თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში დღეს რელიგიური დღესასწაულია — მთავარანგელოზობა.
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვა უხორცოთა ზეცისა ძალთა კრების დღესასწაულის აღნიშვნა გადაწყდა ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე, რომელიც IV საუკუნის დასაწყისში, ნიკეის I მსოფლიო კრებამდე რამდენიმე წლით ადრე გაიმართა.
ლაოდიკიის კრებამ დაგმო და უარყო ანგელოზებისადმი ღვთაებრივი პატივის მიგება და დაამტკიცა მათი მართლმადიდებლური თაყვანისცემა. დღესასწაული აღინიშნება მარტიდან (საიდანაც ძველად წელიწადის ათვლას იწყებდნენ) მეცხრე თვეს — ნოემბერში, რაც ანგელოზთა ცხრა დასს შეესაბამება.
საქართველოში მთავარანგელოზთა სახელობის მრავალი ტაძარი არსებობს, მათ შორის არის ქუთაისის მწვანეყვავილას, მენჯის, ალგეთის, ჯუმათის (ოზურგეთის რაიონის), დიმის (ბაღდათის რაიონი), ერკეთის (ჩოხატაურის რაიონი), გრემის, შუამთის (თეკლესეული), ქვედა საზანოს (ზესტაფონის რაიონი), სართიჭალის, ონის, მარტყოფის, გლდანის და ა.შ.