ჭყოიძე: ევრაზიული კავშირი უფრო სასარგებლოა საქართველოსთვის ვიდრე ევროკავშირი

© photo: Sputnikმრგვალი მაგიდა "ევროპული თუ ევრაზიული ბაზარი"
მრგვალი მაგიდა ევროპული თუ ევრაზიული ბაზარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მრგვალი მაგიდის მონაწილეთა შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ქართული საზოგადოება ევრაზიულ კავშირს აღიქვამს როგორც საბჭოთა კავშირის ანალოგს, როგორც ტირანული ორგანიზაციის ნიმუშს, რომელთანაც არ უნდა გქონდეს არანაირი კავშირი.

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. საქართველოს შეუძლია უფრო მეტი სარგებელი მიიღოს ევრაზიული სივრცისგან ვიდრე ევროპისგან, განაცხადა კოალიცია „ევრაზიული არჩევანი — საქართველოს“ ლიდერმა „ერეკლე მეორის საზოგადოების“ ხელმძღვანელმა არჩილ ჭყოიძემ, „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გამართული მრგვალი მაგიდის მსვლელობისას. 

 „ჩვენ არ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ არ უნდა გვქონდეს საუბარი ევროპასთან, პირიქით, უნდა გვქონდეს, მაგრამ ამავე დროს ჩვენ უნდა წარვმართოთ არა ერთვექტორული, არამედ ორვექტორული პოლიტიკა. მათ შორის არა მარტო რუსეთთან, არამედ აზიის ქვეყნებთანაც, ჩინეთთან, ყაზახეთთან. გაცილებით მეტ სარგებელს მიიღებს ჩვენი ქვეყანა ევრაზიულ სივრცეში, ვიდრე ევროპულში…“ — განაცხადა ჭყოიძემ. 

 მან აღნიშნა, რომ ბოლო დროს ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს კოალიცია „ევროპული არჩევანი — საქართველო“ ემიჯნება ევროპას, ევროპული ბაზრის წინააღმდეგია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. 

 „თვით ევროპას არ უნდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია… მაგალითად ბულგარეთში მეღვინეობა ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა იმის გამო, რომ მათ ევროპაში 14-15 მილიონ ბოთლზე მეტის გაყიდვის უფლება არ აქვთ. ამიტომ გაანადგურეს ვენახი ბულგარეთში და იქ საკმაოდ სერიოზული პრობლემებია“, — აღნიშნა ჭყოიძემ.

 მრგვალი მაგიდის მონაწილეთა შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ქართული საზოგადოება ევრაზიულ კავშირს აღიქვამს როგორც საბჭოთა კავშირის ანალოგს, როგორც ტირანული ორგანიზაციის ნიმუშს, რომელთანაც არ უნდა გქონდეს არანაირი კავშირი. 

 „თვენახევრის წინ, ერაზიულ ეკონომიკურ კავშირთან სავაჭრო ხელშეკრულება ისრაელის სახელმწიფომ გააფორმა… მას მშვენიერი ურთიერთობები აქვს ევრაზიულ კავშირთან, ამავე დროს ხელმოწერილი აქვს ასოცირების ხელშეკრულებაზე ევროკავშირთან, ეს იმის მაჩვენებელია, რომ რეალურად შესაძლებელია ურთიერთობა გქონდეს ევროპასთან და და ამავე დროს რუსეთთანაც…“,- თქვა ჭყოიძემ. 

 მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა 2006 დან 2012 წლამდე პერიოდი გაიხსენეს, როცა რუსეთმა ქართულ პროდუქციას ემბარგო დაადო. მაშინ, მათი ინფორმაციით, საქართველომ მხოლოდ 6,5 მილიონი ბოთლი ქართული ღვინის გაყიდვა შეძლო ევროპაში, მაშინ როდესაც ემბარგოს მოხსნიდან რვა თვის შემდეგ, რუსეთში 22 მილიონი ბოთლი ღვინო გაიყიდა. თავის მხრივ ამან ყურძენზე ფასის აწევა გამოიწვია კახეთსა და რაჭაში, სამჯერ. 

 „სერიოზული ძვრებია მინერალური წყლების ბაზარზეც, სადაც გაყიდვები 400-500-600-ჯერ გაიზარდა და აქედანაც საქართველო სერიოზულ მოგებას იღებს“, — აღნიშნა ჭყოიძემ. 

 საქართველოს თავისი ორიათასწლიანი ქრისტიანული ისტორიის მანძილზე, ყოველთვის გამოსდიოდა ოქროს შუალედის პოვნა და მეზობელ სახელმწიფოებთან დიალოგის წარმართვა, „ჩვენ არავის მტრები არ ვართ… ჩვენთვის მისაღებია დიალოგი რუსეთთანაც და დასავლეთთანაც“, განაცხადა ჭყოიძემ.

 თავის მხრივ პარტია „ნეიტრალური საქართველოს“ ლიდერმა ვალერი კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ საქარრთველო ეძებს ბაზარს, მაშინ, როდესაც არ აქვს მზა პროდუქცია.

 „ჩვენ ვეძებთ ბაზარს და ჩვენ რეალურად არ გვაქვს პროდუქცია. აი ასეთი კურიოზული სიტუაციაა. ამიხსენით, რას ვყიდით ამ ბაზარზე? ჯერჯერობით ჩვენ მხოლოდ ღვინის გაყიდვა შეგვიძლია, მინერალური წყლების… მე ხშირად მესმის 500 მილიონიანი ბაზარი… ჩვენთვის რა განსხვავებაა რუსეთის 150 მილიონიან ბაზარსა და ევროპის 500 მილიონიან ბაზარს შორის? ჩვენ რა რუსეთის 150 მილიონიანი ბაზარი არ გვეყოფა? ვავსებთ კი ჩვენ მას? ეს ხომ მხოლოდ ციფრებით თამაშია და სხვა არაფერი…“, — აღნიშნა კვარაცხელიამ. 

 ის თვლის, რომ ევროპულ ბაზარზე შესვლა მხოლოდ კონკურენციითა და რეკლამითაა შესაძლებელი, ამის შესაძლებლობა კი საქართველოს არ აქვს და კიდევ დიდხანს არ ექნება. მისი თქმით ძნელი დასაჯერებელია, რომ საქართველო შეძლებს გაყიდოს თავისი პროდუქცია და კონკურენცია გაუწიოს ფრანგულ, ესპანურ, გერმანულ ღვინის მწარმოებელ კომპანიებს. 

 „ძალიან რთულია ვინმე დაარწმუნო, რომ ხვანჭკარაც კი საუკეთესო ღვინოა, ეს ძალიან რთულია, ამას საუკუნეები დასჭირდება“, — აღნიშნა კვარაცხელიამ.

 პარტია „ნეიტრალური საქართველოს“ ლიდერს არ სჯერა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობითა და ასოცირებული წევრობით საქართველოს რაიმე პროდუქციის შექმნა შეუძლია. პროდუქტის შექმნა მისი აზრით, შესაძლებელია მხოლოდ ბაზართან და იმ ქვეყნებთან ურთიერთობით, რომელთათვისაც ქართული პროდუქცია ასე თუ ისე ნაცნობია. ეს ყოფილი მოკავშირე ქვეყნებია და რა  თქმა უნდა რუსეთი.  

„თუ ჩვენ შევძლებთ და ფეხზე დავაყენებთ ჩვენს ავიამშენებლობას, მანქანათმშენებლობას, მეტალურგიას, ქიმიას, რითაც ადრე ქართული ეკონომიკა არსებობდა, ამ შემთხვევაში ჩვენ შესაძლოა მივიღოთ ეკონომიკური აღორძინება, მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ რუსეთთან თანამშრომლობის პირობებში და იმ შემთხვევაში თუ რუსეთი დაინტერესებული იქნება ჩვენი ეკონომიკის აღორძინებაში“, — განაცხადა კვარაცხელიამ. 

 ამასთან მან აღნიშნა, რომ რუსეთმა უნდა დაინახოს, რომ საქართველო  როგორც მინიმუმი არ აპირებს მისი მიმართულებით რაკეტების დამიზნებას, თავისთან ნატოს ცენტრების გახსნას, რომ არ ეწერება რუსეთის მტრების ბანაკში და არ ემუქრება მის ეროვნულ უსაფრთხოებას. 

 კვარაცხელიამ ასევე დიდი შეცდომა უწოდა საქართველოს ევროკავშირის სანქციებთან მიერთებას. მისი თქმით, ამ ნაბიჯის გამო, ქართული პროდუქცია შესაძლოა კვლავ რუსული ემბარგოს ქვეშ მოექცეს, რაც ქვეყანას მძიმე კრიზისამდე მიიყვანს. 

 მრგვალი მაგიდის მუშაობაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე იური მეჩითოვი, სტრატეგიული მართვის ინსტიტუტის დირექტორი პეტრე მამრაძე, პოლიტოლოგი ლევან ღვინიაშვილი. მოსკოვიდან სკაიპ-კონფერენციით საუბარში ჩაერთვნენ პორტალ „კავკაზოვედის“ მთავარი რედაქტორი ანდრეი არეშევი და საქმიანი კლუბის „ШОС“ დირექტორი.


ყველა ახალი ამბავი
0