ჩემი თვალით ვუყურებდი, როგორ დავკარგე ორივე ხელი – ერთი კახელი ბიჭის ამბავი

© photo: courtesy of Giorgi Khizanishviliგიორგი ხიზანიშვილი
გიორგი ხიზანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზოგჯერ ერთი წამი მთელ ცხოვრებას რადიკალურად ცვლის და ყველაფერს თავდაყირა აყენებს. ასე მოხდა გიორგი ხიზანიშვილის ცხოვრებაშიც...

ზოგჯერ ერთი წამი მთელ ცხოვრებას რადიკალურად ცვლის და ყველაფერს თავდაყირა აყენებს. ასე მოხდა გიორგი ხიზანიშვილის ცხოვრებაშიც. ცხრა წლის იყო, როცა საბედისწერო შემთხვევის გამო ორივე ხელი დაკარგა.

თუმცა მან შეძლო ცხოვრება ჩვეულებრივად გაეგრძელებინა. სკოლის დამთავრების შემდეგ დაამთავრა სასულიერო სემინარია, გაიარა სტაჟირება. ჰყავს უამრავი მეგობარი, რომელებთან ერთადაც თავს არაჩვეულებრივად გრძნობს, დადის ლაშქრობებში, იზიდავს კულტურული ძეგლების მონახულება. გიორგი მოყვარული ფოტოგრაფია და დიდ სიამოვნებას ანიჭებს ფოტოების გადაღება. აღსანიშნავია ისიც, რომ გიორგი სამების საკათედრო ტაძარში სტიქაროსანია.

საბედისწერო დღე

2003 წლის 30 დეკემბერი იყო. მე და ჩემი და სტუმრად ავედით ბიძაჩემთან, სადაც ჩართული იყო ტრაქტორი, რომელიც წყალს ტუმბავდა. მე და ჩემი და პატარები ვიყავით და იქვე ახლოს ვთამაშობდით. რაღაც ნაწილი მოძრაობდა სწრაფად და იქ ჩამივარდა ჯოხი. ჩავყავი ხელი მის ამოსაღებად და ამ ნაწილმა ჩამითრია. მივაშველე მეორე ხელი და მეორე ხელიც დავკარგე. ბიძაჩემმა მაშინვე წამიყვანა საავადმყოფოში. გონება არ დამიკარგავს, ყველაფერს ჩემი თვალით ვხედავდი რა და როგორ მოხდა. საავადმყოფოში მიყვანამდე გონზე ვიყავი, შემდეგ ნარკოზი გამიკეთეს და დამაძინეს.

© photo: courtesy of Giorgi Khizanishviliგიორგი ხიზანიშვილი
ჩემი თვალით ვუყურებდი, როგორ დავკარგე ორივე ხელი – ერთი კახელი ბიჭის ამბავი - Sputnik საქართველო
გიორგი ხიზანიშვილი

ახალი ცხოვრების დასაწყისი

შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ განსაკუთრებულად ცუდად არ მიგრძვნია თავი, არც დეპრესია მქონია. რა თქმა უნდა, იყო რთული პერიოდები, მაგრამ დავძლიე. არც ფსიქოლოგის დახმარება დამჭირვებია. გარკვეული პერიოდი ვიწექი საავადმყოფოში, გავდიოდი მკურნალობის კურსს, მაგრამ როცა სოფელში ჩამოვედით, დავუბრუნდი ცხოვრების ჩვეულ რიტმს და გავაგრძელე სკოლაში სიარული. ჩემ საახლობლოში ნაკლებად, მაგრამ უცხო ადამიანების მხრიდან დღემდე ვგრძნობ განსხვავებულ დამოკიდებულებას. მიყურებენ დაჟინებით, ზოგი ტირის კიდეც. ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ სატირალი არაფერია. უფალმა მე მეორე სიცოცხლე მაჩუქა და ჩვეულებრივად ვაგრძელებ ცხოვრებას.

© photo: courtesy of Giorgi Khizanishviliგიორგი ხიზანიშვილი
ჩემი თვალით ვუყურებდი, როგორ დავკარგე ორივე ხელი – ერთი კახელი ბიჭის ამბავი - Sputnik საქართველო
გიორგი ხიზანიშვილი

განათლება, სპორტი, სოციალური სივრცე

სკოლის დამთავრების შემდეგ დავამთავრე თბილისის სასულიერო სემინარია და აკადემია, ხელოვნებათმცოდნე ვარ. გარდა ამისა აქტიურად ვარ ჩართული სპორტში. ვვარჯიშობ პარა-ტაეკვანდოში. სპორტის ეს სახეობა სულ ახლახან ჩამოყალიბდა და ველით წინსვლას, იგეგმება გასვლები, იმედი მაქვს, ყველაფერი სასიკეთოდ წარიმართება. ამას გარდა, სამ ადგილზე გავიარე სტაჟირება. დავდივარ საჯარო ლექციებზე და საკმაოდ აქტიური ვარ სოციალური ქსელში. ძალიან ბევრს უკვირს, როგორ ვიყენებ კომპიუტერს უპრობლემოდ, ბევრი ეჭვის თავლით მიყურებს. თითქოს დაუჯერებელია ამ მდგომარეობაში კომპიუტერის გამოყენება, თუმცა ამაში არაფერი არ არის რთული. საკუთარ თავზე მუშაობით მე თვითონ დავეუფლე ამ ყველაფერს. ჩემთვის ლეპტოპი უფრო მოსახერხებელია, ვიდრე პერსონალური კომპიუტერი. ფეხის თითებით ვბეჭდავ და ვასრულებ ყველა ოპერაცია. მანამდე არანაირი შეხება არ მქონია კომპიუტერთან. ერთ დღესაც მაჩუქეს კომპიუტერი და მისი გამოყენება ჩემით ვისწავლე.

© photo: courtesy of Giorgi Khizanishviliგიორგი ხიზანიშვილის მიერ გუდაურში გადაღებული ფოტო
ჩემი თვალით ვუყურებდი, როგორ დავკარგე ორივე ხელი – ერთი კახელი ბიჭის ამბავი - Sputnik საქართველო
გიორგი ხიზანიშვილის მიერ გუდაურში გადაღებული ფოტო

დასაქმება

შშმ პირებთან დაკავშირებით ბევრი პრობლემა არსებობს და ბევრი რამ არის გამოსასწორებელი. ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა დასაქმებაა. არ მაქვს სამსახური, მაქვს მხოლოდ პენსია 180 ლარი. როგორც გითხარით, სამ ადგილზე მაქვს სტაჟირება გავლილი და არსად არ ამიყვანეს სამსახურში. ვერ ვიტყვი რომ დისკრედიტაციას ჰქონდა ადგილი, რადგან ჩემთან ერთად ვინც იყვნენ, არც ისინი აიყვანეს სამსახურში, ყველა გამოუშვეს. სადაც ვიყავი, ყველგან მეგობრული ურთიერთობა მქონდა თანამშრომლებთან. ვთვლი, რომ სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ჩვენ დასაქმებაზე. არ ვსხედვართ სახლში და ვთვლით, რომ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, ბევრი რამის კეთება შეგვიძლია, უნდა მოგვცენ საშუალება, გვქონდეს საკუთარი შემოსავალი და ჩვენი შრომით ვირჩინოთ თავი. იმედი მაქვს, მპირდებიან სამსახურს და ვნახოთ, რა იქნება.

შენ, ვინც ახლა გადიხარ ამ ეტაპს, რაც მე უკვე გადავლახე

არ დაჯდე სახლში, არ ჩაიკეტო ოთახში, გამოდი გარეთ, ისეირნე ბევრი, გყავდეს ბევრი მეგობარი... ამ სამყაროში სიცოცხლე ყველაზე მაგარი რამეა. ღმერთმა კიდევ ერთხელ მოგცა ამ ქვეყნად ყოფნის შანსი და ეს მაქსიმალურად უნდა გამოიყენო!

უნდა დაიწყო საკუთარ თავში ძიება, რა შეგიძლია, რა გსურს, რა ინტერესი გაქვს და აკეთო ის საქმე, რაც სიამოვნებას განიჭებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0