საპატრიარქო: დეკანოზ მამალაძეს აუცილებლად მოუწევს პასუხი გასცეს წმინდა სინოდს

© Sputnik / Levan Avlabreliსაქართველოს საპარტიარქო
საქართველოს საპარტიარქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საპატრიარქო ბოლო დროს მედიაში დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის აქტიურ განხილვას ეხმაურება

თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. საქართველოს საპატრიარქოს ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით თავისი პოზიცია დღემდე ორი მიზეზის გამო არ დაუფიქსირებია — არ იცნობს გამოძიების მასალებს და თავს იკავებს განცხადებებისაგან, რომ დამატებითი ზიანი არ მიადგეს დაკავებულს, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. მაშინ გერმანიაში სამკურნალოდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იმყოფებოდა, რომელსაც სხვებთან ერთად პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილიც ახლდა. სამართალდამცველებმა დეკანოზის ბარგში ნატრიუმის ციანიდი, ხოლო სახლში კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ვაზნა იპოვეს.

ციხის დერეფანი - Sputnik საქართველო
თავისუფლება დუმილის სანაცვლოდ - რა გარიგებას სთავაზობენ დეკანოზ მამალაძეს

დეკანოზს ბრალად ედება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა.

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ბოლო დროს კვლავ გააქტიურდა ზოგიერთი მედია ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ მამალაძესთან მიმართებაში.

„მას წარმოაჩენენ სიმართლისათვის დევნილად, კორუფციასთან მებრძოლად და ამ მიზეზით დასჯილად. საპატრიარქოს კი – დამნაშავეთა დამფარველად და უსამართლობის ხელშემწყობად",- ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქოში მიაჩნიათ, რომ ამგვარი ინფორმაციის გავრცელების მიზანი ეკლესიისა და სასულიერო დასის დისკრედიტაციაა, ასევე, დეკანოზის შეწყალების მისაღწევად გარკვეული ზემოქმედების მოხდენა პრეზიდენტსა და საზოგადოებაზე.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
ციანიდის საქმე: შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი დეკანოზ მამალაძეს

„სიცრუეა ისიც, თითქოს საქართველოს საპატრიარქოში მილიონობით თანხებზე ხდება კორუფციული გარიგებები და რომ დეკანოზი ამის მხილებას შეეწირა… ჩვენ არ ვიცით, შეიწყალებენ თუ არა მამალაძეს, მაგრამ მას აუცილებლად მოუწევს პასუხი გასცეს წმინდა სინოდს იმ ცილისწამებების გამო, რასაც თითქმის ორი წელია ავრცელებს, ან მისი სახელით ავრცელებენ",- ნათქვამია განცხადებაში.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის სექტემბერში შეუფარდა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ 2018 წლის 13 თებერვალს ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ კი მამალაძის საქმე წარმოებაში არ მიიღო.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიმდინარე წლის 2 აგვისტოს განაცხადა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების განხილვას გეგმავს. მას დეკანოზის შეწყალების თხოვნით ადვოკატებმა უკვე მიმართეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0