ვიქტორია გეროცკაია: უკრაინელი ჟურნალისტიდან თბილისელ კონდიტერამდე

© photo: Sputnik / Denis Aslanovვიქტორია გეროცკაია
ვიქტორია გეროცკაია - Sputnik საქართველო
გამოწერა

ვიქტორია გეროცკაია Sputnik–ის მკითხველს უამბობს, როგორ დატოვა ჟურნალისტის წარმატებული კარიერა უკრაინაში, როგორ ჩამოვიდა საქართველოში ძვირფას ადამიანთან და როგორ დაიწყო ნულიდან ოცნების საქმე.

ვიქტორია უკრაინის რეგიონულ ტელევიზიაში მუშაობდა და პერსპექტიულ ჟურნალისტადაც მიიჩნეოდა. დღეს ის ცნობილი თბილისელი კონდიტერი, ბედნიერი დედა და საყვარელი მეუღლეა.

— სამშობლოში, დონეცკში საოლქო ტელევიზიის ახალი ამბების განყოფილების შეფ–რედაქტორი ვიყავი, დიდხანს მივდიოდი ამისკენ და ბევრს ვშრომობდი. და როცა მიზანს მივაღწიე, საქართველოდან ჩამოსულმა ქართველმა მთხოვა ხელი. გავაცნობიერე, რომ ის უკრაინაში ვერ იცხოვრებდა, მე კი პირიქით, მინდოდა საქართველოში გადმოსვლა. მე მენტალურად ძალიან ვგავარ კავკასიელს, თავად კაზაკი ვარ. და ამიტომ ძალიან იოლად გადავწყვიტე ყველაფრის შეცვლა. მჯეროდა, რომ საქართველოში ბედნიერი ვიქნებოდი. და 2007 წელს ჩამოვედი.

რით უნდა დამეწყო საქართველოში ცხოვრება? ვიფიქრე, რომ ენა უნდა მესწავლა. ჯერ კიდევ უკრაინაში ვიყავი, როცა ქართულის სწავლა თვითმასწავლებლის დახმარებით დავიწყე. შინ საყოფაცხოვრებო დონეზე ენის ათვისებაში ქმარი, ლევან ბაქრაძე მეხმარებოდა, კიდევ მეზობლები და ნაცნობები. რაღა თქმა უნდა, გამიჭირდა, მაგრამ მოთმინებამ და სიჯიუტემ თავისი გაიტანა. ძალიან მნიშვნელოვანია, იცოდე იმ ქვეყნის ენა, სადაც ცხოვრობ.

დროთა განმავლობაში სამსახურის საკითხი წამოიჭრა. უკრაინაში ვფიქრობდი, რომ პროფესიის მიხედვით სამსახურის შოვნა არ გამიჭირდებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასე მარტივადაც არ იყო საქმე. ტელევიზია აქ სხვა ფორმატისაა. გაზეთში მუშაობა არსებითად განსხვავდება იმისგან, რასაც სამშობლოში ვაკეთებდი და თანაც, ხელფასები აქ დაბალია. მივხვდი, რომ ასე ძალიანაც ვერ გადავიკეთებდი თავს და რედაქციებში სიარული შევწყვიტე.

თუმცა წერის სურვილი არსად გამქრალა. ჰოდა, საკუთარი ბლოგის შექმნა გადავწყვიტე. ბევრს ვკითხულობდი კულინარიაზე, ვწერდი, ფოტოებს ვაქვეყნებდი, რეცეპტებს ვუზიარებდი ხალხს. დროთა განმავლობაში კი მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ჩემია, რომ აქაც ვიპოვიდი თავს. სადილების კეთება და ცხობა ბავშვობიდან მიყვარდა — დედამ მიმაჩვია.

© Sputnik/ Denis Aslanovვიქტორია გეროცკაია და მისი ტორტი
ვიქტორია გეროცკაია და მისი ტორტი  - Sputnik საქართველო
ვიქტორია გეროცკაია და მისი ტორტი

ერთხელაც თავში პატარა მაღაზიის გახსნის იდეა მომივიდა — საკუთარი ხელით დამზადებული ბლითების, „ვარენიკების“, სხვადასხვა ნახევარფაბრიკატების მაღაზიისა. თავიდან მარტო ვმუშაობდი, თან პატარა ბავშვი მყავდა და ძალიან მიჭირდა. მერე ბრუნვამ თანდათან იმატა და დამხმარეები დამჭირდა, მაგრამ მათი მოძებნა იოლი არ გამოდგა.

ვინც კი სამსახურში მივიღე, ყველა არაპროფესიონალი გამოდგა და პროდუქციის ხარისხი დაეცა, ბიზნესმა, ფაქტობრივად, ჩავარდნა დაიწყო. როცა საკუთარი ბრენდის დონე ეცემა, სჯობს ბიზნესი დახურო. ასეც მოვიქეცი. გადავწყვიტე, ბავშვი წამოიზრდება და მერე აღვადგენ საქმეს–მეთქი. ცხობით კი მხოლოდ ოჯახისთვის ვაცხობდი: შაქრის ფიგურებით განსაკუთრებულად გაფორმებულ ტორტებს, კექსებს… ფოტოებს ვუღებდი და ბლოგზე ვაქვეყნებდი.

ერთხელაც ვიღაცამ მომწერა, ტორტი გამომიცხვეო — შეკვეთა მომცა. დიდხანს ვუარობდი, ოღონდ იმიტომ კი არა, რომ მეზარებოდა ან არ მინდოდა, უბრალოდ, შესაძლებლობა არ მქონდა. თანაც ტორტის შეკვეთის აღება — ეს დიდი პასუხისმგებლობაა. მაგრამ მერე მაინც მოვკიდე საქმეს ხელის და არც მინანია. დროთა განმავლობაში ამ ადამიანს დავუმეგობრდი და მანაც მეუღლესთან ერთად სტუმრად დამპატიჟა.

© Sputnik/ Denis Aslanovვიქტორია გეროცკაიას ფანტაზიის ნაყოფი
ვიქტორია გეროცკაიას ფანტაზიის ნაყოფი  - Sputnik საქართველო
ვიქტორია გეროცკაიას ფანტაზიის ნაყოფი

ჩემთვის მოულოდნელად, მან უანგაროდ დახმარება გადაწყვიტა და სპეციალური მაცივარი და ღუმელი მაჩუქა. ამიხსნა, ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ შენში დიდ პოტენციალს ვხედავო. მერეღა გავარკვიე, რომ ეს ქართველი მაღალჩინოსანი იყო, რომელიც მთელი ხუთი წლის განმავლობაში ბიზნეს–გეგმებს ადგენდა ინგლისური ორგანიზაციებისთვის ლონდონში. სწორედ ის დამეხმარა ბიზნესის სტრატეგიის შემუშავებაში, მიმითითა, რა შეიძლებოდა წარმატებით გამეთამაშებინა, გამუდმებულ კონსულტაციებს მიწევდა. მოკლედ, ჩემი მფარველი ანგელოზი გახდა ბიზნესში.

აი, ასე დავიწყე ტორტების ცხობა შეკვეთით. ჩემი „ფიშკა“ სწორედ ტორტების გაფორმება იყო — ინდივიდუალური გაფორმება. ტორტის ცხობა ჩემთვის შემოქმედებაა. თითოეული კლიენტისთვის ექსკლუზიური დიზაინის შექმნა, ტორტის მოხატვა და „გამოძერწვა“ იოლი საქმე არ არის. თავიდან ყველაფერს შინ ვაკეთებდი. საოცარია, მაგრამ პრაქტიკულად საქმის დაწყების დღიდან ბევრი შეკვეთა მქონდა.

რა თქმა უნდა, დიდი დრო დამჭირდა ცხოვრების ასეთ ტემპთან შესაგუებლად. დღეს ვეღარც კი ვხვდები, თავის დროზე მხოლოდ კბილის ჩხირებითა და თითებით როგორ ვრთავდი ტორტებს. არც კი ვიცოდი, რომ არსებობს შაქრის „მასტიკა“, რომლისგანაც ფიგურები კეთდება. მე კიდევ ყველაფერს წელვადი „მასტიკისგან“ ვაკეთებდი. არადა ჩემი სკულპტორი ნინო კლდიაშვილი, რომელიც თავისუფალ ინსტიტუტთან არსებულ კულინარიის აკადემიაში ძერწვას ასწავლის, ამბობს, რომ ეს შეუძლებელია… დიახ, ადამიანს პრაქტიკულად ყველაფრის გაკეთება შეუძლია, თუ რამე მართლა სურს. ხანდახან თავად ვუყენებთ საკუთარ თავს ბარიერებს ჩვენივე აზრებით.

© Sputnik/ Denis Aslanovვიქტორია გეროცკასიასთან ასეთი ფორმის ტორტებსაც აცხობენ
ვიქტორია გეროცკასიასთან ასეთი ფორმის ტორტებსაც აცხობენ   - Sputnik საქართველო
ვიქტორია გეროცკასიასთან ასეთი ფორმის ტორტებსაც აცხობენ

ჩემი წარმატების ძირითადი საიდუმლო — საქმის სიყვარულია. ისეც მომხდარა, რომ დღედაღამ მიმუშავია. სულ „სახელოსნოში“ ვარ —  ნატურით ძალიან შრომისმოყვარე ვარ.

ბევრი სხვადასხვა ტიპის შეკვეთა გვაქვს. ძალიან საინტერესო შეკვეთები მქონდა, როცა სუპერმარკეტების მსხვილ ქსელთან ვთანამშრომლობდი. კომპანია კონკურსს ატარებდა, რომელზეც ევროპის ქვეყნების საგზურები თამაშდებოდა. დამავალეს, ტორტებზე მეჩვენებინა ეს ქვეყნები. ეს შეკვეთა გასართობიც იყო და რთულიც. აი, როგორ უნდა მეჩვენებინა, მაგალითად, პარიზი? ეიფელის კოშკის გამოძერწვა იოლი არ არის. და მეც საფრანგეთი პატარა, ტიპიური კაფეებით წარმოვადგინე. საბერძნეთი პანთეონით, იტალია — კოლიზეუმით, ინდოეთი კი ტაჯ–მაჰალით ვაჩვენე.

კიდევ ერთი საინტერესო შეკვეთა მქონდა, როცა დუბაიში გასაგზავნი ტორტი უნდა დაგვემზადებინა. პრობლემა ის იყო, რომ შემკვეთს თვითმფრინავის სალონში არაფრის შეტანის უფლება არ ჰქონდა, ყველაფერი ბარგში უნდა ჩაებარებინა. ფანტაზია ჩავრთეთ და გადავწყვიტეთ მინი–ტორტი გამოგვეცხო — სამსართულიანი და ვარდებიანი მინი–ტორტი…

© Sputnik/ Denis Aslanovვიქტორია გეროცკაიას ტორტები
ვიქტორია გეროცკაიას ტორტები - Sputnik საქართველო
1/4
ვიქტორია გეროცკაიას ტორტები
© Sputnik/ Denis Aslanovვიქტორია გეროცკაიას ტორტები
ვიქტორია გეროცკაიას ტორტები - Sputnik საქართველო
2/4
ვიქტორია გეროცკაიას ტორტები
© Sputnik/ Denis Aslanovვიქტორია გეროცკაიას ტორტები
ვიქტორია გეროცკაიას ტორტები - Sputnik საქართველო
3/4
ვიქტორია გეროცკაიას ტორტები
© Sputnik/ Denis Aslanovვიქტორია გეროცკაიას ტორტები
ვიქტორია გეროცკაიას ტორტები - Sputnik საქართველო
4/4
ვიქტორია გეროცკაიას ტორტები
1/4
ვიქტორია გეროცკაიას ტორტები
2/4
ვიქტორია გეროცკაიას ტორტები
3/4
ვიქტორია გეროცკაიას ტორტები
4/4
ვიქტორია გეროცკაიას ტორტები

ერთ–ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო იყო შეკვეთა დიზაინერ ვალენტინ იუდაშკინისთვის. ჩემმა ერთმა მუდმივმა კლიენტმა გადაწყვიტა, მისთვის რაიმე წაეღო საჩუქრად ჩვენი საკონდიტროდან. გვითხრა, რომ ვალენტინი ფაბერჟეს კვერცხებითაა დაინტერესებული და ჩვენც კვერცხის ფორმის ნამცხვარი დავამზადეთ, მოვხატეთ და მოსკოვში გავგზავნეთ.

ძალიან სახალისო შემთხვევებიც გვქონია. ერთხელ შვილიშვილებმა 80 წლის ბაბუის იუბილესთვის შეგვიკვეთეს ტორტი. მაშინვე გავიფიქრე, რაღაცნაირად დიდად უნდა დაეწეროს „80“ და ოქროსფრად დაიფეროს–მეთქი, მაგრამ… მთხოვეს, ტორტს პლაჟზე წამოწოლილი ბაბუის ფიგურა დაადგი, რომელსაც ზღვიდან აფუებულმკერდიანი გოგონები უქნევენ ხელსო! იუმორისტული და ძალიან ორიგინალური რამ კი გამოვიდა.

ჩემთან ვინც მუშაობს, თითქმის ყველა მოყვარული კულინარია. ძალიან რთულია შემოქმედებითი კულინარის მოძებნა პროფესიონალებს შორის, იმიტომ რომ ისინი ძირითადად კონსერვატორები არიან. ჩვენ კიდევ გზადაგზა ვიგონებთ და ვქმნით „ნაწარმს“. მხატვარი თუ ხარ, წესები არ უნდა არსებობდეს. ჩვენი საქმე — გამუდმებული შემოქმედება, ძიება და ფანტაზიაა. სტანდარტები არ გვაქვს, რეცეპტები არ გვაქვს — ყველა ბარიერი უნდა ილახებოდეს. შესაძლოა დროთა განმავლობაში თანდათან ჩამოვშორდე პროდუქციის დამზადების პროცესს, მენეჯმენტს მივხედო და მხოლოდ ხანდახან შევქმნა ნაწარმი. უკვე საკმაო გამოცდილება და ცოდნა მაქვს საამისოდ. ნებისმიერ შემთხვევაში, მომავალს რწმენით ვუყურებ და ზუსტად ვიცი, რომ ის საქართველოშია.

ყველა ახალი ამბავი
0