ღვთისმშობლის „მსწრაფლშემსმენელი“ ხატი, რომელმაც თავად დაირქვა სახელი – ლეგენდა და რეალობა

© photo: A fancy life / FBდოქიარის მონასტერი
დოქიარის მონასტერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ათონის მთას ტყუილად არ უწოდებენ მართლმადიდებლური სამყაროს გულს. ამ წმინდა ადგილზე ყველაზე უკეთ ისმის მართლმადიდებლობის მაჯისცემა და გულის ფეთქვა. ათონის მთა არაერთი ეკლესია-მონასტრით და სასწაულმოქმედი ხატით არის განთქმული. მათ შორისაა ღვთისმშობელ მარიამის „მსწრაფლშემსმენელი“ ხატი, რომელიც ათონის მთაზე, დოქიარის მონასტერშია დაბრძანებული.

ხატის სახელწოდება „მსწრაფლშემსმენელი“ განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს და მლოცველს, რომელსაც განსაცდელი აქვს მოვლენილი, ან წინააღმდეგობების დაძლევა სწრაფად ესაჭიროება, განსაკუთრებულ რწმენას უღვივებს.

© photo: Holy Trinity Sergius Lavra. Pilgrim Center / FBღვთისმშობლის „მსწრაფლშემსმენელი“ ხატი
ღვთისმშობლის „მსწრაფლშემსმენელი“ ხატი, რომელმაც თავად დაირქვა სახელი – ლეგენდა და რეალობა - Sputnik საქართველო
ღვთისმშობლის „მსწრაფლშემსმენელი“ ხატი

ხატის შესახებ შემდეგი გადმოცემა არსებობს: მე-10 საუკუნეში ათონის მთაზე ცხოვრობდა წმიდა ნეოფიტე, რომლის სახელსაც უკავშირდება დოქიარის მონასტრის დაარსება. მონასტრის საძმოს სატრაპეზოს წინ, კედელზე, ნიშში ძველი დროიდან დაწერილი იყო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი. შეხედავ თუ არა ხატს, ირწმუნებ, რომ იგი ჭეშმარიტად სასწაულმოქმედია. საუკუნეების მანძილზე იგი შემონახულია უვნებლად, უცვლელად, რათა აღასრულოს სასწაულები და განკურნოს ადამიანები.

გადმოცემის თანახმად, თავისი სასწაულმოქმედი ძალა ამ ხატმა პირველად 1664 წელს გამოავლინა. ხატის წინ იყო გასასვლელი, რომლითაც მონასტრის მამები სატრაპეზოში დადიოდნენ. ტრაპეზარს ხშირად უხდებოდა აქ გავლა-გამოვლა არა მარტო დღისით, არამედ ღამითაც. ღამით იგი ანთებული კვარით ხელში დადიოდა. ერთხელაც ტრაპეზარმა ბერმა ნილოსმა ჩვეულებისამებრ ანთებული კვარით ჩაუარა ხატს და შემოესმა ხმა: „აწ ნუღარ გაივლი აქ ანთებული კვარით და ნუ სჭვარტლავ ჩემს სახეს“. ცარიელ სატრაპეზოში ადამიანის ხმის გაგონებამ ჯერ შეაკრთო ბერი, მაგრამ შემდეგ იფიქრა, რომელიმე ძმა იქნებოდაო და განაგრძო გზა. არც ანთებული კვარით სიარულისთვის დაუნებებია თავი. გავიდა დრო და ნილოსმა კვლავ გაიგონა ხმა: „ბერო! უღირსო! კიდევ დიდხანს აპირებ ასე უდარდელად და უდიერად მიხრჩოლო?!“ და ამ სიტყვებზე ტრაპეზარს თვალთ დაუბნელდა და სინათლე დაკარგა. ახლა კი გაახსენდა ცარიელ სატრაპეზოში გაგონილი სიტყვები, იგრძნო თავისი ცოდვის სიმძიმე და მიხვდა, რომ ღვთისმშობლის ხატისადმი უგულისყურობის და დაუდევრობის გამო დაისაჯა. ნილოსი, სრულიად დაბრმავებული, საშინელი ტკივილებით იტანჯებოდა.

დიანა ძიძიგური და მამა სპირიდონი ჯვარგამოსახულ გველებთან - Sputnik საქართველო
ღვთაებრივი ცეცხლი, ჯვარგამოსახული გველი, ხმელი შროშანები და ქალი, რომელმაც სასწაული იხილა

შეშინებული ბერები მოწიწებით და კრძალვით დაემხნენ სასწაულმოქმედი ხატის წინ, აანთეს კანდელი, ხოლო ახალ ტრაპეზარს დაავალეს ხატის წინ საკმეველი ეკმია. ნილოსმა გადაწყვიტა მანამდე დარჩენილიყო ხატთან, სანამ ცოდვა არ მიეტევებოდა და სიბრმავისაგან არ განიკურნებოდა. დღე და ღამე დამხობილი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინ მოთქვამდა და შეწყალებას ევედრებოდა. გულწრფელად, სინანულის ცრემლებით ითხოვდა შენდობას.

ღვთისმშობლის ხატმა შეისმინა უსინათლო ტრაპეზარის ლოცვა. ერთ დღეს, როდესაც ბერი გულმხურვალედ ლოცულობდა ხატის წინ, მოესმა ხმა: „ნილოს, შესმენილ იქნა შენი ვედრება, შენ მიგეტევა ცოდვა და დაგიბრუნდება თვალისჩინი. აუწყე ძმებს, რომ მე ვარ საფარველი, მფარველი და მეოხი თქვენი სავანისა. დე, მათ და მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა მომმართონ მე გასაჭირის ჟამს და არავის დავტოვებ შეუსმენელს: ყოველთა ჩემდამი სასოებით მოლტოლვილთა ვექმნები შუამდგომელად და მათ თხოვნას ჩემი ოხით შეისმენს ძე და ღმერთი ჩემი. დღეიდან ეს ხატი წოდებულ იქნება „მსწრაფლშემსმენელად“, რამეთუ ყოველთა მვედრებელთა მოვუვლენ წყალობას და მათ თხოვნას მსწრაფლ შევისმენ“. ამ საოცარი სიტყვების შემდეგ ნილოსს თვალები აეხილა. 

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ცეცხლში - Sputnik საქართველო
ნოტრ-დამის საშინელ ხანძარს ქართული სიწმინდე გადაურჩა: რა რელიკვია ინახება პარიზის გულში?

ასე გაჩნდა კიდევ ერთი იმედის ნაპერწკალი ამ წუთისოფელში – ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა თავად უწოდა საკუთარ ხატს „მსწრაფლშემსმენელი" და ამით ადამიანებს მისცა იმედი, რომ მათ გულწრფელ ლოცვას სწრაფად შეისმენს.

ამ სასწაულებრივი ამბის შესახებ მთელმა ათონის მთამ შეიტყო. ამის შემდეგ ბერებმა ადგილს, სადაც წმიდა ხატი იმყოფებოდა, გალავანი შემოავლეს და მისგან მარჯვნივ „მსწრაფლშემსმენლის“ სახელობის ტაძარი ააგეს.

© photo: jurnali "karibwe" / FBდოქიარის მონასტერი
ღვთისმშობლის „მსწრაფლშემსმენელი“ ხატი, რომელმაც თავად დაირქვა სახელი – ლეგენდა და რეალობა - Sputnik საქართველო
დოქიარის მონასტერი

მას შემდეგ „მსწრაფლშემსმენელი“ ხატის მადლით მრავალი სნეული და გასაჭირში მყოფი განკურნებულა და გადარჩენილა. ხატი ეხმარება ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, ვინც მას მიმართავს რწმენით, მოწიწებითა და წრფელი გულით ლოცულობს.

1873 წელს მოსკოვში რუსმა ქველმოქმედებმა ხატი ვერცხლის პერანგით შემოსეს. 1877 წლიდან ამ ხატის ასლი იმყოფება მოსკოვში, წმიდა პანტელეიმონის ტაძარში.

2005 წლის 12 მაისს, ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს, ათონის მთიდან საქართველოში ჩამოაბრძანეს დოქიარის მონასტრის ბერების მიერ დაწერილი „მსწრაფლშემსმენელის“ ასლი. აეროპორტში ხატს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II, სასულიერო პირები და მრევლი პატივით დახვდა. ხატი ფეხით წამოაბრძანეს საქართველოს საპატრიარქოში, სადაც იგი პატრიარქმა აკურთხა. ამის შემდეგ ხატი ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში დააბრძანეს. ეს ხატი დღესაც სამების საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული და მას ყოველდღიურად უამრავი მომლოცველი სტუმრობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0