რადიოჟურნალისტები იხსენებენ: კიდევ ერთხელ ვერსიაზე – რადიო ქართველის გამოგონებულია?!

© photo: courtesy of Inga Gurgenidzeრადიოსტუდია
რადიოსტუდია - Sputnik საქართველო
გამოწერა
13 თებერვალი იუნესკომ რადიოს მსოფლიო დღედ გამოაცხადა.

მე, როგორც „წარმოშობით“ რადიოჟურნალისტი, სრულიად ვეთანხმები იუნესკოს, რომელმაც ოფიციალურად აღიარა, რომ „ციფრული ტექნოლოგიების საუკუნეში რადიო ისევ რჩება კომუნიკაციისა და ინფორმაციის მიღების ყველაზე ეფექტურ საშუალებად“.

დამტკიცებულია, რომ ადამიანისთვის გაცილებით რთულია გულწრფელობა მაშინ, როდესაც მოსაუბრე შენ სახეს ვერ ხედავს, რადგან ადამიანს ხმაში ეტყობა ის, რაც სახეზე არ ჩანს ხოლმე. ეს ჭეშმარიტება რადიოჟურნალისტების აღმოჩენილი არ არის, მაგრამ მასზე ალბათ ყველა რადიომანი სიამოვნებით მოაწერდა ხელს. სხვა „ჟანრის“ ჟურნალისტები ალბათ არ მიწყენენ, თუ ვიტყვი, რომ რადიოს სხვა ინტიმი, სიღრმე და უშუალობა ახლავს. ამიტომაა რადიოს მსმენელი განსაკუთრებული და გამორჩეული – ესაა აუდიტორია, რომელიც უფრო ღრმად აზროვნებს, რომელსაც უყვარს ფიქრი და პიროვნებაში გულწრფელობას აფასებს.

გადავწყვიტეთ, ამ დღეს ვთხოვოთ ჩვენ კოლეგებს რადიოსადმი თავისი დამოკიდებულებაზე გვითხრან ორი სიტყვა და გაიხსენონ ყველაზე დასამახსოვრებელი რადიო-ამბავი.

რის გამო დაკარგა რადიომ თავისი შარმი?

მაია ცომაია – ჟურნალისტი, რადიო „საქართველოს ხმა“ FM 107.9, საავატორო გადაცემა „პაციენტის დროს" წამყვანი.

© photo: courtesy of Maia Tsomaiaმაია ცომაია
რადიოჟურნალისტები იხსენებენ: კიდევ ერთხელ ვერსიაზე – რადიო ქართველის გამოგონებულია?! - Sputnik საქართველო
მაია ცომაია

– რადიო კომუნიკაციის ერთ-ერთი განსაკუთრებული საშუალება და მსოფლიოს უდიდესი გამოგონებაა, რომელიც დღესაც უწევს კონკურენციას როგორც ბეჭდურ, ასევე ტელემედიას. ჩემთვის რადიოს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ის, რაც რადიოს ახასიათებს, განსაკუთრებით ვახსენებ ინტიმურობას, არ გააჩნია მედიის არც ერთ საშუალებას. სოციალური ქსელების არსებობამ, განსაკუთრებით „ფეისბუქის“ მიმართ დიდმა ინტერესმა განაპირობა გარკვეული სიახლეების შეტანა – თითქმის ყველა რადიოსადგურს აქვს საკუთარი ფეისბუქ-გვერდი, სადაც „ლაივსტრიმის“ გარდა, რადიოგადაცემები „ლაივის“ რეჟიმში მიმდინარეობს. მე არ მომწონს, მაგრამ მსმენელიც და რესპონდენტიც შეეჩვია ამ სიახლეს და პოპულარულიც გახდა, თუმცა რადიომ დაკარგა ის, რაც ზემოთ ვახსენე – ინტიმურობა. ვთვლი, რომ რადიომაუწყებლობა საინფორმაციო გამოშვებებით, მუსიკალური, სპორტული თუ საავტორო გადაცემებით უფრო მდიდარი და მეტად კომფორტულია.

© photo: Sputnik / РИА Новости / გადასვლა მედიაბანკშირადიოსადგურის გრძელტალღური გადამცემის ერთ-ერთი პირველი მოდელი
რადიოჟურნალისტები იხსენებენ: კიდევ ერთხელ ვერსიაზე – რადიო ქართველის გამოგონებულია?! - Sputnik საქართველო
რადიოსადგურის გრძელტალღური გადამცემის ერთ-ერთი პირველი მოდელი

კიდევ ერთხელ ძველი ვერსიის შესახებ

ეს ფაქტი ყველასთვის ცნობილია და, ჩემი აზრით, ამ ვერსიას არსებობის საფუძველიც აქვს. რადიოს გამოგონების კვალს საქართველოში მოვყავართ. ვერსია კი ასეთია: პოპოვის რადიომიმღების ოფიციალურ დემონსტრირებამდე რამდენიმე თვით ადრე ილია ჭავჭავაძეს დასავლეთში განათლებამიღებული გორის მკვიდრი, გვარად იანქოშვილი სწვევია თურმე. ამ ადამიანს ილიასთვის მის მიერ გამოგონებული „საოცრების“ – რადიომიმღების შესახებ მოუყოლია. ილიას იანქოშვილის გამოგონების სქემა გაზეთ „ივერიაში“ დაუბეჭდავს. ეს ფაქტი მეზობელ სახელმწიფოს უყურადღებოდ არ დარჩა და „ივერიის“ ეს ნომერი სასწრაფოდ გადასცეს თურმე გამოგონებაზე მომუშავე მეცნიერებს, მათ შორის პოპოვსაც. როგორც ჩანს, გაზეთ „ივერიაში„ გამოქვეყნებული სქემა გახდა პოპოვის გამოგონების საბოლოო „გასაღები“. ამ ვერსიის დასამტკიცებლად საკმარისი იქნება საჯარო ბიბლიოთეკაში დაცული გაზეთი „ივერიის“ ის ნომერიც, სადაც იანქოშვილის სქემაა გამოქვეყნებული...

რადიოსპექტაკლი „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი” და ქართველი მსახიობები სტუდიაში

თინა ასამბაძე - რადიოს ხმის რეჟისორი.

© photo: Khazis Radio / FBთინა ასამბაძე
რადიოჟურნალისტები იხსენებენ: კიდევ ერთხელ ვერსიაზე – რადიო ქართველის გამოგონებულია?! - Sputnik საქართველო
თინა ასამბაძე

– ე.წ. ხაზის რადიოში მაშინ დავიწყე მუშაობა, როდესაც რადიო პოპულარობის ზენიტში იყო. პირველ რიგში მინდა ქალბატონი შოვინა ქაცარავა ვახსენო. რომ არა ეს პიროვნება, რადიოს ოქროს ფონდში ბევრი საარქივო მასალა არ იქნებოდა. ძალიან ბევრ გამორჩეულ ადამიანთან მქონდა შეხვედრის ბედნიერება, მათ შორის იყვნენ ეროსი მანჯგალაძე, გოგი გეგეჭკორი, ირაკლი უჩანეიშვილი, მედეა ჩახავა, თამილა ლასხიშვილი, გივი ბერიკაშვილი, ედიშერ მაღალაშვილი, კოტე მახარაძე, თათია ხაინდრავა… ყველას რა ჩამოთვლის?!. ჩვენ სტუდიაში თითქმის ყველა მათგანია ნამყოფი. მახსოვს, რევაზ გაბრიაძის პიესის მიხედვით დადგმული რადიოსპექტაკლის „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტის” ჩაწერას ქართველი გენიალური მსახიობების მთელი პლეადა ესწრებოდა, მათ შორის, რამაზ ჩხიკვაძე, სალომე ყანჩელი, მალხაზ გორგილაძე, სოსო ლაღიძე. სამწუხაროდ, მათგან ცოცხალი აღარავინაა. წარმოგიდგენიათ, რა იქნებოდა იმ რადიოსპექტაკლის ჩაწერის დროს?! ჩაწერის პროცესი უკვე ცალკე სპექტაკლი იყო...

ეთერს მიღმა დარჩენილი შეხვედრა რამაზ ჩხიკვაძესთან

ბარბარე ბენაშვილი - რადიოჟურნალისტი, რომელსაც რადიოში მუშაობის 40-წლიანი სტაჟი აქვს. მუშაობს საქართველოს საზოგადოებრივ რადიოში და არის პროგრამების „ეკომეტრის“, „ფერმერის საათის“, „ეკოპიკის“ და „აგროკის“ ავტორი და წამყვანი.

© photo: courtesy of Barbare Benashviliბარბარე ბენაშვილი
რადიოჟურნალისტები იხსენებენ: კიდევ ერთხელ ვერსიაზე – რადიო ქართველის გამოგონებულია?! - Sputnik საქართველო
ბარბარე ბენაშვილი

– რადიოში ჯერ კიდევ მაშინ დავიწყე მუშაობა, როცა ე.წ. ხაზის რადიო არსებობდა. რადიო რა არის ჩემთვის? ეს ჩემი ბიოგრაფიაა, ჩემი ცხოვრების წესი და ჩვევაა. ვამონტაჟებ ხოლმე ყველა ინფორმაციას და ისინი მეხსიერებაშიც იმის მიხედვით ლაგდება, რა მჭირდება ეთერისთვის და რა არა. ამ წლების მანძილზე ბევრი დაუვიწყარი შეხვედრა მახსენდება. მათგან მინდა გავიხსენო ჩემ 40-წლიან პრაქტიკაში ერთადერთი შემთხვევა, როდესაც რესპონდენტისგან მასალის გარეშე და მაინც ძალიან ბედნიერი წამოვედი. ერთხელ რამაზ ჩხიკვაძესთან მივედი სახლში, რათა ის გადაცემისთვის ჩამეწერა. იმ დღეს თეატრში „რიჩარდი“ ჰქონდა. მისმა მეუღლემ მიმიღო და მითხრა, მოდი, სანამ რამაზი მოვა, ჩაი დავლიოთო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. მოგვიანებით მოვიდა ბატონი რამაზი ყვავილებით ხელში. ქალბატონმა ნატაშამ უთხრა, გელოდებიანო. იცით, რა გააკეთა? გაბრაზდა! ხალხო, ყველაფერზე მე რატომ უნდა გიპასუხოთ, მართლა რიჩარდი ხომ არ გგონივართო?!. მე უხერხულად გავჩერდი. მან კი – სტუმრები თუ ხართ, დავსხდეთ და ვისადილოთო. ერთი სიტყვით, მონოლოგი წამიკითხა რიჩარდის მონოლოგის სტილში... იმ დღეს ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, ის იყო ძალიან უშუალო და ყველაფერს მისთვის ჩვეული არტისტიზმით და იუმორით ჰყვებოდა. ასეთი დაუვიწყარი შეხვედრების შემდეგ უფრო ვრწმუნდებოდი ხოლმე, რომ პროფესიაში სწორი არჩევანი გავაკეთე... მას შემდეგ ეთერშიც ბევრჯერ მყავდა და ისეთივე განსხვავებული და საინტერესო იყო, როგორც ცხოვრებაში...

რატომ ტოვებდა ხოლმე კოტე მახარაძე ჟურნალისტს მარტო

ელენე ბილიხოძე - რადიოს სპორტული კომენტატორი.

© photo: courtesy of Elene Bilikhodzeელენე ბილიხოძე
რადიოჟურნალისტები იხსენებენ: კიდევ ერთხელ ვერსიაზე – რადიო ქართველის გამოგონებულია?! - Sputnik საქართველო
ელენე ბილიხოძე

– რადიო სამყაროა, რომელიც ჩემთვის მუდამ გამარჯვებასთან ასოცირდება. ჩემ სახლში დღემდეა კედელზე შემორჩენილი რადიო – პატარა შავი ყუთი, რომლის მოსმენა ძალიან მიყვარდა, მაგრამ განსაკუთრებით მაინც რადიოსპექტაკლების მოსმენით ვტკბებოდი. შემდეგ სპორტული რადიოჟურნალისტი გავხდი. ბატონი კოტე მახარაძე – ჩვენი უფროსი მეგობარი და კოლეგა მუდამ მზად იყო დამწყებ სპორტულ ჟურნალისტებს დაგვხმარებოდა. როდესაც მასთან სახლში ჩასაწერად მივიდოდით, ყოველთვის გვეუბნებოდა, ცოტა ხნით ჩემ ოთახში შევალ, უნდა მოვემზადოო. ქალბატონ სოფიკოს მასპინძლობა ხომ ცალკე თემა იყო... სულ ასე იყო, ბატონი კოტე ყოველთვის მარტო გვტოვებდა ხოლმე ცოტა ხნით. წლების შემდეგ შევბედე და ვკითხე, ბატონო კოტე, თქვენ და მომზადება-მეთქი? მისმა პასუხმა გამაოცა: შენ გგონია, მე იქ რამეს ვაკეთებ? უბრალოდ ვზივარ და ჟურნალისტს, რომელიც ჩემთან მორიგი ჩაწერიდან დაღლილი მოვიდა, ხუთი წუთით დასვენების საშუალებას ვაძლევო... ასეთი ქცევა პიროვნების ღირსებისა და თავმდაბლობის გამომხატველი თვისებაა, რაც დღეს ასე იშვიათად გვხვდება. ვსარგებლობ შემთხვევით და ყველა რადიოს მოყვარულს და ჩემს კოლეგას ვულოცავ დღევანდელ დღეს და საინტერესო რესპონდენტებს ვუსურვებ...

 

ყველა ახალი ამბავი
0