ნამრატა კინი: თბილისი ულამაზესი ქალაქია, მაგრამ ერთი რამ მაინც არ მომეწონა...

© photo: Sputnik / Levan Avlabreliნამრატა კინი
ნამრატა კინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
არ მომეწონა, რომ ძველ თბილისში თანამედროვე შენობა-ნაგებობებია „შეთქვეფილი“. თუნდაც რიყის პარკი ავიღოთ, რომელიც ძალიან ამერიკულად გამოიყურება. ჩემი აზრით, საერთოდ არ უხდება იქაურობას. Sputnik-ის პროექტი „უცხოელის თვალით დანახული საქართველო“ ინდოელ არქეოლოგს ნამრატა კინს გაგაცნობთ.

ნამრატა საქართველოში წელს პირველად ჩამოვიდა გრაკლიანის გორაზე არქეოლოგიურ გათხრებში მონაწილეობის მისაღებად, სადაც ერთი წლის წინ უნიკალური წარწერა აღმოაჩინეს, რომელიც ამერიკელმა მეცნიერებმა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1005-920 წლებით დაათარიღეს.

გრაკლიანის გორაზე

ინდოელი ვარ, მაგრამ უკვე ხუთი წელია გერმანიაში ვცხოვრობ. კლასიკური არქეოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატი იქ დავამთავრე და მაგისტრატურაში შევედი. უნდა გითხრათ, რომ რასაც აქ ვაკეთებ, იმას ჩემ ფაკულტეტთან საერთო არაფერი აქვს. კლასიკური არქეოლოგია — ეს ძველი საბერძნეთისა და რომის შემსწავლელი მეცნიერებაა.

საქართველომ ბევრით გამაოცა. უნდა გამოვტყდე: სანამ აქ ჩამოვიდოდი, საერთოდ არ ვიცოდი, რა იყო გრაკლიანი და სად მდებარეობდა. ეს ჩემი პირველი გათხრები იყო და ამიტომ თავიდან ისეთი შეგრძნება მქონდა, როგორიც სათამაშოების მაღაზიაში შესულ ბავშვს ეუფლება.

სწორედ აქ, გრაკლიანის გათხრებზე ვისწავლე, როგორ იწყება და სრულდება ეს პროცესი, ანუ სამი კვირის განმავლობაში გათხრების ყველა ეტაპი ვნახე.

© Levan Avlabreli იგოეთის გათხრები
იგოეთის გათხრები - Sputnik საქართველო
იგოეთის გათხრები

კიდევ ძალიან ბევრ ნიჭიერ არქეოლოგს შევხვდი. პროფესორმა ვახტანგ ლიჩელმა კი, რომელიც გრაკლიანის გათხრებს ხელმძღვანელობს, საერთოდ აღმაფრთოვანა. ის თავის სტუდენტებთან ერთად მუშაობს იქ და ამ ბაკალავრიატდაუმთავრებელმა გოგო-ბიჭებმა უფრო მეტი იციან, ვიდრე ნებისმიერმა მაგისტრმა გერმანიაში.

გერმანიაში არქეოლოგიის მაგისტრი შეგიძლია ისე გახდე, ერთხელაც არ იყო ნამყოფი გათხრებზე. მხოლოდ ბიბლიოთეკაში სიარული და გულმოდგინედ სწავლა მოგეთხოვება. ახლაღა ვხვდები, რომ ეს სწორი მიდგომა არ არის და, იცით, რას ჰგავს? აი, სადილების კეთების სწავლისას მხოლოდ რეცეპტების გაზეპირებით რომ შემოიფარგლო.

წიგნის წაკითხვა იოლია, წაკითხულის პრაქტიკაში გამოყენება კი რთული, მით უმეტეს, თუ ამას პირველად აკეთებ.

ამ გათხრებზე ყველა დონის სტუდენტი მუშაობს — დაწყებული პირველკურსელით და გასრულებული მაგისტრით. მე, მაგალითად, მასწავლეს, როგორ უნდა მეჭიროს ფუნჯი, როგორ უნდა გავწმინდო კერამიკის ნატეხი… არადა, აქამდე არტეფაქტი ხელში არც მჭერია.

© Levan Avlabreli ნამრატა კინი
ნამრატა კინი - Sputnik საქართველო
ნამრატა კინი

თავი იდიოტი მეგონა, პირველკურსელები მასწავლიდნენ, როგორ უნდა მევლო ველზე, როგორ ამომეღო მიწის ფენიდან არტეფაქტის ნატეხი და როგორ დამედგინა, რომელ საუკუნეს მიეკუთვნებოდა იგი.
ეს სტუდენტები გათხრებზე ფასდაუდებელ გამოცდილებას იძენენ. ასეთი შანსი მე ევროპაში არ მქონია.

საქართველო — საინტერესო ქვეყანა

ჩამოვედი და უფლისციხეში წაგვიყვანეს. იქაურობამ სულით ხორცამდე შემძრა — ეს ულამაზესი და გასაოცარი ბუნება და გამოქვაბულებია. დადიხარ და თითქოს საუკუნეების წინანდელი ადამიანების ცხოვრებას ხედავ: როგორ აშენებდნენ, რა სიძნელეები ხვდებოდათ… ფანტაზია არქეოლოგისთვის მნიშვნელოვანია.

თბილისი? ეს ულამაზესი ქალაქია, მაგრამ ერთი რამ მაინც არ მომეწონა, თანაც ძალიან… არ მომეწონა, რომ ძველ თბილისში თანამედროვე შენობა-ნაგებობებია „შეთქვეფილი“. თუნდაც რიყის პარკი ავიღოთ, რომელიც ძალიან ამერიკულად გამოიყურება. ჩემი აზრით, საერთოდ არ უხდება იქაურობას. თუმცა, ეს ჩემი საქმე არ არის, უბრალოდ, ჩვეულებრივი ტურისტის აზრს გიმხელთ.

© Levan Avlabreliნამრატა კინი
ნამრატა კინი - Sputnik საქართველო
ნამრატა კინი

მომწონს, რომ საქართველოში ბევრი რამის სწავლა შეიძლება. ძალიან დამაინტერესა ფოთთან მიმდინარე გათხრებმა, სადაც ძველბერძნულ ქალაქ ფაზისს ეძებენ. მალე მეც შევუერთდები იქაურ სამუშაოებს და ეს უკვე ნამდვილად ახლოს იქნება ჩემ პროფესიასთან, შესაბამისად, ორმაგად საინტერესოც. თუმცა ბოლომდე მაინც არ მესმის, რა შეიძლება იყოს ჩემ პირველ გათხრებზე უფრო საინტერესო?!

ინდოეთი, საქართველო და შაქარი

გავოგნდი! თურმე საქართველოში ჩემ სამშობლოს იცნობენ. შოკში ჩავვარდი, როცა ბატონმა ვახტანგმა პირველივე „სუფრობისას“ Mera Joota Hai Japana იმღერა. ადგილზე გავშეშდი!  მერე კი, როცა მითხრა, ეს სიმღერა საქართველოში ლამის ყველა მეორემ იცისო, საერთოდ მომცელა — სიტყვა წამერთვა, ისეთი შთამბეჭდავი იყო ეს ამბავი.

სხვათა შორის, ქართულში ბევრია ისეთი სიტყვა, რომლებიც ინდურს ჰგავს. აი, მაგალითად, „შაქარი“, „მურაბა“ და ბევრი სხვაც.

ცხოვრების წესითაც ჰგავს ჩემი და თქვენი ქვეყანა ერთმანეთს. ჩვენშიც ბევრი სოფელია, ისევე მიუხედავი, როგორც აქ, კვების პროდუქტები იქაც ნატურალურია და გემრიელი…

გერმანიას თუ შევადარებთ, იქ სოფლები პატარა ქალაქებს ჰგავს, სრულყოფილი ინფრასტრუქტურით, მაგრამ ბუნებასთან ზიარების წართმეული შანსით. ინდოეთში კი უზარმაზარ ქალაქში, მუმბაიში ვცხოვრობ და ველური ბუნება მთელი სიდიადით აქ, საქართველოში ვნახე პირველად…

უკან აუცილებლად დავბრუნდები! ისევ ვიმუშავებ პროფესორ ლიჩელთან და ისევ ვიგრძნობ თავს ისე, თითქოს სახლიდან ათასობით კილომეტრით დაშორებული, მაინც შინ ვიყო.

ყველა ახალი ამბავი
0