სომხური სამოციქულო ეკლესია 6 იანვარს შობასა და ნათლისღებას აღნიშნავს

© photo: Sputnikსომხური ეკლესია თბილისში
სომხური ეკლესია თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სომეხთა ეპარქიის შემადგენლობაში თბილისის, სამცხე-ჯავახეთის, აჭარისა და ქვემო ქართლის თემები და 50 მოქმედი ეკლესია შედის.

თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. სომხური სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესია 6 იანვარს ქრისტეშობასა და ნათლისღებას აღნიშნავს, საზეიმო მსახურებებთან დაკავშირებით სომხური ეკლესიის საქართველოს ეპარქია ინფორმაციას ავრცელებს. 

სომეხთა სამოციქულო ეკლესია ერთადერთია ქრისტიანულ ეკლესიებს შორის, რომელიც, უძველესი ტრადიციით, ქრისტეშობასა და ნათლისღებას ღვთისგამოცხადების საერთო სახელწოდებით ერთად აღნიშნავს.

სომეხთა ეკლესიის კალენდრის თანახმად, ქრისტეშობის წინა ერთი კვირა მარხვაა.

თბილისის სურბ ეჯმიაწინის ეკლესიაში 5 იანვარს, საღამოს 17:00 საათზე აღევლინება ჭრაგალუიცის წმინდა წირვა, რომელსაც დაესწრება საქართველოში სომხური ეპარქიის წინამძღვარი, ღირსი მამა არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი. ჭრაგალუიცის წმიდა წირვა წელიწადში ორჯერ – ქრისტეშობისა და აღდგომის დღესასწაულებზე აღევლინება.

„5 იანვრის საღამოს ყველა სომხურ ეკლესიაში აღევლინება ნათლისღების ჭრაგალუიცი და საღმრთო ლიტურგია. „ჭრაგალუიც“ ნიშნავს სანთლის დანთებას. ამ დღეს, საღამოს ეკლესიაში დანთებული სანთლები ხალხს შინ მიაქვს. ის ღვთაებრივი ნათლის, ეკლესიის კურთხევის სიმბოლოა. ჭრაგალუიცი ასევე განასახიერებს ბეთლემის ვარსკვლავის სინათლეს, რომელიც მოგვებს წარუძღვა ყრმა იესოსკენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

საშობაო წმინდა წირვა სურბ გევორგის საკათედრო ტაძარში დაიწყება 6 იანვარს, 10:30 საათზე. სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიის მწირველი იქნება საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, ღირსი მამა არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი. არქიმანდრიტ კირაკოსის საპატიო წინამძღოლობით საღმრთო ლიტურგიის დასასრულს შესრულდება წყალკურთხევის რიტუალი და ეკლესიის ჯვრის ნათლია ღირსეული სომეხი მამულიშვილი ქრისტიანი გახდება.

სომეხთა ეკლესია მიიჩნევს, რომ ქრისტე თავისივე დაბადების დღეს მოინათლა. ამასთან, ეს ტრადიცია შეიძლება დაკავშირებული იყოს ბიბლიურ შესაქმესთან, სადაც ადამიანი ღმერთმა მეექვსე დღეს შექმნა. ქრისტე ახალ ადამად, კაცობრიობის განმაახლებლად არის მოაზრებული და, შესაბამისად, მის შობას სწორედ წლის მეექვსე დღეს აღნიშნავენ. ძველი აღთქმის თანახმად, ოცდაათ წლამდე ასაკის ადამიანებს ქადაგების უფლება არ ჰქონდათ. ეკლესია ქრისტეშობასა და ნათლისღებას ერთ დღეს იმიტომ აღნიშნავდა, რომ ქრისტემ ქადაგება 30 წლისამ, ნათლობის შემდეგ დაიწყო. 

მხოლოდ სომხურმა ეკლესიამ შეინარჩუნა ქრისტეშობისა და ნათლისღების ერთ დღეს აღნიშვნის უძველესი ადათი. სხვა ეკლესიები ქრისტეშობას 25 დეკემბერს ან 7 იანვარს ზეიმობენ, ხოლო ნათლისღებას — 5 ან 19 იანვარს. 

ყველა ახალი ამბავი
0