საეკლესიო კალენდარი: 17 თებერვალი

© courtesy of Heritage of Georgiaატენის სიონი
ატენის სიონი - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2021
გამოწერა
17 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებებლი ეკლესია ღირსი ევაგრეს, (VI); ღირსი ისიდორე პელუსიელის (436-440); მოწამის იადორის (III); მღვდელმოწამის აბრაამის, (344-347); ღირსის ნიკოლოზ აღმსარებელის, (868).ხსენების დღეს აღნიშნავს.

ღირსი ევაგრე

ღირსი ევაგრე მონაზვნად აღკვეცამდე ციხედიდის მთავარი იყო. ღვთისმსახურ და მორწმუნე დიდებულ მშობელთა შვილი, სიყრმიდანვე საღმრთო წერილით იწვრთნებოდა. ახოვანი და მხნე მთავარი ქართლის მეფე ფარსმანის ერთ-ერთი უახლოესი მრჩეველი და თანაშემწე იყო.

ერთხელ ევაგრე სანადიროდ წავიდა სარკინეთის მთაზე, სადაც ღირსი მამა შიო მღვიმელი მოღვაწეობდა. ნადირობისას მხლებლები დაიფანტნენ. მარტო დარჩენილმა ევაგრემ მიდამო დაათვალიერა. უცებ მან დაინახა მტრედის მსგავსი უცხო ფრინველი, რომელმაც ნისკარტით რაღაც საჭმელი მიიტანა ერთ გამოქვაბულში. ევაგრემ დაიმახსოვრა ის ადგილი, სადაც მტრედი მიფრინდა, მეორე დღეს მოიძია და იხილა გამოქვაბულში დაყუდებული ბერი.

მიკროფონი - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2019
ჭარელაშვილი: ღმერთს ისე უნდა შეეხო, რომ აღარ მოგინდეს მისი ხელის გაშვება

საოცარი სახილველით გაკვირვებული ევაგრე საღმრთო შურით აღივსო და ღირს მამას უთხრა: „ცხოველ არს უფალი, არა დაგიტეო შენ და არცა წარვიდე სახედ ჩემდა“.

წმიდა შიომ ევაგრეს ურჩია, გადაეფიქრებინა გადაწყვეტილება, რადგან, ფუფუნებაში აღზრდილი, მეუდაბნოების სიმძიმეს ვერ იტვირთავდა, მაგრამ ევაგრემ უარი უთხრა.

სასახლეში დაბრუნებულმა ევაგრემ თავისი ქონება გლახაკებს დაურიგა, სახლეულს გამოემშვიდობა და მამა შიოსთან დაბრუნდა.

მალე ღირსი მამების ღვაწლი გაცხადდა და სარკინეთის მთას მრავალმა ქრისტიანმა მიაშურა.

ფარსმან მეფემ გვიან გაიგო თავისი საყვარელი და ერთგული მთავრის მონაზვნად აღკვეცა და თავად მოინახულა ღირსი შიოს უდაბნო. მას უნდოდა, ევაგრე ისევ საერო სამსახურზე დაეყოლოებინა, მაგრამ ღირსმა მამამ მეფეს მონაზვნური სიმშვიდით უპასუხა: „ჰოი, მეფეო, რად მაწუხებ დაბადებულსა ღვთისასა, რათა შევირაცხო მსგავსად ძაღლთა, კუალად მიქცეულთა ნათხევარსავე“.

დავით აღმაშენებელი - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2019
დღეს „დავითობაა" – წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღე

ფარსმანმა ღირსი შიოს გამოქვებული მოინახულა და, როცა საკვირველი მადლით განათებული მისი სახე იხილა, სამეფო გვირგვინი მოიხადა და საკვრიველი ბერის წინაშე დაიჩოქა.ღირსმა შიომ ღვთისმოსავი მეფე აკურთხა და თავისი ხელით დაადგა თავზე გვირგვინი.

ფარსმანმა მეფისათვის დამახასიათებელი გულუხვობით დიდი შესაწირავი გაიღო მონასტრისათვის, რომელთა შორის იყო ვახტანგ გორგასლის მიერ შემკობილი სახარება, ოქროს ბარძიმ-ფეშხუმი, ოცდაათი ლიტრა ოქრო, ოთხი დაბა.

როცა ღირსი შიო მოხუცდა,  მონასტრის წინამძღვარად  წმიდა მამამ ღირსი ევაგრე გამოარჩია. ღირსმა ევაგრემ მორჩილებით მიიღო მოძღვრის კურთხევა. იგი, ღვთის შეწევნით და მამა შიოს ლოცვით, ბრძნულად განაგებდა მონასტერს. აღესრულა მშვიდობით. დაკრძალულია შიო მღვიმის მონასტერში.

© courtesy of Miho Neimanშიომღვიმეს მონასტერი
საეკლესიო კალენდარი: 17 თებერვალი - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2021
შიომღვიმეს მონასტერი

წმინდა ისიდორე პელუსიოტელი

წმინდა მამა ისიდორე ალექსანდრიაში ქალაქ პელუსიოტელიში დაიბადა IV ს-ში. მისი მშობლები, კეთილმსახური ქრისტიანები, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოს თეოფილეს და მის მემკვიდრეს, წმიდა კირილეს ენათესავებოდა. წმიდანი სიჭაბუკეშივე განერიდა წუთისოფლის ამაოებას და ეგვიპტეში, პელუსიოტის მთაზე დაიწყო მოსაგრეობა. სულიერ სიბრძნესა და მკაცრ ასკეტიზმთან შეერთებულმა ფართო განათლებამ ღირს მამას ბერების დიდი სიყვარული და პატივისცემა მოუპოვა. მალე მას ხუცესად დაასხეს ხელი და წინამძღვრადაც აკურთხეს. ღირსი ისიდორე, წმიდა იოანე ოქროპირის მიბაძვით, რომლის ხილვისა და სმენის ღირსიც შეიქმნა კონსტანტინეპოლში მოგზაურობის დროს, უმეტესწილად მქადაგებლურ მოღვაწეობას ეწეოდა.

წმიდა მამა დაუზარებლად მოძღვრავდა სულიერი შეწევნის ყველა მთხოვნელს – უბრალო ადამიანს, დიდებულს, ეპისკოპოსს, ალექსანდრიის პატრიაქს თუ თავად იმპერატორს.

მას ეკუთვნის 10 000 ეპისტოლე, რომელთაგან ჩვენს დრომდე მოაღწია 2000. მათი უმეტესობა შეიცავს წმიდა წერილის ღრმა საღვთისმეტყველო განმარტებებსა და მისგან გამომდინარე ზნეობრივ სწავლებებს.

ღირსმა მამამ ღრმა მოხუცებულობას მიაღწია, 436 წელს კი, ანგელოზებრივი ცხოვრებით ამქვეყნამდვე გაბრწყინებული, ანგელოზთა დასს შეუერთდა.

 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი  ილია მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 27.01.2019
ილია მეორე: ღვთის მადლით, წმინდა ნინო არ ტოვებს საქართველოს

მღვდელმოწამე აბრაამი, არვილელი ეპისკოპოსი 

მღვდელმოწამე აბრაამი, არვილელი ეპისკოპოსი იყო, რომელიც  ეწამა სპარსეთში საპორ II-ის დროინდელ დევნულობისას. როცა წმიდანი შეიპყრეს და მოსთხოვეს, რომ მზისთვის ეცა თაყვანი, მან უპასუხა: „რა უგნურებაა, უარყო შემოქმედი და ქმნულს ეთაყვანო! განა მზე ღმერთმა არ შექმნა?!” აბრაამი სასტიკად აწამეს, ის კი მხურვალედ ლოცულობდა პირველმოწამის სიტყვებით: „უფალო, ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა ამას, რამეთუ არა იციან, რას იქმან!” წმიდა მარტვილს თავი  მოჰკვეთეს.

ღირსი ნიკოლოზ აღმსარებელი, სტუდიელი იღუმენი 

ღირსი ნიკოლოზ აღმსარებელი, სტუდიელი იღუმენი IX საუკუნეში ცხოვრობდა. იგი დაიბადა კუნძულ კრეტაზე მდებარე სოფელ კედონიაში, ქრისტიანთა ოჯახში. 10 წლის იყო, როცა მშობლებმა კონსტანტინეპოლში გააგზავნეს, ბიძასთან – სტუდიტის მონასტრის ბერ ნეტარ თეოფანესთან. სავანის წინამძღვარმა, ღირსმა თეოდორემ ყრმა მონასტრის სასწავლებელში ჩარიცხა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 16 წლის ასაკში, წმიდანი ბერად აღიკვეცა, რამდენიმე წლის შემდეგ კი მღვდლადაც დაასხეს ხელი.

სვეტიცხოველი - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2019
ნათლისღების დღესასწაული: ქართული ადათ–წესები

ხატმებრძოლი იმპერატორის, ლეონ სომეხის (813-820) დროინდელ დევნულობისას ღირსმა ნიკოლოზმა თეოდორე სტუდიელის ხვედრი გაიზიარა: მათ საპყრობილეებში სვამდნენ, ტანჯავდნენ, აბუჩად იგდებდნენ, წმიდა მამები კი ახოვნად განაგრძობდნენ მართლმადიდებლობის ქადაგებას. ნეტარი დედოფლის, თეოდორას (+867) მეფობისას, რომელიც ქვეყანას თავისი ვაჟის, მიხეილის სიყრმეში განაგებდა, ხატთაყვანისცემლობა აღსდგა და შფოთიც ჩაცხრა. ღირსი ნიკოლოზი სტუდიტის მონასტერს დაუბრუნდა და მის წინამძღვრადაც იქნა არჩეული. მყუდროება დიდხანს არ გაგრძელებულა. დედოფალ თეოდორას ხელისუფლების სადავეები ჩამოართვა მეფის ბიძამ, ბარდამ, თავის რძალთან დაუფარავი თანაცხოვრებით სულშებილწულმა.

უწმიდესი პატრიარქი ეგნატე ამხელდა ბილწ ხელისუფალს და მის გონს მოყვანას ცდილობდა, მაგრამ ამაოდ: ბარდამ ცოდვას ცოდვა მიუმატა – მღვდელმთავარი ტახტიდან გადააყენა და გადაასახლა. წმიდა ნიკოლოზმა, რომელსაც არ სურდა უსჯულოების ზეიმს შესწრებოდა, დატოვა კონსტანტინეპოლი და მწირის ცხოვრებით ცხოვრობდა 7 წლის განმავლობაში. შემდეგ იგი დაატუსაღეს და სტუდიტის მონასტერში გამოამწყვდიეს. პატიმრობაში განვლო ორმა წელმა, მეფეების – მიხეილის (855-867) და ბარდას სიკვდილისა და ტახტზე ბასილი I მაკედონელის (867-886) აღსაყდრების შემდეგ  ღირსი ნიკოლოზი განთავისუფლდა და წინამძღვრობას დაუბრუნდა. წმიდა ცხოვრებისათვის ნეტარმა მამამ უფლისაგან კურნების და სასწაულქმედების ნიჭი მიიღო, 868 წელს კი მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

 

ყველა ახალი ამბავი
0