მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ვლაქერნობას აღნიშნავს

© courtesy of Lika Giorgadzeღვთისმშობლის მოწყალე მოალერსე ხატი
ღვთისმშობლის მოწყალე მოალერსე ხატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
15 ივლისი - ეს ის დღეა, როცა მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სამოსლის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. მართლმადიდებლური ეკლესია დღეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სამოსლის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს — ვლაქერნობას აღნიშნავს.

ვლაქერნა კონსტანტინეპოლში ზღვისპირა ადგილია, სადაც ქრისტიანული სამყაროს ეს დიდი დღესასწაული დამკვიდრდა, რომელიც მაცხოვრის დედის შესამოსელისათვის საგანგებოდ აშენებულ ტაძარში მისი პატიოსანი სამოსლის დადებას უკავშირდება. კერძოდ, 458 წლის 15 ივლისს კონსტანტინოპოლელმა პატრიარქმა გენადიმ ახალ კიდობანში ჩაბრძანებული სიწმინდე შესაფერისი პატივით დააბრძანა ტაძარში. შემდგომში, ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის კიდობანში ჩააბრძანეს მისი წმინდა ომოფორი და სარტყლის ნაწილიც. მას შემდეგ კი, რაც ოსმალებმა ბიზანტია დაიპყრეს, უდიდესმა სიწმინდეებმა სამეგრელოში გადაინაცვლეს და დადიანების საგვარეულო საგანძურში დაივანეს.

სამება - Sputnik საქართველო
დღეს პეტრე–პავლობაა

ამჟამად ვლაქერნის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართი — ზუგდიდში, ისტორიულ მუზეუმში. მორწმუნეებს წელიწადში მხოლოდ ერთხელ, 15 ივლისს აქვთ საშუალება მიეახლონ და თაყვანი სცენ მას.

დღეს ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა ტარდება. ტელეკომპანია „იმედის“ ცნობით, ღვთისმშობლის კვართი ტრადიციისამებრ ზუგდიდის მუზეუმიდან საკათედრო ტაძარში უკვე  გადააბრძანეს. პროცესს სასულიერო პირებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნიდან და საქართველოს კუთხეებიდან ჩასული მომლოცველები დაესწრნენ. 

მომლოცველებს მთელი დღის განმავლობაში აქვთ შესაძლებლობა, ემთხვიონ ქრისტიანული სამყაროს ამ უდიდეს სიწმინდეს. დღესასწაულზე კვართზე სამთხვევად მართლმადიდებლური მრევლი სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდის.

ვლაქერნობა საერთო სახალხო დღესასწაულად საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით გამოცხადდა.

დღესასწაულზე ზუგდიდში მინისტრთა კაბინეტის წევრებსა და პრემიერ-მინისტრს ელოდებიან.  


ყველა ახალი ამბავი
0