17:23 22 თებერვალი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0128
  • 100 RUB4.0560
  • USD2.6570
სიღნაღის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია

საეკლესიო კალენდარი: 2019 წლის 13 თებერვალი

CC BY-SA 2.0 / Silber_Mel / The Sighnaghi church of Saint Stephen
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
ქართული საეკლესიო კალენდარი 2019 (10)
129 0 0

13 თებერვალი (ძველი სტილით 31 იანვარი) - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლისთვის მარხვაა.

მართლმადიდებელი ეკლესია 13 თებერვალს უვერცხლოთა მოწამეთა კვიროსისა და იოანესი და მათთანა მოწამეთა: ათანასიასი და ასულთა მისთა: თეოდოტიასი, თეოქტისტასი და ევდოქსიასი (311); მოწამეთა: ბიქტორინესი, ბიქტორისა, ნიკიფორესი, კლავდისა, დიოდორესი, სერაპიონისა და პაპიანესი (251); ასევე მოწამეთა,  რიფენე კვიზიკელისა.ილია არდუნისის და ნიკიტა ნოვგოროდელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

წმიდანი საკვირველმოქმედნი, უვერცხლონი, კვიროს და იოანე და მათთანა მოწამე ათანასია და ასულნი მისნი - თეოდოტია, თეოქსისტა და ევდოქსია.

წმიდა უვერცხლო კვიროსი

ალექსანდრიაში დაიბადა და გაიზარდა. ქრისტიანი ექიმი ყველა ავადმყოფს უსასყიდლოდ კურნავდა ხორციელ და სულიერ სნეულებათაგან, სახარების სწავლებას ქადაგებდა და მრავალ წარმართს მოაქცევდა ჭეშმარიტ სჯულზე. დიოკლეტიანეს (284-305) დროინდელი დევნილობისას კვიროსმა არაბეთის უდაბნოს მიაშურა, ბერად აღიკვეცა და დაუცხრომლად განაგრძო მოღვაწეობა, რისთვისაც უფლისაგან ყოველგვარი სნეულების კურნების მადლი მიენიჭა.

ამ დროს ქალაქ ედესაში ცხოვრობდა კეთილმსახური ქრისტიანი მხედარი იოანე. როცა დევნილობა დაიწყო, იგი იერუსალიმში წავიდა, სადაც წმიდა კვიროსის შესახებ შეიტყო და მისი ნახვის სურვილით აინთო. ხანგრძლივი ძიების შემდეგ მან მიაგნო უდაბნოში დაყუდებულ ბერს და მისი ერთგული მოწაფე შეიქნა. ერთხელ მამებმა შეიტყვეს, რომ ეგვიპტის ქალაქ კანოპში შეპყრობილი იყო ქრისტიანი ქალი ათანასია სამ ასულთან - თეოქსიტისთან, თეოდოტიასთან და ევდოქსიასთან ერთად. წმიდა მამებმა საპყრობილეში მოინახულეს მოწამეები და გაამხნევეს. როცა ამის შესახებ შეიტყო, ქალაქის მმართველმა კვიროსი და იოანე დაატუსაღა. ჭეშმარიტი სარწმუნოების მხნე აღსარებისათვის ისინი ჯერ სასტიკად აწამეს, შემდეგ კი სიკვდილით დასაჯეს.

მოწამენი: ვიქტორინა, ვიქტორი, ნიკიფორე, დიოდორე, კლავდიუსი, სერაფიონი და პაპი

წმიდა მოწამენი ვიქტორინა, ვიქტორი, ნიკიფორე, კლავდიუსი, დიოდორე, სერაფიონი და პაპი კორინთოში ეწამნენ იმპერატორ დეკიუსის (249-251) მიერ ქრისტიანთა დევნისას, 251 წელს. წმიდა ვიქტორინი, ვიქტორი და ნიკიფორე რკინის როდინში ჩასხეს და უზარმაზარი რკინის ფილთაქვით მოკლეს. წმიდა კლავდი ხელ-ფეხის მოკვეთით მოაკვდინეს, წმიდა დიოდორე დაწვეს, წმიდა სერაფიონს თავი მოჰკვეთეს, წმიდა პაპი კი ზღვაში დაახრჩვეს.

წმიდა მოწამე რიფენე კვიზიკელი

წმინდა მოწამე რიფენე ქალაქ კვიზირიდან იყო. მან ჯალათებს ნებით მისცა თავი საწამებლად. მრავალფერი სატანჯველის დათმენისა და ქრისტეს მხნედ აღიარების შემდეგ წმინდანი გამძვინვარებულ ხარს დააფლეთინეს.

ღირსმოწამე ილია არდუნისი

ღირსმოწამე ილია არდუნისი მორეაში დაიბადა. იგი კეთილგონიერებითა და სიკეთით გამოირჩეოდა და სოფლის მცხოვრებლებს ძალიან უყვარდათ. ერთხელ ბოროტის მიერ ცდუნებულმა ილიამ უარყო ქრისტიანობა, მაგრამ მალევე შეინანა, ათონის მთას მიაშურა და ბერად შედგა. მან აქ რვა წელი დაჰყო მკაცრ ღვაწლში, მაგრამ სინდისის ქენჯნა ვერ დაიცხრო. წმიდანს აღეძრა სურვილი, სისხლით ჩამოებანა ცოდვით შესვრილი სული. მოძღვრის კურთხევით, სამშობლოში წავიდა და თურქების წინაშე თავი ქრისტიანად გამოაცხადა. უსჯულოებმა სასტიკად სცემეს იგი და მსაჯულს გადასცეს, მსაჯულმა კი მისი დაწვა ბრძანა. უფალმა განადიდა თავისი რჩეული - ცეცხლში არა თუ მისი სხეული, ტანსაცმელი და თმაც კი უვნებელი დარჩა. ქრისტიანებმა პატივით დაფლეს მოწამის ცხედარი.

წმიდა მღვდელმთავარი ნიკიტა, ნოვგოროდელი

წმიდა ნიკიტა, ნოვგოროდელი ეპისკოპოსი ახალგაზრდა იყო, როცა კიევო-პეჩორის მონასტერში მივიდა და მალე დაყუდებული ცხოვრების სურვილიც გამოთქვა. იღუმენმა გააფრთხილა, ახალგაზრდა ბერისთვის ასეთი ღვაწლი ნაადრევიაო, მაგრამ ნიკიტამ ყურად არ იღო რჩევა. ერთხელ, მოსაგრე ცოდვით დაეცა: ანგელოზის სახით გამოცხადებულ ეშმაკს თაყვანი სცა. ამის შემდეგ ბოროტმა მას, მისი თქმით, უკვე სრულყოფილებამდე ამაღლებულს, შეაგონა: „არ გინდა ლოცვა, მხოლოდ იკითხე და სხვებს ასწავლე, შენს მაგივრად კი მე ვილოცებ! “ ეს თქვა და დაყუდებულის მახლობლად დადგა, თან თავი ისე მოიჩვენა, თითქოს ლოცულობდა. მოხიბლული ბერი ნიკიტა მალე ყველას აღემატა ძველი აღთქმის წიგნების ცოდნაში, ახალ აღთქმაზე კი არა თუ საუბარი, სიტყვის გაგონებაც კი არ სურდა. კიევო-პეჩორელი ძმები მივიდნენ ცდუნებულთან და ლოცვებით განაშორეს მას ბოროტი. ამის შემდეგ ნიკიტამ კურთხევით დატოვა დაყუდების ადგილი და მკაცრ მარხვასა და ლოცვას მიეცა, ყველაზე მეტად კი მორჩილებისა და თავმდაბლობის მოგებას ესწრაფოდა. ყოვლადსახიერმა უფალმა ნეტარი ბერების ლოცვით იგი დაცემის სიღრმიდან სრულყოფილების მწვერვალზე აღამაღლა. შემდგომში წმიდანი ნოვგოროდის ეპისკოპოსი გახდა და სასწაულქმედების ნიჭიც მიემადლა. ღირსმა ნიკიტამ მშვიდობით მიისვენა 1109 წელს.

მასალა მომზადებულია ვებგვერდზე  orthodoxy.ge და სხვა ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

თემები:
ქართული საეკლესიო კალენდარი 2019 (10)

მთავარი თემები