იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლი გადმოვიდა - ვიდეოკადრები

© REUTERS / Amir Cohenწმინდა ცეცხლის გადმოსვლა მაცხოვრის საფლავის ტაძარში იერუსალიმში
წმინდა ცეცხლის გადმოსვლა მაცხოვრის საფლავის ტაძარში იერუსალიმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
იერუსალიმში ქართველ მომლოცველთა ჯგუფიც იმყოფება, რომელიც წმინდა ცეცხლს საქართველოში ჩარტერული რეისით დღეს გვიან საღამოს ჩამოაბრძანებს

თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის რიტუალი შესრულდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, ცეცხლის გადმოსვლის მოწმე გახდა. ზეციური ცეცხლი საფლავზე 15:16 საათზე გადმოვიდა.

წმინდა ცეცხლს ჭეშმარიტების ნათელს უწოდებენ, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს. მაცხოვრის საფლავი იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში მდებარეობს, რომელიც IV საუკუნეში დედოფალ ელენეს ბრძანებით აშენდა.

ცეცხლის გადმოსვლის საიდუმლოში მონაწილეობენ არაბი ქრისტიანები, რადგან  სწორედ ასე — ხმამაღალი შეძახილებით და საყვირებით — ლოცულობდნენ ძველი ებრაელები მტრის ქალაქ იერიქონთან, როცა მისი კედლები ინგრეოდა. ასევე როკავდა და გალობდა მეფსალმუნე დავით წინასწარმეტყველი აღთქმის კიდობნის წინაშე. 

ცეცხლის გადმოსვლისთვის ლოცულობენ ბერები და ასევე ამ მოვლენის უმთავრესი მონაწილეა იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე მესამე — მსოფლიოში უძველესი იერუსალიმის ეკლესიის მეთაური.

წმინდა ცეცხლის გადმოსვლის შემდეგ იერუსალიმის პატრიარქმა აანთო სანთლები, იქ დამსწრე მომლოცველები დალოცა და წმინდა ცეცხლი დაურიგა, ცეცხლი თავიდან არ არის მხურვალე, არ წვავს.

იერუსალიმში ქართველ მომლოცველთა 94-კაციანი ჯგუფიც იმყოფება, რომელიც წმინდა ცეცხლს საქართველოში ჩარტერული რეისით დღეს გვიან საღამოს ჩამოაბრძანებს. იგი აღდგომის ლიტურგიის დროს ყველა ტაძარში გავრცელდება და მორწმუნეებს სახლში წაღების საშუალება ექნებათ.

არსებობს მოსაზრება, რომ როდესაც მაცხოვრის საფლავზე ღვთიური ცეცხლი არ გადმოვა, ეს მოვლენა ანტიქრისტეს მოსვლის და სამყაროს აღსასრულის მომასწავებელი იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0