საეკლესიო კალენდარი: 16 ივნისი

© Sputnik / Levan Avlabreliგვიანი შემოდგომა სამების ბაღში
გვიანი შემოდგომა სამების ბაღში - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2021
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია16 ივნისს მოწამეთა: ლუკილიანეს, კლავდიოსის, იპატიოსის, პავლეს, დიონისეს და პავლა ქალწულის, ასევე მღვდელმოწამეთა: ლუკიანე ეპისკოპოსის, მაქსიანე ხუცის, იულიანე დიაკონის, მარკელინეს და სატურნინეს ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოწამენი ლუკიანე და მოყვასნი მისნი: კლავდი, იპატი, პავლე, დიონისე და ქალწულმოწამე პავლა

ლუკიანე წარმართი ქურუმი იყო რომის იმპერატორ ავრელიანეს (270-275) დროს. უკვე ხანში შესული, იგი დარწმუნდა თავისი სარწმუნოების უსუსურობაში, გულით იწამა ქრისტეს მაცხოვარება და მოინათლა.

მისი ქადაგების გავლენით, მრავალი წარმართი მოექცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. იუდეველები ვერ შეურიგდნენ ქრისტიანების მომრავლებას და ნიკომიდიის გამგებელ სილვანთან დაასმინეს ლუკიანე. სილვანი შეეცადა კვლავ კერპთმსახურებისკენ მოექცია მოხუცი, მაგრამ პასუხად მტკიცე უარი მიიღო. მაშინ მისი ბრძანებით სასტიკად აწამეს ქურუმყოფილი, ყბები ჩაუმტვრიეს, კვერთხებით სცემეს, თავდაყირა დაკიდეს და საპყრობილეში გამოამწყვდიეს. აქ იგი შეხვდა ქრისტეს აღსარებისათვის დატყვევებულ ოთხ ყრმას - კლავდის, იპატის, პავლეს და დიონისეს. ლუკიანემ თავისი საუბრებით განამტკიცა ისინი. მოკლე ხანში წმიდანები სამსჯავროზე წარადგინეს და გახურებულ ქურაში ჩაყარეს, მაგრამ უეცრად ციდან წვიმა გარდამოხდა, ცეცხლი ჩააქრო და მოწამენი უვნებლად გადარჩნენ. მმართველმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა მათ და დასასჯელად ბიზანტიაში გაგზავნა, სადაც წმიდა ყრმები მახვილით დახოცეს, ლუკიანე კი ლურსმნებით მიამსჭვალეს ჯვარზე.

ატენის სიონი - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2021
საეკლესიო კალენდარი: 15 ივნისი

მოწამეთა ღვაწლის თვითმხილველი იყო წმიდა ქალწული პავლა, რომელმაც მაცხოვრის სარწმუნოებისთვის ტანჯულთა მსახურება იდო თავს. მას საჭმელი დაჰქონდა ტყვე ქრისტიანებთან, წყლულებს ჰბანდა, წამლებს აწვდიდა, მოწამეთა ცხედრებს მარხავდა. ლუკიანესა და ოთხი ყრმის აღსრულების შემდეგ იგი დაბრუნდა ნიკომიდიაში და თავისი ღვაწლი განაგრძო, რისთვისაც მალე შეიპყრეს და გახურებულ ქურაში ჩააგდეს. ღვთის ნებით ქალწული უვნებლად გადარჩა. მაშინ ისიც ბიზანტიაში გააგზავნეს და მახვილით მოკლეს.

მღვდელმოწამე ლუკიანე და მისთანა მაქსიანე ხუცესი და დიაკონი იულიანე

მღვდელმოწამე ლუკიანე, რომელსაც წარმართობაში ლუკიუსი ერქვა, რომში ცხოვრობდა. იგი პავლე მოციქულმა მოაქცია ქრისტიანულ სარწმუნოებაზე და მანვე მონათლა. მოციქულთა თავის მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ ლუკიანე ავრცელებდა ქრისტეს სწავლების ნათელს იტალიაში. ამ დროს რომში ჩამოვიდა პავლე მოციქულის მოწაფე დიონისე არეოპაგელი  წმიდა პაპმა კლიმენტიმ სთხოვა მას, თავისი ქადაგებით განემტკიცებინა დასავლეთ ქვეყნების ქრისტიანები და წარმართებშიც შეეტანა ქრისტეს ნათელი. თან გააყოლა ეპისკოპოსად ახალხელდასხმული წმიდა ლუკიანე, მაქსიანე ხუცესი, იულიანე დიაკონი, სატურნინი და მარკელინი.

წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მრავალძალში - Sputnik საქართველო, 1920, 13.06.2021
საეკლესიო კალენდარი: 13 ივნისი

იტალიიდან ჭეშმარიტების ქადაგნი გალიისკენ გაემგზავრნენ. მარკელინი თანამგზავრებთან ერთად ესპანეთში წავიდა, სატურნინი - გალიაში დარჩა. დიონისემ კი თანმხლებ პირებთან ერთად კიდით კიდემდე მოიარა პარისი, აქედან ნეტარი ლუკიანე მაქსიანთან და იულიანესთან ერთად ბელგიაში გადავიდა.

ლუკიანეს მადლმოსილმა ქადაგებამ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. წმიდა მამა მკაცრი ასკეტი იყო. ადამიანებთან ურთიერთობაში სიმშვიდით გამოირჩეოდა, მუდამ სიხარულით აღსავსე სახე ზეციური მადლით ჰქონდა გაბრწყინებული. მალე ბელგიის თითქმის მთელი მოსახლეობა გაქრისტიანდა.

იმ ხანებში რომის იმპერატორმა დომიციანემ (81-96) ქრისტიანთა დევნა დაიწყო და გამოსცა ბრძანება, სასტიკად ეწამებინათ და სიკვდილით დაესაჯათ ყველა, ვინც უარს განაცხადებდა წარმართულ მსხვერპლშეწირვაზე.

ბრძანების აღსასრულებლად ბელგიაშიც გაგზავნეს მეფის სამი კარისკაცი,  ლუკიანემ მაქსიანე ხუცესთან და დიაკონ იულიანესთან ერთად მთას შეაფარა თავი და აქედან განაგრძობდა ხალხის დამოძღვრას.

წმიდანებს იმპერატორის მეომრებმა მიაკვლიეს და სამსჯავროზე წარადგინეს. ხანმოკლე დაკითხვის შემდეგ მაქსიანეს და იულიანეს თავები წარკვეთეს.

ზესტაფონი - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2021
საეკლესიო კალენდარი: 11 ივნისი

შემდგომ მსაჯულმა ლუკიანე დაჰკითხა. მას ბრალი ედებოდა ჯადოქრობაში და იმპერატორის დაუმორჩილებლობაში. წმიდანმა უპასუხა, რომ ის ჯადოქარი კი არა, ჭეშმარიტი უფლის, იესო ქრისტეს მსახურია და ადამიანთა ხელით ქმნილი კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი განაცხადა.

მაშინ მხნე აღმსარებელი სასტიკად აწამეს. ბოლოს წმიდა მოწამეს თავი მოჰკვეთეს. მის ცხედარს ზეციური ნათელი დაადგა და გაისმა ხმა, რომელიც ახოვან მოსაგრეს ცათა სასუფევლისკენ მოუწოდებდა. ღვთის ნებით წმიდა ლუკიანე წამოდგა, მოკვეთილი თავი აიღო, მდინარე გადალახა, მივიდა იმ ადგილას, სადაც სურდა, რომ დაკრძალულიყო და მშვიდად მიიძინა საუკუნო ძილით. ამ უდიდესმა სასწაულმა 500-ზე მეტი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. შემდგომ წმიდანის საფლავზე ტაძარი აღმართეს და აქ გადმოასვენეს მაქსიანესა და იულიანეს უხრწნელი ნაწილებიც.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.


ყველა ახალი ამბავი
0