21:14 22 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2410
  • 100 RUB4.5787
  • USD2.8845
ქვეშის ციხის ეკლესია

საეკლესიო კალენდარი: 2019 წლის 19 ივნისი

photo: courtesy of Gela Kokiashvili
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
83 0 0

საქარათველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 19 ივნისს მცხეთის ჯვრის დღესასწაულს და ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის დღესასწაულს — ლომისობას ზეიმობს.

მცხეთის ჯვრის დღესასწაული

მცხეთის ჯვრის დღესასწაული სათავეს  მეფე მირიანის მეფობის დროიდან იღებს და საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ერთ-ერთ უძველეს დღესასწაულად მიიჩნევა.

მცხეთის ჯვრის დღესასწაული სულთმოფენობის პირველ ორშაბათს აღინიშნება და თავისი მადლმოსილებით უტოლდება იერუსალიმში აღსრულებული ჯვრის გამოჩინების უდიდეს დღესასწაულს.  

ლომისობა

ლომისობის დღესასწაული სათავეს  წინაქრისტიანულ პერიოდში იღებს, თუმცა ამჟამად უკვე როგორც ქრისტიანული რელიგიური დღესასწაული აღინიშნება.

ლომისა წინარექრისტიანული ღვთაება იყო მთიულეთში. ამ  სახელწოდებას ხალხურ გადმოცემათა ტრადიცია ლომა ხარს უკავშირებს. საქართველოში, როგორც მიწათმოქმედების ქვეყანაში, ხარის კულტი უძველესი დროიდან იყო ცნობილი. იგი მიწათმოქმედების ფუძემდებლად მიიჩნეოდა. მოგვიანებით, ეს კულტი მთვარის ღვთაებას დაუკავშირდა.  მთის გაქრისტიანების შემდეგ კი  მთვარის ტაძრის ადგილზე ქრისტიანული ეკლესია აუგიათ. წარმართული კულტის ნიშნები კი წმ. გიორგის დაუკავშირდა.

ლომისის სახელობის სალოცავები საქართველოში რამდენიმეა. მაგრამ მათგან მთავარი– ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზე მდებარეობს.  აქ IX-X საუკუნის ლომისის წმინდა გიორგის ტაძარში ლომისობას ყოველწლიურად აღდგომიდან მე-7 კვირას აღნიშნავენ.

ამ დღეს ხალხი მლეთაში საქართველოს ყველა კუთხიდან იკრიბება.მომლოცველები სალოცავს შინაურ ცხოველს, უმეტესად, ცხვარს სწირავენ და სჯერათ, რომ სათხოვარი, რომლითაც ისინი ტაძარში მიდიან, აუსრულდებათ.

მსხვერპლშეწირვის ტრადიციას ბევრი მოწინააღმდეგეც ჰყავს, ისინი ცხოველების მასობრივად ხოცვას აპროტესტებენ.

საეკლესიო კალენდარში 2019 წლის 19 ივნისი ასევე არის ღირსი ბესარიონ საკვირველთმოქმედის, ღირსი ილარიონ ახლის, ღირსთა ქალწულმოწამეთა: არქელაიას, თეკლას და სოსანას ხსენების დღე.

Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.
ღირსი ბესარიონ საკვირველთმოქმედი

ღირსი ბესარიონ საკვირველთმოქმედი, მეგვიპტელი (IV-V) ახალგაზრდობაში მოინათლა, რის შემდეგაც ძალიან თავშეკავებულად ცხოვრობდა.  ბესარიონმა ბერად აღიკვეცის შემდეგ  მდუმარების აღთქმა დადო, საჭმელს კვირაში ერთხელ იღებდა, ზოგჯერ კი მთელი 40 დღე უჭმელ-უსმელი იყო.

წმიდა ბესარიონმა ღვთისგან სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო: როცა გზაში მყოფ მის მოწაფეს ძლიერ მოსწყურდა, ღირსმა მამამ სასმელად უვარგისი წყალი დაატკბო; მისი ლოცვით უფალი წვიმას გარდმოავლენდა, შეეძლო ფეხით გადაეარა მდინარეზე; განასხმიდა ეშმაკებს, მაგრამ ყოველივე ამას ფარულად იქმოდა, რომ განდიდებისგან დაეცვა თავი.

წმინდანმა სიცოცხლის უმეტესი ნაწილი ღია ცის ქვეშ, განმარტოებულ ლოცვაში გაატარა და მშვიდად მიიცვალა ღრმა სიბერეში.

ღირსი ილარიონ ახალი

ღირსი ილარიონ ახალი ღვთისმოყვარე დიდებულების ოჯახში დაიბადა. თორმეტი წლის იყო წმიდა ილარიონი, როცა ბერად აღიკვეცა ისიხის მონასტერში ბიზანტიონის მახლობლად, იქიდან კი დალმატის მონასტერში გადავიდა, სადაც დიდი სქემა შეიმოსა და ღირსი გრიგოლ დეკაპოლელის მოწაფე გახდა.

წმიდა მამა დიდ პატივს მიაგებდა თავის ღმერთშემოსილ თანამოსახელეს - ღირს ილარიონ დიდს და ცდილობდა მას მიმსგავსებოდა, ამიტომ უწოდეს ილარიონ ახალი. დალმატის მონასტერში წმიდანი მღვდლად აკურთხეს. იღუმენის გარდაცვალების შემდეგ კი ილარიონი მონასტრის წინამძღვრად დაადგინეს. ის  რვა წლის განმავლობაში მშვიდად განაგებდა სავანეს, მაგრამ 813 წელს ხატმბრძოლი იმპერატორის ლეონ სომეხის (813-820) გამეფებამ და მართლმადიდებელთა დევნის განახლებამ დაარღვია ძმების ცხოვრების ჩვეული რიტმი. ღირსმა ილარიონმა ხატების შეურაცხყოფაზე უარი განაცხადა და გაბედულად ამხილა იმპერატორი მწვალებლობაში, რისთვისაც მრავალი ტანჯვის დათმენა მოუხდა: იგი რამდენჯერმე ჩააგდეს საპყრობილეში.

უსჯულო იმპერატორი თავისმა მეომრებმა ტაძრის სწორედ იმ ადგილას აჩეხეს, საიდანაც პირველად წმიდა ხატი გადმოაგდო. ახალმა იმპერატორმა მიხეილ II-მ (820-820) გაანთავისუფლა ღირსი ილარიონი და იგი განმარტოებულ კელიაში დაეყუდა.

ხატმბრძოლი იმპერატორის თეოფილეს (829-842) დროს ღირსი ილარიონი კვლავ შეიპყრეს, სასტიკად სცემეს და კუნძულ ათუსიაზე გადაასახლეს. თეოფილეს სიკვდილის შემდეგ წმიდა იმპერატორმა თეოდორამ (842-855) აღმსარებლები დააბრუნა გადასახლებიდან. წმიდა ილარიონიც დაუბრუნდა დალმატის მონასტერს, კვლავ მისი იღუმენი გახდა და მშვიდობით მიიცვალა 845 წელს.

ღირსი ქალწულმოწამენი: არქელია, თეკლე და სოსანა

ღირსი ქალწულმოწამენი არქელაია, თეკლე და სოსანა (+293) რომის მახლობლად მდებარე მონასტერში ცხოვრობდნენ. დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნისას წმიდა ქალწულები მამაკაცის სამოსელით შეიმოსნენ, თმები შეიკვეცეს, კაპანის პროვინციაში გადავიდნენ და აქ ერთ მიყრუებულ ადგილას დაემკვიდრნენ სამოღვაწეოდ. ღვთისგან ნაბოძები ნიჭით წმიდანები კურნავდნენ ავადმყოფებს და ქრისტიანობაზე მოაქცევდნენ წარმართებს. როცა ოლქის მმართველმა ლეონტიმ ქალწულთა შესახებ შეიტყო, ბრძანა, ქალაქ სალერნოში მოეყვანათ ისინი. ის არქელაიას დაემუქრა, თუ კერპებს მსხვერპლს არ შესწირავდა, სიკვდილით დასჯიდა. უფალს მინდობილმა ქალწულმა უარი განაცხადა უსულო კერპების თაყვანისცემაზე და ამხილა წარმართთა უგუნურება.

ჯალათებმა სასტიკად აწამეს წმიდა არქელაია: სხეულს უსერავდნენ და ჭრილობებზე გაცხელებულ ფისს ასხამდნენ. უეცრად ნათელი გაბრწყინდა და გაისმა ხმა: „ნუ გეშინინ, შენთანა ვარ“. ღვთაებრივი ძალა იცავდა წმიდა ქალწულს: როცა უზარმაზარი ლოდით მისი გაჭყლეტა დააპირეს, ანგელოზმა ქვა სხვა მხარეს გადააგორა და თავად ჯალათები მოისრნენ. ბოლოს მსაჯულმა ბრძანა, ქრისტეს მხნე აღმსარებლებისთვის თავები მოეკვეთათ.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

 

მთავარი თემები