ერთ ახალ წელს ვასო გოძიაშვილის ოჯახში და დიდობაში გაგზავნილი წერილი თოვლის ბაბუას

გამოწერა
გვიყვარს ქართველებს დღე-სასწაულები და ამიტომაა, რომ ყოველ ჯერზე მას ორ-ორჯერ ავღნიშნავთ ხოლმე. გამონაკლისი არც ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ზეიმი - ახალი წელია...

უფროსი თაობის ადამიანებისთვის ახალი წლის ათვლა 13 იანვრის 12 საათიდან იწყება. ამიტომ ჩვენს ასაკოვან მკითხველებს სწორედ ახლა ვულოცავთ ახალ, 2019 წელს და საუკეთესოს ვუსურვებთ. ამ დღისთვის მათთვის ორი  სახალისო ისტორია შემოვინახეთ.

 არასასურველი სტუმრობა გოძიაშვილების სახლში, ანუ ერთ ახალ წელს

მოცეკვავე ნელი გოძიაშვილი:

© photo: courtesy of Nelli Godsiashviliქართველი ემიგრანტი იტალიაში ნელი გოძიაშვილი
ერთ ახალ წელს ვასო გოძიაშვილის ოჯახში და დიდობაში გაგზავნილი წერილი თოვლის ბაბუას - Sputnik საქართველო
ქართველი ემიგრანტი იტალიაში ნელი გოძიაშვილი

-ყველასთვის საყვარელი მსახიობი, ვასო გოძიაშვილი იყო ჩემი ბაბუას ძმა, ანუ მე ვარ მისი ძმის შვილიშვილი, სისხლით და ხორცით ნათესავი. ვასოს დედა იყო მამას ბებია, რომელსაც ჩიხტიკოპი ეკეთა ხოლმე და კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდა. ერთხელ ახალ წელს, როგორც ყველა, ვასოც ელოდებოდა რამდენიმე მსახიობს სტუმრად. მაშინ სად იყო სადარბაზოებში ზარები და გინდაც ყოფილიყო ვასო ცხოვრობდა ეზოიან სახლში, რომლის აივანი ეზოს გადაჰყურებდა. განსაკუთრებით ელოდებოდა ორ მსახიობს: სანდრო ჟორჟოლიანს და ტარიელ საყვარელიძეს. ერთხელ რაღაც მიზეზის გამო, ამ ორში ერთ-ერთის მოსვლა არ უნდოდა და იყო ოჯახში ერთი ვაი-ვიში, თუ რა უნდა ემოქმედა ვასოს დედას, თუკი ორივე ერთად მივიდოდა. ზოგმა რა ვერსია წამოაყენა, ზოგმა რა. ვასოს დედას, ანუ კატო ბებიას არც მამის, ბიძის, არც ვასოს იდეა არ მოეწონა. მას უკვე მოფიქრებული ჰქონდა როგორ უნდა შემოეშვა სახლში ერთი და მეორე არა.. ვიმეორებ, თუ დაემთხვეოდა ამ ორი ადამიანის ერთად მოსვლა. ისე აგიხდათ ყველაფერი კარგი, როგორც ამ ორი ადამიანის მოსვლა ერთმანეთს დაემთხვა. ქალბატონი კატოს იდეა არავინ იცოდა, რადგან არ გაამხილა:

-მე ავიღებ ჩემს თავზე ამ ორი ადამიანის შემოსვლა -არ შემოსვლასო.

ცოტა ხანში, ორივემ ერთად ეზოდან დაიწყო ძახილი: ვასო, სახლში ხარ? კატო აივანზე გადადგა, ორივე ხელი გადაჯვარებული ჰქონდა და ერთს უქნევდა შემოდიო და მეორეს უქნევდა არ შემოხვიდეო. ამას ისე სასაცილოდ და არტისტულად აკეთებდა, რომ მისი შემხედვარე სიცილს ძლივს იკავებდნენ. ეს დღემდე ანეგდოტივით შემორჩა ჩვენს ოჯახებს და მერე როცა ვასო ამ ამბავს იხსენებდა, წამოდგებოდა ხოლმე და ზუსტად ბაძავდა დედას... გაუჭირდებოდა, თუ რაა?

ახალ წელს „შეჭმული“ სამი ცალი ფოიერვერკი

 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე -ლიტერატურული ფესტივალი „ზე -კართან“ დამაარსებელი.

© FB / Vakhtang Beridzeვახტანგ ბერიძე
ერთ ახალ წელს ვასო გოძიაშვილის ოჯახში და დიდობაში გაგზავნილი წერილი თოვლის ბაბუას - Sputnik საქართველო
ვახტანგ ბერიძე

-ეს კურიოზული ამბავი ხულოში მოხდა, 2008-ში, ახალ წელს. მაშინდელი გამგებელი ზემოდგომმა ორგანოებმა მკაცრად გააფრთხილეს, რომ გავიგეთ თქვენს რეგიონში მავანნი ყველაფერს ჭამენ, ანუ იგულისხმეს-იპარავენო. იმ წელს, გამგებლის დაკვეთით, საახალწლო ღონისძიებას ვაკეთებდი. ტრადიციულად, 12 საათზე ფოიერვერკი გაუშვეს. გამგებელის გვერდით ვიდექი და უცებ გვერდიდან მისი დათვლის ხმა მომესმა: ერთი, ორი, სამი... მივხვდი, რომ იმას ითვლიდა თუ რამდენჯერ გაისროდა ფეიერვერკი. მოულოდნელად თვლა ცხრაზე შეაჩერა და დავინახე სიბრაზისგან შეცვლილი მისი სახე. აღმოჩნდა, რომ ნესტის გამო სამი ფოიერვერკი გაფუჭდა და ნაკლები გაისროლეს. მეორე დღეს იცით, რა მოხდა? იმ მიზეზით, რომ სამი გასროლა „შეჭამეს“- სამსახურიდან ორი თანამშრომელი გაათავისუფლეს. ასე რომ, ის ახალი წელი იმ ორისთვისაც დასამახსოვრებელი იქნებოდა, ოღონდ, სხვა მიზეზის გამო...

მოზრდილი „ბიჭის“ წერილი თოვლის ბაბუას

იმ დღიდან რაც ადამიანებმა შენი არსებობა გამოვიგონეთ ალბათ უამრავი წერილი მიგიღია, სადაც პატარები შენგან სასწაულს და მათთვის საოცნებო ნივთის ჩუქებას ითხოვდნენ. ვინაიდან ჩემი ბავშვობა ომსა და შავ-თეთრ წლებში გავატარე, თავიდანვე გავიაზრე, რომ ჩემამდე უამრავი მთხოვნელი გეყოლებოდა, ამიტომ შენთვის წერილი არასდროს მომიწერია. ახლა როცა სამი ათეული წელი გავიარე, ვფიქრობ, შენი არსებობის ფაქტის არ იყო, ჩვენ ყველანი გამოგონილი ცხოვრობით ვცხოვრობთ. ჩვენი ცხოვრება ერთი დიდი წიგნია, სადაც მწერალს ვიღაც მთავარ, ვიღაც კი დამხმარე და მეორეხარისხოვან პერსონაჟად სჭირდება...

თოვლის ბაბუა! სანამ დიდები ჩვენს ირგვლივ ყველაფერს არ მოვკლავთ და უსაგნო სათამაშოდ არ გავხდით, დროა, რომ დიდების ცხოვრების გამრავალფეროვნებაშიც ჩაერიო. გთხოვ, დაგვეხმარო, რომ ცხოვრებაში სიძულვილი სიყვარულით შეიცვალოს, წყენა-პატიებით,  სიცრუე-სიმართლით, უნიჭობა - ნიჭიერებით, მეტი დრო დავუთმოთ ერთმანეთის მოსმენას, ვისწავლოთ ადამიანების პატივისცემა, გავაღოთ ოცნებების ახალი ფანჯრები და დედამიწაზე კეთილი იდეები მოვიხმოთ.  სამყარო გავხადოთ მშვიდი, რათა ყოველი პატარას თვალები ნათელი ვარსკვლავივით ბრწყინავდეს და მათი სათუთი გონება დარდითა და ტკივილით არ დაითრგუნოს. აი, სულ ესაა რასაც გთხოვ დღეს, დიდობაში...

 

ყველა ახალი ამბავი
0