01:49 20 აგვისტო 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.9344
  • 100 RUB3.8267
  • USD2.5779
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

ილია მეორე: ვიდრე ვარსებობთ, დიდგორი ყოველთვის იქნება

© Sputnik / STRINGER
რელიგია
მოკლე ბმულის მიღება
91 0 0

1121 წლის 12 აგვისტოს მანგლისის მახლობლად, დიდგორის ველზე, მეფე დავით აღმაშენებელმა გადამწყვეტ ბრძოლაში თურქ-სელჩუკთა მრავალრიცხოვანი არმია დაამარცხა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა,  უწმინდესმა  და უნეტარესმა ილია მეორემ დიდგორის ომის გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

დღეს თეთრიწყაროში, დიდგორის ველზე დიდგორის სახელოვანი ბრძოლის 897-ე წლისთავი აღინიშნება. სახალხო დღესასწაულის  ფარგლებში დაგეგმილია კულტურულ-სპორტული ღონისძიებები — საკონცერტო წარმოდგენა, ქართული ჭიდაობა, მკლავჭიდი და დოღი.

„ადამიანის ცხოვრება, ისევე, როგორც ერის ცხოვრება, შედგება ბრძოლებისგან – ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის. დღეს დიდგორობაა – უდიდესი ბრძოლა, რომელიც ქართველმა ხალხმა გადაიტანა“, — აღნიშნა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას.

პატრიარქმა ქადაგებისას დავით აღმაშენებლის სიბრძნეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მან ისე დაგეგმა და მოაწყო, რომ დიდგორის ომში გამარჯვება იყო გარდაუვალი.

„დიდგორი არ დამთავრებულა. ვიდრე ჩვენ ვცოცხლობთ, ვიდრე ვარსებობთ, დიდგორი ყოველთვის იქნება. ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროში, ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როცა ადამიანმა სიბრძნე უნდა გამოიჩინოს. უპირველეს ყოვლისა წმინდა მამები ამბობენ, რომ შენ თუ გაიმარჯვებ შენს თავზე, ყველგან გამარჯვებული იქნები. აი, ეს უნდა გვახსოვდეს”, – ბრძანა ილია მეორემ.

1121 წლის 12 აგვისტოს მანგლისის მახლობლად, დიდგორის ველზე, მეფე დავით აღმაშენებელმა გადამწყვეტ ბრძოლაში თურქ-სელჩუკთა მრავალრიცხოვანი არმია დაამარცხა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, რომელსაც ისტორიკოსებმა „ძლევაი საკვირველი“ უწოდეს.

დიდგორის ბრძოლას ქართველთა მრავალსაუკუნოვან ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია. დავით აღმაშენებლის გონივრული სამხედრო სტრატეგიის წყალობით, დიდგორი დამოუკიდებლობისათვის და თავისუფლებისათვის ბრძოლის, ერთიანობის და ქვეყნისათვის თავდადების სიმბოლოდ იქცა.  


მთავარი თემები