კინო თბილისში: რა ვნახოთ 7-10 ივლისს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliკინოაფიშა
კინოაფიშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავი ახალ მელოდრამაში, გიჟური კომედია სუპერჯაშუშებზე და მომხიბლავი ბლეიკ ლაივლის ბრძოლა ზვიგენთან - „Sputnik საქართველო“ განაგრძობს ყველაზე საინტერესო კინოპრემიერებისა და ფილმების მიმოხილვას, რომლებიც თბილისელმა კინომანებმა არ უნდა გამოტოვონ.

7 ივლისიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი ფილმების პრემიერები გაიმართება:

 „შენთან შეხვედრამდე (Me Before You) რეჟისორ თეა შეროკის ამერიკული რომანტიკული ფილმია ჯოჯო მოიესის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. ფილმის სიუჟეტით, ახალგაზრდა გოგონა ლუ სამსახურს დაკარგავს და თანხმდება, უბედური შემთხვევის შედეგად პარალიზებულ ახალგაზრდა მამაკაცს მოუაროს. მოულოდნელად, ახალგაზრდებს შორის ჯერ მეგობრული, ხოლო შემდეგ რომანტიკული ურთიერთობები იწყება. მთავარ როლს ტელესერიალ „სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავი ემილია კლარკი ასრულებს.

 „ერთნახევარი ჯაშუში“ (Central Intelligence) — რეჟისორ როუსონ მარშალ ტერბერის ამერიკული კომედია დუეინ ჯონსონისა და კევინ ჰარტის მონაწილეობით. ბობ სტოუნი — წარსულში კრემიანი ფუნთუშების მოყვარული და სკოლაში დაცინვის ობიექტი, ხოლო დღეს — კუნთიანი ლამაზმანი და სუპერჯაშუშია. სტოუნი თავის ძველ სკოლის მეგობარ ბუღალტერ კელვინს უკავშირდება და მას მსოფლიოს გადარჩენის ავანტიურულ ოპერაციაში ჩართვას სთავაზობს. მეგობრებს მრავალი თავგადასავალი ელოდებათ წინ.

 „სისხლიანი ნაპირი“ (The Shallows) — რეჟისორ ჟაუმე კოლიეტ-სერას კამერულ-დრამატული ტრილერია. უკიდეგანო ოკეანე, უკაცრიელი პლაჟი და იდეალური ამინდი სერფინგისტებისთვის. თითქოს არაფერი ემუქრება სერფინგის ახალგაზრდა მოყვარულს, მაგრამ ის გიგანტურ ზვიგენს პირისპირ ხვდება. ზვიგენი სპორტსმენ გოგონას ქვიშიან სანაპიროზე მოიმწყვდევს და არ იხევს უკან, სანამ თავისას არ მიიღებს. მთავარ როლს მომხიბლავი ბლეიკ ლაივლი ასრულებს.

გასული კვირიდან ქართულ კინოგაქირავებაშია „დიდი და კეთილი გოლიათი“ (The BFG) — რეჟისორისა და პროდიუსერის სტივენ სპილბერგის ამერიკული ოჯახური სათავგადასავლო ფილმი რონალდ დალის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით, ფანტასტიკური ბოევიკი „დამოუკიდებლობის დღე: აღორძინება“ (Independence Day: Resurgence), რომელშიც მთავარ როლებს ასრულებენ ლიამ ჰემსვორტი და ჯეფ გოლდბლუმი; ასევე ნიკოლას სტოლერის კომედია „მეზობლები: ომის ბილიკზე 2“ (Neighbors 2: Sorority Rising).

უკვე თბილისის კინოთეატრებშია რეჟისორ ჯეიმს ვანის საშინელებათა ფილმი „წყევლა 2“ (The Conjuring 2), დრამა  „ნგრევა“ (Demolition).

უქმეებზე თბილისში ასევე შეგიძლიათ ნახოთ ჯონ მ. ჩუს ამერიკული ტრილერი „სიცრუის ილუზია 2“ (Now You See Me 2), კრიმინალური დრამა „ფინანსური მონსტრი“ (Money Monster) და სათავგადასავლო ფილმი-ფენტეზი „ვარკრაფტი“ (Warcraft).
კინო ბავშვებისა და მოზარდთათვის: 3D ანიმაციური ფილმი „დორის ძიებაში“ (Finding Dory), „კუ–ნინძა 2“ (Teenage Mutant Ninja Turtles: Out of the Shadows), „ალისა სარკის მიღმა“ (Alice Through the Looking Glass) და „ბრაზიანი ჩიტები კინოში“ (The Angry Birds Movie).

სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!

ყველა ახალი ამბავი
0