ახალი მინი-სერიალები, რომლებიც ახალი წლის არდადეგებზე უნდა ნახოთ

© Pixabayტელევიზორი
ტელევიზორი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შესანიშნავი იქნებოდა, ახალ წელს სადმე თოვლში ჩაფლულ კურორტზე, სათხილამურო ტრასაზე ან მეგობრებთან ერთად შევხვედროდით. მაგრამ პანდემიამ ჩვენი გეგმები თავდაყირა დააყენა და თითქმის ერთი წელია სახლებში გამოგვკეტა.

როგორც იქნა, გრძელი და დამღლელი 2020 წელი გავისტუმრეთ და აღმოვაჩინეთ, რომ წლის ერთ-ერთი ნამდვილი გმირი ტელევიზორი ყოფილა. მართლაც, თითქმის ერთწლიანი კარანტინის დროს ტელევიზორმა შეუფასებელი მეგობრობა და სამსახური გაგვიწია და თავზესაყრელი დროის გაყვანაში მშვენივრად მოგვეხმარა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2020 წელი პანდემიასთან ერთად სერიალების წელიც იყო – სატელევიზიო შოუები მილიონობით სახლში გამოკეტილი ადამიანის ყოველდღიურობის განუყრელი ნაწილი გახდა.

დღევანდელ სტატიაშიც ვეცდებით შემოგთავაზოთ სულ ახალი, 2020 წლის ყველაზე გახმაურებული და საინტერესო მინი-სერიალები, რათა ახალი წლის დღეებში სახლში ყოფნა ცოტა მაინც გაგიხალისოთ.

საახალწლო მორთულობა - Sputnik საქართველო
ათი მშვენიერი საშობაო ფილმი სადღესასწაულო განწყობისთვის

1. ლაზიერის გამბიტი  - (The Queen’s Gambit) IMDB 8.7 – Netflix

ნეტფლიქსის ახალი, შვიდი ეპიზოდისგან შემდგარი მინი-სერიალი, რომელმაც გამოსვლიდან მალევე მოიპოვა მაყურებლის სიყვარული. მეტიც, The Queen’s Gambit-მა ნეტფლიქსის ყველაზე პოპულარული მინი-სერიალის სტატუსიც დაიმსახურა. 

„ლაზიერის გამბიტი“ ჭადრაკის ვუნდერკინდი ობოლი გოგონას ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. ბეთ ჰარმონი 8 წლის ასაკში აღმოაჩენს, რომ ჭადრაკის თამაში ბევრ სხვა პროფესიონალზე უკეთ გამოსდის. გოგონა იზრდება და სულ უფრო ძლიერი მოთამაშე ხდება. თავისი ნიჭით ის მალე ჭადრაკის სამყაროს სრულიად იპყრობს. სერიალმა შეიძლება იმიტომაც დაგაინტერესოთ, რომ ერთ-ერთ სცენაში მისმა პერსონაჟებმა ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილიც გაიხსენეს. 

მინი-სერიალის წარმატებამ ჭადრაკის მიმართ ინტერესი გაზარდა. Google-ში ჭადრაკზე ინფორმაციის მოძიების სიხშირე გაორმაგდა, eBay-ზე ჭადრაკის ნაკრებებზე მოთხოვნა 250%-ით გაიზარდა, ხოლო Chess.com-ზე (ჭადრაკის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ონლაინ სივრცე) ახალი მოთამაშეების რაოდენობა ხუთჯერ გაიზარდა.

2. ჩვეულებრივი ადამიანები - (Normal People) IMDB – 8.5  BBC

12 ეპიზოდისგან შემდგარი სატელევიზიო შოუ მარიანასა და კონელის შესახებ, რომლებიც სხვადასხვა სოციალურ ფენას მიეკუთნებიან, თუმცა ირლანდიის ერთ პატარა ქალაქში ცხოვრობენ და მათი გზებიც იკვეთება. ყველაზე საინტერესო ამბებიც აქედან იწყება.

მოკლედ, თუ საღამოობით სასიამოვნო განტვირთვა და რამდენიმე ცრემლის გადმოგდებაც გინდათ, 2020 წლის ბრიტანული სერიალი Normal People თქვენთვისაა.

3. უცხო (The Outsider) IMDB – 7.8 HBO

10 ეპიზოდისგან შემდგარი სატელევიზიო შოუ სტივენ კინგის ამავე სახელწოდების მისტიკური რომანის მიხედვითაა გადაღებული. მოვლენები გამოგონილ ქალაქში ვითარდება, სადაც ტრაგედია მოხდება - 11 წლის ბიჭს სასტიკად კლავენ. თითქოს ყველაფერი სტანდარტული გამოძიებით იწყება, მაგრამ რა სტივენ კინგი იქნებოდა, თუ სიუჟეტს ზებუნებრივ ელემენტებსაც არ დაამატებდა მეტი სიმძაფრისთვის.

შემაძრწუნებელი და მძაფრი სიუჟეტის გარდა, აუცილებლად შეამჩნევთ მსახიობების ბრწყინვალე შესრულებას, რაც სერიალს, სავარაუდოდ, არაერთ ჯილდოს მოუტანს. მოკლედ, ჩაუჯექით და ისიამოვნეთ წლის ერთ-ერთი პრექტიჟული დრამით.

4. შემიძლია გაგანადგურო (I May Destroy You) IMDB – 8.1 HBO, BBC

12 ეპიზოდისგან შემდგარი ბრიტანული მინი-სერიალის მთავარი გმირი მწერალი არაბელია, რომელიც გაუპატიურების მსხვერპლი ხდება. შოუ მთავარი როლის შემსრულებლის მიქაელა კოელის პირად გამოცდილებას ეფუძნება.

სატელევიზიო შოუ სექსუალურ კავშირამდე თანხმობის მნიშვნელობასა და მსახიობის მძიმე რეალურ გამოცდილებაზე ფარულად გვიყვება – მთავარი პერსონაჟი აღმოაჩენს, რომ წინა ღამით სასმელში ნარკოტიკი გაურიეს, შემდეგ კი მასზე სექსუალურად იძალადეს. 

5. შემქმნელები (Devs) IMDB – 7.7

8 ეპიზოდისგან შემდგარი დრამატული სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის სერიალი, რომელიც ინჟინერ-პროგრამისტის შესახებ მოგვითხრობს. ლილი ჩანი ერთ-ერთ პრესტიჟულ ტექნოლოგიურ კომპანიაში მუშაობს. მისი მეგობარი ბიჭი მოულოდნელად გაუჩინარდება. ლილი ეჭვობს, რომ მეგობრის გაუჩინარებაში სწორედ ეს კომპანიაა დამნაშავე.

დამნაშავის ძიებაში ლილი საიდუმლო განყოფილებას გადააწყდება და საინტერესო მოვლენებიც იწყება.

მიუხედავად იმისა, რომ ამ სამეცნიერო ფანტასტიკამ ზოგი შეიძლება შეაძრწუნოს და დააბნიოს, შოუ მაყურებელს გზავნის რთულ, მაგრამ ლამაზ ლაბირინთში. ასე რომ, მას თამამად შეიძლება ვუწოდოთ ერთ-ერთი საინტერესო და თავსატეხი მინი-სერიალი.

6. ქალბატონი ამერიკა (Mrs America) IMDB- 7.9

9 ეპიზოდისგან შემდგარი სატელევიზიო შოუ კონსერვატორი აქტივისტის ფილის შლეფლაის მოულოდნელ კამპანიაზე გვიყვება. ის იმ კორპორაციას უპირისპირდება, რომელიც ქალებისთვის თანაბარ უფლებებს ითხოვს. 

გახმაურებულ მინი-სერიალში მთავარ როლებს სახელგანთქმული კეიტ ბლანშეტი და „ამერიკული საშინელებათა ისტორიის“ ვარსკვლავი სარა პოლსონი თამაშობენ. ეს კიდევ ერთი სერიალია, რომლის ყურებაც ნამდვილად ღირს.

 

7. ბორტგამცილებელი (The Flight Attendant) IMDB – 7.2 HBO

შესანიშნავი ამერიკული მინი-სერიალი „ბორტგამცილებელი“ 9 ეპიზოდისგან შედგება და სტიუარდესა კასანდრა ბოუდენზე გვიყვება.

კასანდრა დუბაიში, სასტუმროს ოთახში წინა ღამის გართობის შემდეგ მიცვალებულის გვერდით იღვიძებს. მას არ ახსოვს წინა ღამის მოვლენები და შიშობს, რომ შეიძლება იყოს მკვლელი. კასანდრას პოლიციის გამოძახების ეშინია და დილას ისე აგრძელებს, თითქოს არაფერი მომხდარა. ნიუ-იორკში კი მას FBI-ს აგენტები ხვდებიან, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ მის ბოლო ვიზიტს დუბაიში.

ეს მინი-სერიალი ადვილად იპყრობს მაყურებლის გულს და საიდუმლოებით მოცული მკვლელობების მოყვარულთათვის საყვარელი შოუ ხდება.

8. დიადი (The Great) IMDB – 8.1. HULU

11 ეპიზოდისგან შემდგარი სერიალი „დიადი“ კიდევ ერთი ძლიერი პერსონაჟი ქალის ირგვლივ ვითარდება, რომელიც მე-18 საუკუნის ავსტრიაში ცხოვრობს. 

დიდგვაროვან კატერინას პირად ბედნიერებასა და სამეფოს მომავალს შორის არჩევანის გაკეთება უწევს. ამ ისტორიის ყველაზე საინტერესო ნაწილი კი სწორედ მაშინ იწყება, როდესაც ის ცოლად რუსეთის იმპერატორს მიჰყვება. 

9. ვიცი, რომ ეს სიმართლეა (I Know This Much Is True) IMDB- 8.2  HBO

სულ რაღაც 6 ეპიზოდისგან შემდგარი მინი-სერიალი დომინიკ ბირდზე გვიყვება, რომელიც თავის შიზოფრენიკ ტყუპისცალ ძმასთან დაძაბული ურთიერთობის გამოსწორებას ცდილობს.

შესანიშნავი მარკ რუფალო ასევე შესანიშნავად თამაშობს ორმაგ როლს და იდენტურ ტყუპ ძმებს ანსახიერებს. წლის ერთ-ერთი გამორჩეული სერიალი გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებთ.

10. განადგურება (The Undoing) IMDB – 7.5 HBO

6 ეპიზოდისგან შემდგარი მინი-სერიალის სიუჟეტი აუცილებლად ჩაგითრევთ. გრეის საქსი ისეთი ცხოვრებით ცხოვრობს, როგორსაც ნატრობდა: წარმატებული თერაპევტია, ჰყავს ერთგული მეუღლე და პატარა ბიჭუნა, რომელიც ნიუ-იორკის ერთ-ერთ ელიტარულ სკოლაში დადის.

ერთი ღამის განმავლობაში კი გრეისს მრავალი უბედურება დაატყდება თავს და მისი ცხოვრება ინგრევა. უბედურების პირისპირ დარჩენილი და უძლურების გამო სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ქალი ცდილობს ერთი ცხოვრება დაანგრიოს და მეორე შექმნას თავისთვის და ბავშვისთვის.

სერიალში მთავარ როლებს ასრულებენ ისეთი მძიმეწონიანი მსახიობები, როგორებიც არიან ნიკოლ კიდმანი და ჰიუ გრანტი.

ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!

 

 

ყველა ახალი ამბავი
0