22:17 21 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2860
  • 100 RUB4.6659
  • USD2.9759
სიღნაღის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია

საეკლესიო კალენდარი: 2019 წლის 11 მარტი

CC BY-SA 2.0 / Silber_Mel / The Sighnaghi church of Saint Stephen
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019 (148)
11010

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 11 მარტს წმინდა პორფირე ღაზელი მთავარეპისკოპოსის, ასევე წმინდა მოწამეების სებასტიანეს და ქრისტოდულეს ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში.
პორფირე ღაზელი

საეკლესიო კალენდრის მიხედვით 11 მარტს წმინდა პორფირე ღაზელი მთავარეპისკოპოსის ხსენების დღეა.

პორფირე ღაზელი დაახლოებით 346 წელს დაიბადა მაკედონიის ქალაქ თესალონიკეში. შეძლებულმა მშობლებმა მას კარგი განათლება მიაღებინეს. სიყრმიდანვე მონაზვნური ცხოვრებისკენ მიდრეკილმა ჭაბუკმა ოცდახუთი წლის ასაკში დატოვა სამშობლო და იერუსალიმში გაემგზავრა იქაური სიწმიდეების თაყვანისაცემად. ამის შემდეგ ღირსი მამა იორდანეს უდაბნოში დამკვიდრდა, სადაც მძიმედ დასნეულდა. განკურნების იმედით მან წმიდა ადგილების მოლოცვა გადაწყვიტა. ერთხელ, გოლგოთის ძირში მიგდებულმა, ავადმყოფობისგან ძალაგამოცლილმა წმიდანმა ჩვენებით იხილა მაცხოვარი, რომელიც ჯვრიდან გარდამოხდა და მას მიმართა: „მიიღე ეს ძელი და დაიცავი“. გამოღვიძებულმა პორფირემ სრული სიჯანსაღე იგრძნო. მაცხოვრის სიტყვები მალე აღსრულდა: იერუსალიმის პატრიარქმა ის მღვდლად აკურთხა და უფლის ცხოველსმყოფელი ჯვრის ძელის მცველად დაადგინა. იმ ხანებში ღირსმა მამამ მშობლებისგან მემკვიდრეობით 400 ოქროს მონეტა მიიღო, რომელიც გლახაკთა განკითხვისა და ტაძრების კეთილმოწყობას მოახმარა.

395 წელს გარდაიცვალა ქალაქ ღაზის (პალესტინა) ეპისკოპოსი. ადგილობრივი ქრისტიანები კესარიაში მივიდნენ მიტროპოლიტ იოანესთან და სთხოვეს, ისეთი ეპისკოპოსი დაედგინა მათთვის, რომელიც შეძლებდა წინ აღდგომოდა მომძლავრებულ წარმართებს.  მიტროპოლიტმა იერუსალიმელ ხუცესს პორფირეს მოუწოდა. კრძალვით და შიშით მიიღო წმიდანმა მღვდელმთავრის ხარისხი, თაყვანი სცა ცხოველმყოფელ ძელს და ახალი მორჩილების აღსასრულებლად გაეშურა. ღაზში მას დახვდა სამი ქრისტიანული ეკლესია უამრავი წარმართული სამსხვეპლოსა და კერპის გარემოცვაში. ამ დროს ქალაქში საშინელი გვალვა იყო. ქურუმები მსხვერპლს სწირავდნენ ბომონებს, მაგრამ უბედურებას ბოლო არ უჩანდა. პორფირემ ქრისტიანებს მარხვისკენ მოუწოდა, მწუხრის ლოცვა აღასრულა, შემდეგ კი ლიტანიით შემოუარა მთელ ქალაქს. უეცრად ცა მოიქუფრა, იჭექა და ხშირმა წვიმამ დაუშვა. ამ სასწაულის მხილველმა უსჯულოებმა ადიდეს ჭეშმარიტი ღმერთი. იმ დღეებში ორასზე მეტი კერპთაყვანისმცემელი მოინათლა.

მიუხედავად ამისა, წარმართები განაგრძობდნენ ქრისტიანთა შევიწროებას: თანამდებობიდან ანთავისუფლებდნენ მათ, გადასახადებს უმძიმებდნენ. მღვდელმთავარი პორფირე და მიტროპოლიტი იოანე კონსტანტინეპოლში გაემგზავრნენ, რომ იმპერატორისთვის შეწევნა ეთხოვათ. აქ მათ დახვდათ წმიდა მამა იოანე ოქროპირი.

იოანე და პორფირე დედოფალ ევდოქსიას წარუდგინეს, რომელიც მაშინ ორსულად იყო. „იზრუნე ჩვენზე, - უთხრეს მას ეპისკოპოსებმა, - და უფალი გამოგიგზავნის ძეს, რომელიც შენსავე სიცოცხლეში გამეფდება“. მართლაც, წმიდა მამების ლოცვით, იმპერატორს მემკვიდრე შეეძინა. ამის შემდგომ, 401 წელს გამოვიდა იმპერატორის ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც ღაზაში წარმართული სამსხვერპლოები უნდა დაემსხვრიათ და ქრისტიანებს პრივილეგიები მინიჭებოდათ. გარდა ამისა, დედოფალმა მღვდელმთავრებს სახსრებიც გამოუყო ქალაქში ახალი ტაძრის ასაშენებლად.

მღვდელმთავარმა პორფირემ სრულიად განამტკიცა ქრისტიანობა ღაზაში. ღირსი მამა 420 წელს გარდაიცვალა, ღრმა მოხუცებულობაში.

სებასტიანე და ქრისტოდულე

საეკლესიო კალენდრის მიხედვით 11 მარტი წმიდა მოწამეების სებასტიანე და ქრისტოდულეს ხსენების დღეა.

 სებასტიანე და ქრისტოდულე წმიდა ფოტინის რაზმის მეომრები იყვნენ. ისინი დაახლოებით  66 წელს მახვილით აღესრულნენ იმპერატორ ნერონის (54-68) დროს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

თემები:
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019 (148)

მთავარი თემები