. ღმერთო ჩემო, ღამის ორ საათზე სკვერში ეს ადგილი ვის სჭირდება? მხოლოდ იმას ვფიქრობდი: „სად ჩამოვედი?“ მაგრამ გამოსავალი არ მქონდა და ამ ადამიანს მისი „კანონიერი ადგილი“ დავუთმე.

ყველაფერი არც ისე საშიში აღმოჩნდა. ჩვენ საუბარი დავიწყეთ, აღმოჩნდა, რომ ეს ძალიან განათლებული და ნაკითხი ადამიანი იყო. მთელი ღამე რუსი პოეტების ლექსებს მიკითხავდა, სხვადასხვა ისტორიებს მიყვებოდა, ომარ ხაიამს ციტირებდა. მე კი იმის შესახებ ვუყვებოდი, თუ როგორ მიყვარს საქართველო და აქ რატომ ჩამოვედი. ერთი სიტყვით, სოფიკო ჭიაურელთან და უსახლკარო ადამიანთან ერთად ასეთი საინტერესო ღამე მქონდა. 

ჟურნალისტი დანარა კურმანოვა
© Sputnik / Levan Avlabreli
ჟურნალისტი დანარა კურმანოვა

გაცოცხლებული სურათები

ჩემი სიყვარული საქართველოს მიმართ თანდათანობით იზრდებოდა. თავიდან მოვინახულე ძველი ქალაქი, მუზეუმები, ბოტანიკური ბაღი. თვალწინ სურათები ცოცხლდებოდა. ჩემი თვალით ვნახე ყველაფერი ის, რაზეც მქონდა წაკითხული და კინოში მენახა. მანამდე მეგონა, რომ დრო იცვლება, ეპოქა მიდის და ხელოვნებაში არსებული თბილისი რეალობაში უკვე აღარ არსებობს. გამიხარდა, რომ სხვაგვარად აღმოჩნდა — ქალაქი ისეთივე კოლორიტულია, როგორიც ბავშვობაში ტელევიზორის ეკრანიდან მეჩვენებოდა. ხშირად ისე ხდება, როდესაც ადამიანი ბავშვობისდროინდელ მოგონებას ხვდება, ის გაცილებით უფრო ფერმკრთალი გეჩვენება, ვიდრე ოდესღაც წარმოსახვაში იყო. თბილისში ყველაფერი იმდენად საოცარი, კაშკაშა და ფერადი იყო, რომ შთაბეჭდილება მექმნებოდა, თითქოს საბავშვო წიგნი მიჭირავს და მისი გადაფურცვლისას ჩემ წინაშე ბავშვობის ფილმების ნაწყვეტები და სურათები იშლება. ძველი თბილისი ჩემ თვალწინ ცოცხლდებოდა, წიგნებიდან სცენები მახსენდებოდა, თვალწინ სხვადასხვა სურათები წარმომიდგებოდა.

ყველაფერი, რაც საბჭოთა ქართულ ფილმებში იყო ნაჩვენები, რეალობა აღმოჩნდა. მაგალითად, ემოციური საუბრის მანერა. თავიდან, სანამ ქართულს ვისწავლიდი, სულ მეგონა, რომ ირგვლივ ყველა ყვირის და ჩხუბობს. ახლა, როდესაც ქართულად ვსაუბრობ, მეც ისეთივე ემოციური ვარ. თუ მეგობრები მისმენენ, რომლებმაც ქართული არ იციან, გაკვირვებით მეკითხებიან, ასე ემოციურად ვის ვეჩხუბები… 

ჟურნალისტი დანარა კურმანოვა
ჟურნალისტი დანარა კურმანოვა

ქართული ენა რუსთაველის თეატრის წყალობით ვისწავლე. კახი კავსაძე ბავშვობიდან ჩემი საყვარელი მსახიობია, ერთხელ თეატრთან აღმოვჩნდი და სპექტაკლის აფიშა დავინახე მისი სურათით. იქ კახი კავსაძე არლეკინოს როლშია. დავიწყე ფიქრი — ნამდვილად ის არის თუ არა. მინდოდა თეატრში დამეზუსტებინა, დაცვა კი მხოლოდ ქართულად ლაპარაკობდა.  

იმ დროს ენა უკვე ცოტათი ვიცოდი, მაგრამ საუბრის მრცხვენოდა. გადავლახე მორცხვობა და ვთქვი: „დილა მშვიდობისა. აქ მართლა კახი კავსაძე თამაშობს?“ დაცვა შოკში იყო, რუსთველის თეატრის დირექტორს გიორგი თევზაძესაც კი დაუძახა. „გია, იქ ვიღაც ჩინელმა ქალმა ქართული იცის და კახის იცნობს!“ გიამ არანაკლებ გაიკვირვა და კაბინეტში მიმიწვია. ამ ნაცნობობის შედეგია სტატიები რუსთაველის თეატრის შესახებ. სპექტაკლების ყურებისას ენა ვისწავლე. კახი კავსაძესთან კი ინტერვიუების მთელი სერია გამოვიდა, დღეს ჩვენ ოჯახებით ვმეგობრობთ.

ცხოვრების წვრილმანები

საქართველოს მონუსხული ვტოვებდი. აეროპორტიდანვე დედას შეტყობინება გავუგზავნე: „აქ მინდა ცხოვრება!“ მაგრამ მალე გადმოსვლა არ შემეძლო. ჩემს თავს ვეკითხებოდი: ეს ის სურვილია, როდესაც ამ ქალაქში მთელი დროის გატარება ნამდვილად გინდა, თუ უბრალოდ ტურისტის აღტაცებაა? პასუხი ნათელი იყო: თბილისი — ჩემი ქალაქია. 

ჟურნალისტი დანარა კურმანოვა
© Sputnik / Levan Avlabreli
ჟურნალისტი დანარა კურმანოვა

თავიდან ორ ქვეყანაში ვცხოვრობდი, და თბილისის ყოფა ყოველთვის მაკვირვებდა. მოგვიანებით მივხვდი: საქართველოში ყველაფერი პირიქით არის. მაშინ ეს ხუმრობა მეგონა — ინტერვიუს ჩაწერაზე ვუთანხმდები და რესპონდენტი ადრე მისვლას მთხოვს, დილის 11 საათზე. ყაზახეთში ადრე — დილის 5 საათს ნიშნავს! აქ კი ყველაფერი 11-ზე იწყება, და ყველა ყველაფერს ასწრებს. და იტალიური ეზო? როგორც მჩვეოდა, ჭიშკარს გულდაგულ ვკეტავდი. მეზობლებს უკვირდათ: რატომ? იქნებ ვინმეს სტუმრად მოსვლა უნდა? ჩვევების შეცვლა მომიწია.

ჩემი მრავალი შინაგანი ცვლილების მიზეზი საქართველოა. სოლოლაკში ცხოვრებისას უფრო მშვიდი და გახსნილი გავხდი. აქ სიმყუდროვეა, ყველას იცნობ, დილას ყავით ვიწყებდი, ბაზარში ნატურალური პროდუქტების საყიდლად მივდიოდი, მერე კი ტერასაზე ვიჯექი და სტატიებს ვწერდი. დამეთანხმეთ, იდეალურად ჟღერს! ჰო, მართლა, ბაზრის წყალობით კერძების მომზადება შემიყვარდა. აქ კულინარიის მთელ არსს ჩავწვდი: ბაზრის რიგებში დადიხარ, ყიდულობ ყველს, რომლიდანაც რძე ჟონავს. ხსნი სუნელებს და სამზარეულოში არაჩვეულებრივი სურნელი იფრქვევა!

სამსახურის შესახებ

პროფესიით ჟურნალისტი ვარ. რითიც არის კარგი ჩემი პროფესია — ყველაფრის მოყოლა შემიძლია, რაც ამ ქვეყანაში მომწონს. გამიმართლა, რომ იმ დროს საქართველოს მიმართ ტურისტების ინტერესი გაჩნდა. არ მეგონა, რომ ჩემ ჩანაწერებზე პრესაში ასეთი მოთხოვნა ექნებოდათ — გაზეთისთვის ნარკვევის დაწერა შემომთავაზეს, მკითხველს მოეწონა და ეს შემდეგაც გაგრძელდა.

ახლა საქართველოს შესახებ უცხოურ საინფორმაციო საშუალებებში არსებული სტატიების უმეტესობა მინი-გზამკვლევს ჰგავს: სად რას ნახავთ ან შეჭამთ… მე სხვა ნიშა ავირჩიე. გამოჩენილ ქართველებთან საუბრები, ქართული რეგიონების შესახებ მოთხრობები, რომლებიც ჟურნალებისთვის არის ადაპტირებული. ვწერ ყაზახური და რუსული გამოცემებისთვის თემაზე „ამიერკავკასიის მედიასივრცე“. 

ჟურნალისტი დანარა კურმანოვა
ჟურნალისტი დანარა კურმანოვა

საქართველოს შესახებ ჩემი სტატიების პირველი ციკლი ქვეყანაში მოგზაურობას მიეძღვნა. ვყვებოდი იმის შესახებ, რასაც აქ ვხედავდი. მომწონდა წერა თბილისზე, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებზე, ღირსშესანიშნაობებსა და არქიტექტურის ძეგლებზე. მერე სამზარეულოსა და მეღვინეობის შესახებ ვწერდი, შემდეგ კი იყო პროექტები ქართული კინემატოგრაფიისა და თეატრის შესახებ…

მომწონს საქართველოს შესახებ მხოლოდ კარგის წერა. ხშირად კრიტიკას ვაწყდები: თქვენ ყოველთვის მხოლოდ კარგს ხედავთ, ასე კი არ ხდება, ნამდვილ საქართველოს არ იცნობთ, იმიტომ რომ უცხოელი ხართ! რა მეთქმის: ჩემ ქართულ ცხოვრებაში ბევრი რამაც გადამხდა, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ჩემი წუწუნი რამეს შეცვლის, კარგის დანახვა კი ნამდვილი ხელოვნებაა.

სასაცილოა, მაგრამ რამდენჯერაც ჩემი მისამართით სიტყვა „უცხოელი“ მესმის, გულწრფელად მიკვირს: ვინ არის უცხოელი, მე?! თბილისი დიდი ხანია ჩემი მეორე სამშობლო გახდა. ნამდვილ ქართულ სახლზეც კი ვოცნებობ — ბაღით, კედლებზე ასული ვაზით, ჩუქურთმიანი აივნით. ვინ იცის, იქნებ ამისრულდეს!..

თემები:
უცხოელის თვალით დანახული საქართველო (62)

მთავარი თემები