10:04 21 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2860
  • 100 RUB4.6659
  • USD2.9759
ღვთისშობლის ხატი სამებაში

საეკლესიო კალენდარი: 2019 წლის 3 ივნისი

© Sputnik / Alexander Imedashvili
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019 (149)
141 0 0

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 3 ივნისს მოციქულთასწორ კონსტანტინე და ელენეს იხსენიებს და ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს აღნიშნავს.

 

Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

მოციქულთასწორნი კონსტანტინე და ელენე

კეისარ კონსტანცი ხლორუსის (305-306) ვაჟმა, კონსტანტინემ ეკლესიისგან მიიღო მოციქულთასწორის წოდება, მსოფლიო ისტორიაში კი მას კონსტანტინე დიდი ეწოდა.

იმ დროს რომის იმპერია ორ - დასავლეთის და აღმოსავლეთის ნაწილად იყო დაყოფილი. მათ სათავეში ედგა ორი დამოუკიდებელი იმპერატორი, რომელთაც თანამმართველებიც ჰყავდათ. ერთ-ერთი ასეთი თანამმართველი დასავლეთის იმპერატორისა იყო იმპერატორ კონსტანტინეს მამა.

წმიდანის დედა  ელენე ქრისტიანი იყო. რომის მომავალი იმპერატორი კონსტანტინე ქრისტიანული სარწმუნოებისადმი პატივისცემით იზრდებოდა. კონსტანცი ხლორუსი არ დევნიდა ქრისტიანებს მაშინ, როდესაც მისი თანამედროვე სხვა ხელისუფალნი: დიოკლეტიანე, მაქსიმიანე გალერიუსი, მაქსიმიანე ჰერკულესი უსასტიკესად უსწორდებოდნენ მაცხოვრის სწავლების მიმდევრებს. მამის გარდაცვალების შემდეგ კონსტანტინე აირჩიეს გალიისა და ბრიტანეთის იმპერატორად. ახალმა იმპერატორმა უპირველეს ყოვლისა, აღმსარებლობის თავისუფლება მიანიჭა ქრისტიანებს.

ფანატიკოსმა წარმართმა მაქსიმიანე გალერიუსმა და მკაცრმა ტირანმა მაქსენტიმ მოიძულეს იმპერატორი და აღდგნენ მის წინააღმდეგ, მაგრამ წმიდა კონსტანტინემ ღვთის შემწეობით დაამარცხა მოწინააღმდეგეები.

რომის იმპერიის დასავლეთი ნაწილის ერთპიროვნულ მმართველად გახდომის შემდეგ, 313 წელს იმპერატორმა მილანში გამოსცა ედიქტი რწმენის შემწყნარებლობის შესახებ, 323 წელს კი, როცა სრულიად რომის იმპერატორი გახდა, მილანის ედიქტი გაავრცელა მთელს იმპერიაში. სამასწლიანი დევნის შემდეგ ქრისტიანებს საშუალება მიეცათ თავისუფლად ეღიარებინათ სარწმუნოება.

წარმართებისაგან განდგომის შემდეგ წმიდა კონსტანტინემ იმპერიის დედაქალაქი გადაიტანა ბიზანტიაში, რომელსაც შემდეგ კონსტანტინეპოლი ეწოდა. წმიდა კონსტანტინე ღრმად იყო დარწმუნებული, რომ უზარმაზარ იმპერიას მხოლოდ ქრისტიანული სარწმუნოება გააერთიანებდა; ყოველნაირად ეხმარებოდა ეკლესიას, აშენებდა ტაძრებს, ზრუნავდა სამღვდელოებაზე, იმპერატორს სურვილი ჰქონდა, მოეძებნა ცხოველსმყოფელი ჯვარი, რომელზეც გაკრული იყო უფალი ჩვენი იესო ქრისტე. მან იერუსალიმში გაგზავნა თავისი დედა, წმიდა ელენე დედოფალი სამღვდელოებასთან და თანაშემწეებთან ერთად. იერუსალიმის პატრიარქ მაკარისთან ერთად წმიდა ელენე შეუდგა ჯვრის ძებნას და, ღვთის განგებულებით, სასწაულებრივად აღმოაჩინა კიდეც 326 წელს. პალესტინაში ყოფნისას წმიდა ელენემ ბრძანა, მაცხოვრისა და ყოვლადწმიდა ქალწულის მიწიერი ცხოვრების ადგილები გაეწმინდათ და აეგოთ ტაძრები. მაცხოვრის საფლავზე წმიდა კონსტანტინეს ბრძანებით ააგეს დიდებული ტაძარი უფლის აღდგომის სახელობისა.

წმიდა ელენემ ცხოველსმყოფელი ჯვარი შესანახად გადასცა პატრიარქ მაკარის, ნაწილი კი წაასვენა კონსტანტინეპოლში, იმპერატორთან. დედაქალაქში დაბრუნებული დედოფალი 327 წელს აღესრულა.

ეკლესიის წინაშე უდიდესი დამსახურებისა და ცხოველსმყოფელი ჯვრის აღმოჩენისათვის წმიდა ელენე დედოფალს მოციქულთასწორი ეწოდა.

ეკლესიის ცხოვრება განსაკუთრებით შეარყია იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნების უარმყოფელმა არიოზის ერესმა.

იმპერატორის ბრძანებით 325 წელს ქ. ნიკეაში ჩატარდა I მსოფლიო საეკლესიო კრება. მას 318 ეპისკოპოსი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ აღმსარებლები, ეკლესიის მნათობნი, რომლებმაც უსასტიკესი დევნილობა დაითმინეს. კრებას თვით იმპერატორიც ესწრებოდა. არიოზის ერესი დაგმეს და შეადგინეს რწმენის სიმბოლო, რომელშიც შეტანილი იქნა ტერმინი „ერთარსი მამისა“.

ნიკეას კრების შემდეგ მოციქულთასწორმა კონსტანტინემ გააგრძელა მოღვაწეობა ეკლესიის სასარგებლოდ. სიცოცხლის ბოლოს იმპერატორმა ნათელ-იღო. გარდაიცვალა სულთმოფენობის დღეს, 337 წელს, დასაფლავებულია წმიდა მოციქულთა სახელობის ტაძარში.

ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატი

ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატი გადმოცემით ლუკა მახარებლის მიერ იმ მაგიდის დაფაზეა დაწერილი, რომელზედაც იესო ქრისტე თავის დედასთან მარიამთან და მართალ იოსებთან ერთად ტრაპეზობდა. გადმოცემით, ხატი ღვთისმშობლის მიძინებამდე დაიწერა.

450 წელს იმპერატორ თეოდორე უმცროსის დროს ხატი იერუსალიმიდან კონსტანტინოპოლში გადაიტანეს, მაგრამ XII საუკუნის დასაწყისში კონსტანტინოპოლიდან კიევში წაიღეს.

1155 წელს დიდმა მთავარმა იურიმ ვიშგოროდი თავის ვაჟს, მთავარ ანდრიას დაგასცა. ვიშგოროდის სავანის კლირიკოსებმა ერთხელ ტაძარში შესვლისას დაინახეს, რომ ხატი თავისი ადგილიდან გადმოსულიყო დაეკლესიის შუაგულში ჰაერში იდგა. ხატი ძველ ადგილას დააბრუნეს, მაგრამ მალე ნახეს, რომ ხატი კვლავ ჰაერში ეკიდა. მთავარი ანდრია მიეახლა ხატს და მხურვალებით ლოცულობდა მის წინაშე, შემდეგ პარაკლისი აღასრულა, ღვთისმოსაობით აიღო ხატი, სხვა საგანძური და ღამით, მამის ნებართვის გარეშე ვიშგოროდიდან წავიდა.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

თემები:
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019 (149)

მთავარი თემები