საეკლესიო კალენდარი: 28 ნოემბერი

CC BY-SA 3.0 / Dawid Maisuradse / Rustavi Sioni Cathedralრუსთავის სიონის ტაძარი
რუსთავის სიონის ტაძარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 28 ნოემბერს მოწამეთა: გურის, სამონის და აბიბოს, მოწამეთა: ელპიდესი, მარკელისა და ევსტოქის,  მოწამიმე დიმიტრის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან ისინი მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოწამენი და აღმსარებელნი: გური, სამონი და აბიბო

 წმიდა გური და სამონი ქალაქ ედესაში (მაკედონია) დაიბადნენ. ქრისტეს სიყვარულით ანთებული წმინდანები უდაბნოში გავიდნენ სამოღვაწეოდ და მრავალ წარმართს მოაქცევდნენ მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე. როცა იმპერატორებმა: დიოკლეტიანემ და მაქსიმიანემ (284-305) ქრისტიანთა დევნა დაიწყეს, უფლის რჩეულები შეიპყრეს და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს. წმიდანებმა უღმერთოებს მტკიცე უარით უპასუხეს, რისთვისაც საშინელი სატანჯველები დაატყდათ თავს, შემდეგ  მოწამეებს  თავები მოჰკვეთეს (+299-306).  

წარმართმა იმპერატორმა ლიკინიუსმა (307-324) კვლავ დაიწყო ქრისტიანთა დევნა. მტარვალმა ბრძანა, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოების გავრცელებისთვის ედესის ეკლესიის დიაკონი აბიბოც შეეპყროთ. უფლის რჩეულმა არ ისურვა, რომ მის ძიებას სხვა ქრისტიანებიც ემსხვერპლა, ამიტომ თავად გამოცხადდა ჯალათებთან სამსჯავროზე. უღმერთოებმა მას დაწვა მიუსაჯეს. ქრისტეს ახოვანი მოსაგრე თავად შევიდა კოცონში და ლოცვით შეჰვედრა სული უფალს (+322).

წმიდა მოწამენი: ელპიდი, მარკელე და ევსტოქი

წმიდა მოწამენი: ელპიდი, მარკელე და ევსტოქი იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) ზეობისას ეწამნენ. წმიდა ელპიდის სასახლის კარზე მნიშვნელოვანი თანამდებობა ეჭირა. ქრისტეს აღსარებისთვის იგი მარკელესთან და ევსტოქისთან ერთად შეიპყრეს და მეფის სამსჯავროზე წარადგინეს. მოწამეებმა მრავალი სატანჯველი დაითმინეს, რის შემდეგაც უღმერთოებმა ცეცხლში დაწვეს. იმ ადგილას, სადაც ქრისტიანებმა წმიდათა პატიოსანი ნაწილები დაკრძალეს, ქრისტეს სასწაულებრივი გამოცხადება მოხდა ანგელოზთა დასთან ერთად და უფალმა ელპიდი მკვდრეთით აღადგინა. იმპერატორმა ბრძანა, კვლავ შეეპყროთ წმიდა მოწამე. უფლის რჩეულის წამების დროს მისი ლოცვით მახლობლად მდგარი კერპები ერთიანად შეიმუსრა. ამ სასწაულის მხილველი ექვსი ათასზე მეტი წარმართი მოექცა ქრისტიანობაზე, წმიდა ელპიდი კი ხელახლა დაწვეს.

წმიდა მოწამე დიმიტრი

წმიდა მოწამე დიმიტრი ეწამა იმპერატორების: მაქსიმიანე გალერიუსისა(305-311) და მაქსიმინეს (305-313) ზეობისას. ქრისტეს მხნე აღსარებისთვის უღმერთოებმა მას თავი მოჰკვეთეს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

ყველა ახალი ამბავი
0