სულ გჭირდება წამი ხუთი... რომ გაგეხსნას პარაშუტი...

პარაშუტი
პარაშუტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!!!

დღეს ჩვენს აივანზე გეპატიჟებით ფერად-ფერადი ქოლგებით დამშვენებულებს… სილამაზისთვის ეცადეთ, რომ ისინი არ იყოს მოსაწყენი ფერების, ერთჯერადი, გახუნებული, მიგდებული  და მერე  შემთხვევით ნაპოვნი, მენჯის ძვალივით სპიცაამოგდებული,  დაბრეცილი, დაჩაჩანაკებული  და ა.შ. 

წიკლაურის აღმართის დასაწყისშივე ქოლგები უნდა გაიხსნას და ჩემს სახლში  ასე უნდა ამობრძანდეთ…  მე კიდევ, ისეთი კარგად ინფორმირებული და ყველაფრით დაინტერესებული მეზობლები მყავს, აუცილებლად შეგიფასებენ ქოლგების ხარისხსაც,  მოხატულობასაც და ხელჩანთასთან შეხამებასაც კი…  თქვენთვის  ვამბობ, თორემ… მე კი დაგხვდებით საოცრად ექსკლუზიური, შეიძლება ითქვას რარიტეტული ქოლგით, რომელიც დღეს არავის აღარ აკვირვებს და თავის დროზე, დედას მშვენიერმა მომღერალმა ინგა ფერაძემ რომ ჩამოუტანა საზღვარგარეთის კრუიზიდან,  დღე და ღამე  ასაღები მოსავალივით  წვიმას ვნატრულობდი… რადგანაც ეს იყო თბილისში პირველი სრულიად გამჭვირვალე ქოლგა და თბილისელებსაც  შესაბამისი რეაქცია  ჰქონდათ… ეს ახლაა, არავის აღარაფერი უკვირს, ან თუკი უკვირს, არ გამოხატავს…  თორემ მაშინ ყველა ყველაფერს ამჩნევდა…

აქვე მინდა შემოგთავაზოთ, რომ ვისაც სურვილი გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ ერთი სამახსოვრო ნახტომი ქოლგით განახორციელოთ მარჯვენა მეზობლის საკმაოდ მოზრდილ ეზოში, რომელიც საოცრად კეთილგანწყობილი კაცია… მხოლოდ, უნდა წინასწარ გავაფრთხილოთ, თორემ პროფესიონალი მონადირეა და ცას ყოველთვის რაღაცის გაფართხალების  მოლოდინში შესცქერის…

რაც შეეხება დღევანდელ თარიღს, მინდა გითხრათ, რომ ბედი გქონიათ,  რომ ასოციატური აზროვნება მაქვს კარგად განვითარებული და მხოლოდ ქოლგებით მოსვლა გთხოვეთ… თორემ შემეძლო ყველასთვის თითო-თითო პარაშუტის წამოღება მეთხოვა… რომლის ოფიციალურ დაბადების დღედ  სწორედ 1785 წლის 3 ივნისი ითვლება, როდესაც ფრანგმა ფრანსუა ბლანშარმა თავის ხელით გაკეთებული პარაშუტი მიამაგრა, სავარაუდოდ, არა თავის ძაღლს და 300 მეტრის სიმაღლიდან საწყალ პირველ პარაშუტისტს ხელი გაუშვა… საბედნიეროდ, ძაღლი გადარჩა, თორემ ამ დილა ადრიანად არაფრით არ გაგიფუჭებდით ხასიათს… 

საოცარია, რომ პარაშუტის პირველი ესკიზი ჯერ კიდევ 1483 წელს შექმნა გენიალურმა ლეონარდო და ვინჩიმ. შემორჩენილია მისი ჩანაწერი — „თუკი ადამიანი გაშლის გაკრახმალებულ ტილოს, რომლის სიგრძე და სიგანე 12-12 მკლავის სიგრძეს უტოლდება, მას შეუძლია გადმოეშვას ნებისმიერი სიმაღლიდან, ყოველგვარი საფრთხის გარეშე“… ლეონარდოს პარაშუტი ძალიან გავდა თანამედროვე პარაშუტს, მაგრამ არავინ არ ეცადა მეცნიერის იდეის განხორციელებას, ერთი უბრალო მიზეზით: ამის საჭიროება არ არსებობდა… წარმოიდგინეთ, როგორ უნდა უსწრებდე დროს, რომ მხოლოდ 300 წლის შემდეგ,  სერიოზულად დაინტერესდნენ შენი გამოგონებით… 

პირველი პარაშუტისტები ხტებოდნენ ხეებიდან, სახურავებიდან, კოშკებიდან, ანძებიდან… პირველი ადამიანი, ვინც პარაშუტით აეროპლანიდან ჩამოხტა, იყო ამერიკელი ა.ბარი. მან თავისი ლეგენდარული ნახტომი  1912 წელს განახორციელა… 

ყველაზე  მაღალი წერტილიდან გადმოხტომის რეკორდი (38,6 კმ) ეკუთვნის  სპორტსმენ ექსტრემალს — ფელიქს ბაუმგარტნერს. თავისუფალ ვარდნაში მან განავითარა 1342 კმ/სთ სიჩქარე. რაღა თქმა უნდა,  ის სკაფანდრში იყო გამოწყობილი, თორემ ან გაიგუდებოდა ან დაიწვებოდა ატმოსფეროში… რაც შეეხება ყველაზე დაბალი წერტილიდან გადმოხტომის რეკორდს, ის დღემდე ეკუთვნის ინგლისელ სამხედრო მფრინავს, თომას სპენსერს… მან ეს რეკორდი, სრულიად შემთხვევით, 1945 წელს დაამყარა, როდესაც მისი თვითმფრინავი ჩამოაგდეს გერმანელებმა და ის 11 მ-იანი სიმაღლიდან დაეშვა პარაშუტით…

ყველაზე ასაკოვანი მამაკაცი, ვინც კი ოდესმე პარაშუტით გადმომხტარა,  იყო 97 წლის ინგლისელი ჯორჯ მოიზი. მან ნახტომით საკუთარ თავს დაბადების დღე მიულოცა… სხვათაშორის,  ჯორჯ ბუშმა-უფროსმა თავისი ბოლო 3 ნახტომი პარაშუტით  (80, 85 და 90 წლის ასაკში), ასევე საკუთარ  იუბილეებს მიუძღვნა…

ისე კი დავფიქრდი… წელს მეც საიუბილეო თარიღი  მიახლოვდება და ყოველი შემთხვევისთვის ნახტომების შესრულების ინსტრუქციას გავეცანი… ძალიან  ვიხალისე… თურმე ჯერ უნდა იარო აეროდრომზე, საიდანაც აფრენილი თვითმფრინავიდან აპირებ გადმოხტომას და ნელ-ნელა მორალურად შეეჩვიო იმას, რომ გადმოხტები… მერე იმას უნდა შეეჩვიო, რომ თვითმფრინავში  ჩაჯდები, მერე იმას, რომ გადმოხტები… მოკლედ, ამასობაში შეიძლება ჯორჯ მოიზს რეკორდიც კი გამოვაცალო ხელიდან… მაგრამ ყველაზე ძალიან მომხიბლა გადმოხტომის ტექნიკამ… მარჯვენა ფეხს დგამ  კარის მარჯვენა კუთხეში (არ დაგავიწყდეთ, რომ კარი ამ დროს უკვე ღიაა), შემდეგ მარჯვენა ხელით ეყრდნობი ღია კარის მარჯვენა მხარეს და საკუთარ თავს ისვრი გარეთ… მაგრამ მთავარია, რომ გადმოხტები, 90 გრადუსით უნდა შეტრიალდე, პირისპირ რომ უყურო თვითმფრინავს… ალბათ, გამოსამშვიდობებელი მზერა რომ ესროლო თვითმფრინავში დარჩენილ ინსტრუქტორს ან კიდევ  მადლობა გადაუხადო, რა იცი რა ხდება… სულ ბოლოს კი უნდა  შეტრიალდე თვითმფრინავის სვლის მიმართულებით… აი, ერთი კი ვერ გავიგე. ამ შეტრიალება-შემოტრიალებაში, პარაშუტის გასახსნელი რგოლი როდისღა უნდა ჩამოქაჩო… ინსტრუქციაში ესეც შესანიშნავად არის ახსნილი თურმე, რგოლის ჩამოქაჩვა თუ დაგავიწყდა,  5 წამში პარაშუტი ავტომატურად იხსნება… აი, პარაშუტსაც თუ დაავიწყდა, რა უნდა ქნა, აღარ წერია…

ასე რომ, ახლა გადაწყვეტის პროცესში ვარ, გადავხტე, თუ… გადავრჩე…

ისე კი ყოველთვის მშურდა, რა თქმა უნდა, თეთრი შურით იმ ადამიანების, ვისაც იტაცებდა სპორტის ექსტრემალური სახეობები…  ალბათ, მართლაც სულ სხვა გრძნობაა, მწვერვალზე რომ ახვალ და ცოტა ხნით არწივად რომ იგრძნობ თავს  ან უსაზღვრო ცაში ნებით ფეხს რომ გადადგამ… ალბათ ზღაპარია და სიზმარი ერთდროულად!

გისურვებთ ბედნიერ და ლამაზ დღეს!


ყველა ახალი ამბავი
0