09:09 14 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2566
  • 100 RUB4.5941
  • USD2.9568
მოწამეთა

საეკლესიო კალენდარი: 2019 წლის 2 ოქტომბერი

CC BY-SA 4.0 / Wikipedia / Marcin Konsek / Motsameta
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019 (199)
6510

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 2 ოქტომბერს მოწამეთა: ტროფიმეს, საბატიოსის, დორიმედონტის და ზოსიმე მეუდაბნოის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოწამენი ტროფიმე, საბატი და დორიმედონტი

წმიდა მოწამენი ტროფიმე, საბატი და დორიმედონტი რომის იმპერატორის, პრობუსის (276-282) დროს ეწამნენ ქრისტესთვის. ანტიოქიაში წარმართულ დღესასწაულზე ქალაქში ჩასული ქრისტიანები ტროფიმე და საბატი ქრისტეს ქადაგებისთვის უღმრთოებმა შეიპყრეს და მმართველს მიჰგვარეს. წარმართებმა აღმსარებლების ცემა და წამება დაიწყეს, რათა ძალით გადაედრიკათ კერპთმსახურებისაკენ. საბატი წამების დროს გარდაიცვალა, ტროფიმე კი სისასტიკითა და დაუნდობლობით ცნობილ ფრიგიის მმართველ დიონისესთან გაგზავნეს. უღმრთო დიონისემ ვერანაირი ძალისხმევით ვერ შეძლო ახოვანი ქრისტიანის მოდრეკა. ბოლოს იგი საპყრობილეში ჩააგდო. აქ ნეტარს ქრისტეს ფარული მიმდევარი - სენატორი დორიმედონტი აკითხავდა. როცა ამის შესახებ მტარვალებმა შეიტყვეს, ისიც დაატუსაღეს და მაცხოვრის სარწმუნოების უარყოფა მოსთხოვეს. მარტვილმა უარი განაცხადა, რისთვისაც მას ტროფიმესთან ერთად თავები მოჰკვეთეს.

წმიდა მოწამე ზოსიმე მეუდაბნოე

წმიდა მოწამე ზოსიმე მეუდაბნოე IV საუკუნეში ცხოვრობდა. ერთხელ, ნადირობის დროს, კილიკიის მმართველი დომენტიანე გადააწყდა ბერს, რომელიც მშვიდად და ალერსიანად საუბრობდა გარსშემორტყმულ მხეცებთან. მონადირეთა დანახვაზე მხეცები დაფრთხნენ და დაიფანტნენ. ბერს ჰკითხეს, ვინ იყო და ამ უდაბნოში რატომ ცხოვრობდა, მან კი მიუგო, ზოსიმე მქვია, ქრისტიანი ვარ და ქალაქში იესო ქრისტეს მტრების გვერდით ყოფნას ნადირებთან ცხოვრება მირჩევნიაო.

დომენტიანემ დაემუქრა: „თუ ნაზარეველს ეთაყვანები, ნაზარეთში სახალხოდ სასტიკად გაწამებ და ქრისტეს უარყოფასაც გაიძულებო“,

უღმრთოებმა შეიპყრეს მაცხოვრის მსასოებელი მამა, ნაზარეთში წაიყვანეს და სასტიკი სატანჯველები დაატეხეს თავს.  ჯალათები მარტვილს ეუბნებოდნენ: „თუ მხეცებიც გემორჩილებიან, რომელიმე მათგანს უბრძანე, აქ გამოცხადდეს, მაშინ ჩვენც ვირწმუნებთ შენს ღმერთს“. ზოსიმე ლოცვით შეევედრა უფალს და უეცრად წამების ადგილას უზარმაზარმა ლომმა მოირბინა. ყველანი შეძრწუნებულნი დაიფანტნენ, მმართველმა ზოსიმეს სთხოვა, ნადირი დაეოკებინა, ჯალათებს კი წმიდანის ჩამოხსნა უბრძანა, რომ იგი იმპერატორთან წაეყვანა, მაგრამ ზოსიმემ წმიდა სული იქვე შეჰვედრა უფალს.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

თემები:
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019 (199)

მთავარი თემები