თბილისი, 24 ნოემბერი - Sputnik. დღეს სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 61-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე კიდევ რამდენიმე ასეული ბავშვის ნათლია გახდება. ახალმონათლულ ბავშვებს ნათლობის მოწმობები და ჯვრები გადაეცემათ.
საყოველთაო ნათლობა დღის მეორე ნახევარში, 17:00 საათზე დაიწყება. 20:00 საათისთვის კი სამების საკათედრო ტაძარში ილია მეორე ნათლულებს დალოცავს.
საყოველთაო ნათლობის იდეა თავად კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნის და მისი მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებაა. ილია მეორე ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილებს ნათლავს.
პირველი საყოველთაო ნათლობა სამების ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. კათოლიკოს-პატრიარქს ამ დროისთვის 39 ათასამდე ნათლული ჰყავს.