კვირიკობა სვანეთში: სახალხო დღესასწაულის ისტორია და ტრადიციები

© ელიზავეტა ჟუდროსოფელი სვანეთში
სოფელი სვანეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზემო სვანეთში, სოფელ კალაში დღეს წმინდა ივლიტას და კვირიკეს ხსენების დღეს ზეიმობენ.

უძველესი დროიდან სვანეთში 28 ივლისს, წმინდა კვირიკესა და ივლიტას წამების დღეს, რელიგიურ დღესასწაულს — კვირიკობას აღნიშნავენ, რომელსაც სვანეთში ლაგურკას ეძახიან. სვანები ეკლესიას საგანგებოდ ამ დღისთვის გაზრდილ თეთრ ცხვარს სწირავენ. ამ დღეს მე-11 საუკუნის ტაძარში – ლაგურკაში თავს იყრის სალოცავად მოსული მრევლი არა მარტო სვანეთიდან, არამედ საქართველოს ყველა კუთხიდან. მომლოცველები წმინდა კვირიკესა და ივლიტას შესთხოვენ ოჯახის ბედნიერებასა და ყრმათა სწრაფ განკურნებას.

CC0 / Public Domain / კვირიკესა და ივლიტას ხატი
კვირიკესა და ივლიტას ხატი - Sputnik საქართველო
კვირიკესა და ივლიტას ხატი

წმიდა მოწამენი კვირიკე და ივლიტა მცირე აზიაში, ქალაქ იკონიაში ცხოვრობდნენ. დიდებული გვარის ჩამომავალი ივლიტა ქრისტიანი იყო. იგი ადრე დაქვრივდა და ერთადერთ ვაჟს — პატარა კვირიკეს  ზრდიდა. ქრისტიანების დევნის დაწყების შემდეგ ივლიტა მმართველთან დაიბარეს. ის სამსჯავროზე თავისი სამი წლის ძით ხელში მივიდა და ქრისტიანობა თამამად გამოაცხადა. განრისხებული მსაჯულის ბრძანებით ივლიტას შვილი ხელიდან გამოგლიჯეს და ხარის ძარღვით დაუწყეს ცემა. დედის წამების შემყურე კვირიკე ტიროდა. ბავშვის სილამაზით მოხიბლულმა მმართველმა ის კალთაში ჩაისვა და ფერება დაუწყო, მაგრამ კვირიკე არ ჩერდებოდა: „მეც ქრისტიანი ვარ!” – ტიროდა და დედისკენ მიიწევდა. განრისხებულმა მსაჯულმა ბავშვი მიწაზე დაანარცხა. ჩვილი კიბის საფეხურებზე ჩაგორდა და გარდაიცვალა. ივლიტასაც თავი მოჰკვეთეს. ისინი დაახლოებით 305 წელს აწამეს. წმიდა კვირიკეს ხელის მტევანი საქართველოში — ზუგდიდის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ინახება.

CC BY-SA 2.0 / Silber_Mel / Dadiani Palazzioზუგდიდის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი
Дворец князей Дадиани в Зугдиди - Sputnik საქართველო
ზუგდიდის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი

ლაგურკა შუა საუკუნეების დარბაზული ტიპის ეკლესიაა. აგებულია X-XI საუკუნეებში და ქართული მონუმენტური ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლია. აქ დაცულია წმინდა კვირიკეს რამდენიმე უძვირფასესი ხატი. ტაძარი მოხატულია დავით აღმაშენებლის კარის მხატვრის თევდორეს მიერ. ლაგურკის მოხატულობა ნაწილობრივ გადაწერილია გვიან შუა საუკუნეებში, რადგან მიწისძვრას ძლიერ დაუზიანებია.

ტაძარი მაღალ მთაზეა აღმართული. ტრადიციულად, ეს მთაც საკრალურად ითვლება და საგულდაგულოდაა დაცული, რადგან ეკლესიის საკუთრებად მიიჩნევა. მთა დაფარულია ხშირი წიწვოვანი ტყით, რომელსაც მიუყვება ერთადერთი გზა — საცალფეხო ბილიკი მონასტრისკენ. ტყეც საეკლესიოა და მასაც უფრთხილდებიან. სამონასტრო ცხოვრების დასრულების შემდეგ ლაგურკის მოვლა-პატრონობა ადგილობრივმა მოსახლეობამ ითავა.

CC BY-SA 3.0 / Wikipedia/ http://travelgeorgia.ru / Kvirike monasteryწმინდა კვირიკესა და ივლისტას მონასტერი - ლაგურკა
წმინდა კვირიკესა და ივლისტას მონასტერი - ლაგურკა - Sputnik საქართველო
წმინდა კვირიკესა და ივლისტას მონასტერი - ლაგურკა

ლაგურკა ერთ-ერთი უძლიერესი სალოცავია მთელ სვანეთში. სვანების ყოველ თემს თავისი ეკლესია აქვს აუარებელი ჯვარ-ხატებით, მაგრამ არც ერთი ისე ძლიერად არ მიაჩნიათ, როგორც ლაგურკა – წმ. კვირიკეს და ივლიტას ეკლესია და მასში დაცული საუცხოო, ბიზანტიური ხელოვნების სანაწილე – ხატი, რომელსაც ისინი შალიანს უწოდებენ. ამიტომაც, დიდი ბოროტებისა და დანაშაულის ჩამდენის აღმოსაჩენად, შენიშნულ პირებს ამ ხატზე აფიცებენ და არ ყოფილა შემთხვევა, რომ სვანს ფიცის დროს თავისი დანაშაული არ ეღიარებინოს. შალიანის ხატზე დაუფიცებლად პოლიტიკური ხასიათის არც ერთი მნიშვნელოვანი გადაწვეტილება არ მიიღებოდა. ამ ხატმა ლაგურკის მონასტერს უპირველესი ადგილი მოუპოვა სვანეთის სხვა ეკლესიათა შორის. მან აქცია კალის მონასტერი სვანეთის სულიერი და სოციალური ცხოვრების ცენტრად.

შალიანისთვის ხელის ხლება წელიწადში მხოლოდ ორჯერ შეიძლება: აღდგომის კვირის შაბათს და 28 (15) ივლისს კვირიკობის დღესასწაულზე. ამ დღეებში ხატის ხელის ხლების უფლება რჩეულ პირებს, ე.წ. მოკილებს ეძლევათ. ისინი უფლებამოსილი არიან შემდგომ აღდგომამდე მიხედონ და უპატრონონ მონასტერს. ამჟამად ამ მიზნით 12 კაცს ირჩევენ.

კვირიკობის დღესასწაულს სვანეთში 31 ივლისამდე იზეიმებენ.

 

მოამზადა ხატია გიგოლაშვილმა

ყველა ახალი ამბავი
0