ტარხუნა, როგორც პოტენციის უებარი წამალი: უცნაური ქეიფი გორში

გამოწერა
უცხოტომელი მამაკაცები დედის რძეს მონატრებული ჩვილებივით მიეტანენ ტარხუნას, წინასწარ გაფრთხილებული მიმტანები ახალი პარტიების შემოტანას ვერ აუდიოდნენ, ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ...

საბჭოთა კავშირში, მოგეხსენებათ (ვისაც არა, გაგონილი მაინც გექნებათ), ათასგვარი ღონისძიებები ტარდებოდა და, როგორც წესი, ეს ღონისძიებები სათანადო ლოზუნგებით იყო დახუნძლული. 1973 წელს თბილისში ჩატარდა საბჭოთა მწერლების დიდი ფორუმი შესაბამისი ლოზუნგით: Ум, честь и совесть советского писателя!

პირველი ორი დღე საქმიან შეხვედრებს, მოხსენებებს, აზრთა გაცვლა-გამოცვლას დაეთმო, მესამე დღეს კი ეს ხალხი ჯგუფებად დაყვეს, მწერალთა კავშირის ჩემნაირი „ჭყინტი“ თანამშრომლები მიამაგრეს და საქართველოს სხვადასხვა კუთხეების დასათვალიერებლად გაუშვეს. 

ხელბორკილი - Sputnik საქართველო
რეციდივისტის საქვეყნო ფიცი და შეწყალების უცნაური ისტორია: ნამდვილი ამბავი

ჩემი მიმართულება გორი-ბორჯომი იყო. 30-კაციან ჯგუფში ბევრი ცნობილი მწერალი მოხვდა: ვალენტინ რასპუტინი, ვასილი შუკშინი, ვილ ლიპატოვი რუსეთიდან, უკრაინელი ლეონიდ ნოვიჩენკო, ესტონელი არვო ვალტონენი და სხვები. გორში მშვიდობიანად ჩავედით. სტალინის სახლ-მუზეუმის დათვალიერების შემდეგ სოციალისტური შრომის გმირის არსენ ღოლიჯაშვილის სახლში სტუმრებისთვის დიდი პურმარილი გაიშალა. თამადა იმხანად გორის რაიონის რაიკომის პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი იყო. გაგონილი მქონდა კარგი თამადააო, მაგრამ ნანახმა ყველაფერს გადააჭარბა.

სუფრას ჩიტის რძე არ აკლდა, თუმცა ეს - ერთი შეხედვით. როგორც მალე გაირკვა, მთავარი ინგრედიენტი სიურპრიზად დაეტოვებინათ. დაახლოებით ერთ საათში გორელმა გოგონებმა მოზრდილი ლანგრებით შემოიტანეს მწვანე, ხასხასა ტარხუნა. ამ დროს თამადაც ფეხზე წამოდგა და ნეკრასოვის რუსულით სტუმრებს მიმართა:

— ბატონებო! ახლა ქართველი ერის გამორჩეული სადღეგრძელო უნდა მოგახსენოთ. ტრადიცია მავალებს, რიტუალური სიტყვები ქართულ ენაზე წარმოვთქვა, ამისთვის ბოდიშს გიხდით, მაგრამ შემდეგ აუცილებლად გითარგმნით, — დააიმედა გაფაციცებული საზოგადოება.

მწერალი საბეჭდ მანქანასთან - Sputnik საქართველო
ქოლერის ეპიდემია თბილისში და ფეხბურთის „მსოფლიოს ნაკრები“: საოცარი ნამდვილი ამბავი

შემდეგ ქართულად განაგრძო, გთხოვთ, არ შეიმჩნიოთ, ამყევით, ჩემთან ერთად გაითამაშეთ ეს მინი-სპექტაკლი და მალე დარწმუნდებით, რამდენად საჭირო და აუცილებელი პროდუქტია ტარხუნაო. ამ ჩვეულებრივ სიტყვებს რომ ამბობდა, ხელებს თეატრალურად შლიდა, ვითომ მართლაც რაღაც შამანურ რიტუალს ატარებდა. მერე უკვე რუსულად შემდეგი რამ თქვა: 

— ქართველებს წესად გვაქვს, განსაკუთრებული პატივი მივაგოთ ამ ჯადოსნურ მცენარეს; ჩვენი წინაპრებიდან მოყოლებული, ქართველი მამაკაცები ტარხუნის აქტიური მომხმარებლები გახლავართ, დედები ბავშვობიდან გვაჩვევდნენ მის ჭამას, რადგან, სწორედ ტარხუნაა მამაკაცური პოტენციის პანაცეა, ამ ჯადოსნურ მცენარეს უმადლიან ჩვენი ერის მამაკაცები იმ ძალას, რაც მათ სხვათაგან გამოარჩევს.

სადღეგრძელოს შემდეგ ბატონმა ჯუმბერმა მოზრდილი სასმისი გამოცალა და ალავერდმაც მთელი სუფრა ჩამოიარა. 

— 10-15 წუთი დაიცადეთ და ნახავთ, რაც მოხდება, ოღონდაც არავითარ შემთხვევაში არ გაიცინოთ და არც შეიმჩნიოთ, რისი მომსწრეებიც გახდებითო, — გაგვაფრთხილა თამადამ.

დარეჯანის სასახლე - Sputnik საქართველო
ამერიკელი სიძის თბილისური გამოცდა: ნამდვილი ამბავი

სუფრა თავისი რიგით წავიდა, სალაპარაკო თემა შეიცვალა, ახალ-ახალი კერძები შემოვიდა და მალე სპექტაკლის მეორე განყოფილებაც დაიწყო. უცხოტომელი მამაკაცები დედის რძეს მონატრებული ჩვილებივით მიეტანენ ტარხუნას, წინასწარ გაფრთხილებული მიმტანები ახალი პარტიების შემოტანას ვერ აუდიოდნენ, მაგრამ ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ქალბატონები ტარხუნას მალულად და ბღუჯა-ბღუჯა იტენიდნენ ჩანთებში. აი, აქ კი თავის შეკავება ძნელი გახდა, მაგრამ ისევ თამადამ გვიშველა. ერთი იაფფასიანი ანეკდოტი მოყვა და ღოლიჯაშვილების ოჯახში მყოფი ქართველების აქამდე ძლივს შეგუბებულმა ხარხარმაც გორის ცა შეაზანზარა. სტუმრებმა ზრდილობის გამო გაიღიმეს, რადგან სასაცილო ის ანეკდოტი ნამდვილად არ გახლდათ; მთავარი იყო, სტუმარმასპინძლობის ეტიკეტი არ დაგვერღვია და უხერხულობა თავიდან აგვეცილებინა.

მეორე დილით გორის „ინტურისტის“ ფოიეში ასეთ ფრაზას მოვკარი ყური: კაცო, ეს უცხო ხალხი დიდი მონდომებით რომ ეტანებოდა ამ ტარხუნას, გასაგებია, მაგრამ ეს ქართველი კაცები რაღამ გადარიაო…

მოლა ნასრედინის ოხუნჯობა გამახსენდა, სოფლის ბოლოში ფლავს არიგებენო რომ მოიტყუა. ცოტა ხანში მთელი სოფელი იმ მიმართულებით დაიძრა, თავად მოლამაც წამოავლო ხელი ქვაბს, იქნება-და მართლა არიგებენო…

ყველა ახალი ამბავი
0