ერთხელ სამეგრელოში... ანუ რა უნდა იცოდეთ სანამ სამეგრელოში ჩახვალთ

© photo: Giorgi Nikolava / FBკოლხური ოდა სახლი ნოქალაქევში
კოლხური ოდა სახლი ნოქალაქევში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამეგრელოში უცებ თავსდატეხილ სტუმრობას რა ჯობია. ჭიშკარს მიადგები, ცოტა ხანს „გაწიკწიკებულ“ ეზოს მოათვალიერებ და სანამ გაკვირვებას მოასწრებ, გაცისკროვნებული სახით შემოგეგებება უფროსი კოხტა მასპინძელიც და ბედნიერად შემოგძახებს: ნანაა, თენა მირე?

სამეგრელოში ლამაზი ეზო არავის უკვირს, რადგან ამ კუთხეში სახლ-კარის მოვლა ეზოდან იწყება. ნაფუსფუსარ ეზოში მინდორი, მინდორში ფეხშიშველა ლოყებ აწითლებული ბავშვები და მეგრული სიო... მასპინძელი ოდის გზას გასწავლით.

ქუაქანცალია   - Sputnik საქართველო
მეგრელი დევგმირი არამხუტუ: შერკინება ოჩოკოჩთან და მითიური ლოდი ქუაქანცალია

ან, მუ ჰავა ირქენს თე ხვამილ დიხას - ქერა თმიანი, ოსარსალაია ძღაბი რომ მწვანე თვალებს გადმოაბრიალებს და წამწამებს დააფახულებს ე, მანდ კარგავ ოდის კარებამდე მისასვლელ გზას. შემოხვეული აბრეშუმის თავშალით მწვანეში ჩაფლული კიბის პირველ საფეხურთან დაგხვდება, თეთრ ხელებს მორცხვად შემოგხვევს ისე, რომ მწვანე თვალებს სულ ერთი წამით დაგანახებს და გეტყვის: კუჩხიბედინერ ორდას სქან მუნულა თე ოჯახშა.

შენც მეგრული საღერღელი აგეშლება და ჩაიბურტყუნებ - სკან გვირალ თოლებს ქუგგუალე ძღაბი! ელუაფირ ზინთხი... აბა როგორ გინდათ?! სამეგრელოში რომ ჩადიხართ მეგრულიც უნდა იცოდეთ ჭიჭე-ჭიჭე მაინც.

მახსოვს, ერთხელ, არ ვიცი, ალბათ ხუმრობით უთქვამთ, მეგრელი ცოლი საკმარისი არ არის, სისხლი უნდა გადაგისხას მომავალმა მეუღლემო. ასეა, ზოგჯერ დაყოფაც იციან... მაგრამ მწვანე თვალების ხათრით არც მაგის წინააღმდეგი ხარ.

ამ ფიქრებში ხარ და მხოლოდ ოდიდან ელარჯის სურნელი თუ გამოგაფხიზლებს. სურნელი აგიყვანს კიბეებზე და „ვაგიორქო მას“ სიმღერის ხმას გაგაგონებს.

ამის შემდეგ სინათლის სხივზე უფრო სწრაფად „მეგრული სუფრა“ გაიშლება. არ მეგულება იმხელა მაგიდა ყველა კერძს რომ დაიტევს. თეფშები ერთმანეთზე ალაგია. თითქოს, დალოცვილმა კალთა გადმოიბერტყაო. არა, ელარჯი... ფიქრიც როგორი რთულია... თუმცა, თქვენ ხომ სტუმარი ხართ, პირველი თეფში უთუოდ თქვენ შეგხვდებათ. აქ სტუმარ-მასპინძლობა ტრადიციაა, ტრადიცია კი წესი და ადათი.

© თინათინ ბუკიარეკორდსმენი ელარჯი
ერთხელ სამეგრელოში... ანუ რა უნდა იცოდეთ სანამ სამეგრელოში ჩახვალთ - Sputnik საქართველო
რეკორდსმენი ელარჯი

აპ, აპ, არც იფიქროთ მეგრულ ფუჩხოლიასა და გებჟალიას შორის არჩევანის გაკეთება. რთული გადაწყვეტილება ისაა, რით დაიწყოთ. მიირთვით, რაც უკვე გულით მოგიმზადეს, ანუ ყველაფერი. თან მასპინძელსაც ხომ არ გაანაწყენებთ, არა?! რა სტუმრის და სამეგრელოს საკადრისი ეგაა?! მასპინძელი ისევ გეფერება: ჭკუმი სკან სანთელო, სკან საკმელო ქუგგალე მა სი.

ღომის ჩადგმის შემდეგ კიდევ გაქვთ საფიქრალი: ვის შეხვდება ღომის ამოღების შემდეგ ქვაბის კიდეებზე შერჩენილი ქერქი და ამასობაში მასპინძელს გამოაქვს დიდი ბაბუის ნაქონი ფიალა და ღვინით გივსებთ. თუ ამის პატივი გაქვთ, შეიძლება გაგიმართლოთ და მწვანე თვალებმაც კვლავ შემოგხედონ.

თუ სასმელი მოგერიათ და შემდეგ სადღეგრძელომდე დროის გაყვანა გსურთ, სუფრასთან მასპინძელს შეხუმრებით კითხეთ თუ იცის რას ნიშნავს ჭურჭული (წერტილი), სენი (თეფში), რკვანუა (საჭმლის შეკაზმვა). თქვენი ფანდი დროებითია. დააფასებს მასპინძელი თქვენი ლექსიკონის სიმდიდრეს, მაგრამ მეგრელს თქვენ მოატყუებთ? მალევე მიგიხვდებათ და ისევ თქვენი დასალევია. ოჯახში გაკეთებულ ღვინოსაც ისევ მოფერებით გთავაზობენ: გეშვ სკან სანთელო, სკან საკმელო ქუგგალე მა სი.

სუფრასთან რომ მოხვდებით გაგახსენდებათ, რატომაც გითხარით მეგრულის ცოდნა დაგჭირდებათ-თქო. მზად იყავით, თქვენთვის გასაგებ ენაზე, მხოლოდ რამდენიმე სიტყვას გაიგებთ. საღამოს, როცა დაღლას შეგატყობენ საუკეთესო ოთახში მოგასვენებენ, ძვირფას თეთრეულს დაგიგებენ და დილით მამლის ყივილზე ჩაის ნაცვლად არაყსაც შემოგთავაზებენ. ასე გრძელდება დაუსრულებლად...

...და თუ ოდიდან გამოსვლისას ოჯახს ძინა სიკეთე ან/და გიძინან ღორონთიქ უსურვე, შემდეგ ჯერზე კიდევ უფრო გაცისკროვნებულები დაგხვდებიან. უყვართ მეგრელებს დამნახველი სტუმარი. შექება და მოწონებაც უყვართ სხვაზე მეტად. მათ ხომ მწვანე თვალები აქვთ...

ყველა ახალი ამბავი
0