მოგონებათა ყუთში მარგალიტად შენახული ლანსაროტე და დაბადების დღე კანარის კუნძულებზე

© Photo: Courtesy of Lilium Blogნათია ჭალაძე კუნძულ ლანსაროტეზე
ნათია ჭალაძე კუნძულ ლანსაროტეზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნათია ჩალაძეს ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს რუბრიკა „ცნობილების ვოიაჟიდან“. იგი „სანტე ჯი-ემ-თი“ პროდუქტებში PR და სოციალური მედიის მენეჯერად მუშაობს. მოგზაურობა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. 15-ზე მეტ ქვეყანაშია ნამყოფი. იგი არის „ლილიუმის ბლოგის“ ავტორი, რისი საშუალებითაც მკითხველს მოგზაურობის დროს განცდილ შთაბეჭდილებებს და რჩევებს უზიარებს.

ამბობს, რომ ცხოვრება მაშინაა საინტერესო, როცა, ყველაფერი რაზეც ოცნებობდი, პატარ-პატარა ნაბიჯებით რეალობა ხდება. ნათიას დეკემბრის თვეში დაბადების დღე ჰქონდა, რომელიც კანარის კუნძულებზე აღნიშნა. ამ საოცარი და თავბუდამხვევი ვოიაჟის შესახებ ნათია თავად მოგიყვებათ.

© Photo: Courtesy of Lilium Blogნათია ჩალაძე კუნძულ ლანსაროტეზე
ნათია ჩალაძე კუნძულ ლანსაროტეზე - Sputnik საქართველო
ნათია ჩალაძე კუნძულ ლანსაროტეზე

ზაფხული ზამთარში

2016 წლის დეკემბერში საგანგებოდ ჩემი 28 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ვარშავაში მივდიოდი როცა,  ჩემი რეისი 24 საათით გადაიდო.

სასტუმროში, რომელშიც ავიახაზმა დროებით დაგვაბინავა, ერთ თვალებციმციმა გოგო სალომეს შევხვდი, დაქალთან მიდიოდა პოლონეთში და ის დღე ერთმანეთის გამხნევებაში გავატარეთ.

რადგან დაბადების დღე მქონდა და სულ სამი დღით, მარტო მივდიოდი ვარშავის სანახავად. მარტო მოგზაურობა მიყვარს, მაგრამ როგორც კი ჩავედი ძალიან ცივ, თოვლით დაფარულ და არცთუ ისე საინტერესო ქალაქში, მოვიწყინე და ვფიქრობდი, ღირდა კი 48 საათის გამო ამდენი წვალება. ამ ფიქრებში გართულს სალომემ მომწერა — სადმე გავიდეთო და 18 დეკემბერს როცა ბნელი ღამე 12 საათს უახლოვდებოდა, ერთად ავღნიშნავდით ჩემს დაბადების დღის დადგომას მე, სალო, სალოს დაქალი ნინი და მისი მეგობარი და არანაირი შეგრძნება იმისა, რომ, ეს ადამიანები ახალი გაცნობილი მყავდა და უცხოები იყვნენ, არ მქონდა!

გავიდა რამდენიმე თვე და ნინიმ, რომელიც ვარშავაში გავიცანი და ერთ-ერთი ყველაზე ნათელი და არაორდინალური ადამიანია, ვინც ჩემი ცხოვრების გზაზე შემხვედრია, მაცდური იდეა მომაწოდა — 14 და 19 დეკემბერს დაბადებულმა „ზამთრის შვილებმა" ზაფხულში ვიზეიმოთ ერთხელ ყინვის ნაცვლადო და ასე გაჩნდა შემდეგი დაბადების დღის კუნძულზე გატარების იდეა.

© Photo: Courtesy of Lilium Blogნათია ჩალაძე კუნძულ ლანსაროტეზე
ნათია ჩალაძე კუნძულ ლანსაროტეზე - Sputnik საქართველო
ნათია ჩალაძე კუნძულ ლანსაროტეზე

კანარის კუნძულები

საუკეთესო ამინდების, ოპტიმალური ფასებისა და უნიკალური ბუნების გამო, კანარის კუნძულები, კერძოდ კი ლანსაროტე შევარჩიე. ბილეთები სექტემბერში ვიყიდე და წამების ათვლაც აქედან დავიწყე და ეს დიდი დრო, ტურის ეფექტურად დაგეგმვისთვის გამოვიყენე.

ლანსაროტე კანარის კუნძულებს შორის ყველაზე უნიკალურია თავისი ვულკანების, შავი ქვიშის, მღვიმეების, თვალუწვდენელი სანაპიროებისა და კიდევ მრავალი სხვა მიზეზის გამო. ამ ყველაფერზე  სიამოვნებით დავწერდი წიგნს, მაგრამ ვეცდები პოსტით სრულყოფილად შემოვიფარგლო.

© Photo: Courtesy of Lilium Blogნათია ჩალაძე კუნძულ ლანსაროტეზე
ნათია ჩალაძე კუნძულ ლანსაროტეზე - Sputnik საქართველო
ნათია ჩალაძე კუნძულ ლანსაროტეზე

თბილისი — ლანსაროტე

ბარსელონიდან ჩვენი რეისი გვიან ღამით ჩავიდა, დაღლილობის მიუხედავად, მეგონა ის ღამე არასდროს გათენდებოდა. უკვე ნანატრ კანარის კუნძულებზე ვიყავი. სასტუმროში რომლიდანაც საოცარი ხედი უნდა მქონოდა ოკეანეზე — ვერაფერს ვხედავდი.

პირველი რჩევა, რაც ამ კუნძულზე მოგზაურობის შემთხვევაში მინდა მოგცეთ — მანქანის ქირაობაა. კუნძული არც თუ ისე პატარა, მაგრამ არც ძალიან დიდი, 40 წუთის გზა მაქსიმალურია რაც გაშორებთ სასურველ სანახობას. გაითვალისწინეთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი აქ ან არ, ან იშვითად არის.

პირველი შთაბეჭდილება

ჩვენი თავგადასავლები ტიმანფაიას ეროვნული პარკით დაიწყო. პირველივე წამებიდან არ მტოვებდა შეგრძნება, რომ არ ვიმყოფებოდი დედამიწაზე. ისეთი უცნაური იყო ლავით გადამწვარი მიწები, წითელი ქვიშები და მოქმედი ვულკანები, რომ უფრო მთვარის ზედაპირობა დამშვენდებოდა. ჩემი ინტერესი ამ სანახობის მიმართ ისე გამძაფრდა, რომ სახლში დაბრუნებულმა მთელი საღამო ინფორმაციის მოძიებაში, ინტერნეტში გავატარე. თურმე ტიმანფაია მართლაც ერთადერთი ადგილია მსოფლიოში, რომელიც მთვარის ზედაპირის დაახლოებით ანალოგს წარმოადგენს და მასზე გაფრენამდე, სწორედ ტიმანფაიას ნაკრძალი იქნა გამოკვლეული წარმოდგენისთვის, რა შეიძლებოდა დახვედროდათ მთვარეზე.

აქვე გეტყვით, რომ, ნაკრძალის ტერიტორიაზე არის რესტორანი EL DIABLO (ცეზარ მანრიკეს შედევრი) რომელიც ვულკანის ცეცხლზე შემწვარი კარტოფილისა და ხორცის მენიუს შემოგთავაზებთ, როგორია?

© Photo: Courtesy of Lilium Blogნათია ჩალაძე კუნძულ ლანსაროტეზე
ნათია ჩალაძე კუნძულ ლანსაროტეზე - Sputnik საქართველო
ნათია ჩალაძე კუნძულ ლანსაროტეზე

მომდევნო ფაქტი, რამაც ჩემი აღფრთოვანება გამოიწვია, კუნძულის არქიტექტურაა. ყველა სახლი, სასტუმრო, რესტორანი თუ ნებისმიერი სხვა ნაგებობა, მხოლოდ თეთრი ფერისაა და მწვანე ან ლურჯი ფანჯრები აქვთ. ცეზარ მანრიკე წარმოშობით ჰარიელი (ქალაქი ლანსაროტეზე) არქიტექტორი და მხატვარი იყო, მისი დამსახურებით და თავდაუზოგავი შრომით არის დღეს ლანსაროტე ისეთი, როგორიც არის. მხატვარს იმდენად უყვარდა კუნძული, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჰქონდა შემოვლილი და საკმაოდ პოპულარული არტისტი იყო ევროპაში, ლანსაროტე არ მიატოვა და პირიქით, მთელი ცხოვრება მისი თეთრის ფერის დამახასიათებელ ჩარჩოში ჩასმას, მაღალი შენობების აკრძალვას, ტურისტებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას და გაუდის სტილის, ულამაზესი სკულპტურების შექმნას შეალია. თუ ჰარიაში მოხვდებით, აუცილებლად შეიარეთ მის სახლ-მუზეუმში, რომელიც ზუსტად იმეორებს კუნძულის არქიტექტურას და ნათლად გადმოსცემს ცეზარის ხედვას, თუ როგორი უნდა ყოფილიყო საბოლოოდ, ზღაპრული ლანსაროტე.

სანახაობა, რომელიც არასოდეს დამავიწყდება

სანახაობა, რომელიც არასდროს დამავიწყდება, ელ გოლფოს სანაპიროა. წარმოგიდგენიათ ხასხასა მწვანე ტბა და ოკეანე ერთად? მთვარე ლანსაროტეზე უკვე ნანახი მქონდა და როცა მეგონა აღარაფერი გამაოცებდა, ჩემდა სასიამოვნოდ შევცდი!

რაც არ უნდა საინტერესო იყოს ლანსაროტეს კუნძული არქიტექტურული თუ ვულკანური თვალსაზრისით, მისი მთავარი ღირსება ჩემი აზრით მაინც სანაპიროებშია და მათგან ორს განსაკუთრებით გამოვყოფდი:

პლაია პაპაგაიო პაწაწინა, ოქროსფერ ქვიშიანი სანაპიროების კრებულია და პლაია ბლანკას ულამაზესი სოფლიდან სულ 5-10 წუთში მდებარეობს. მისკენ მისასვლელი გზა საკმაოდ ქვიანი და უსწორმასწოროა, მანქანითაც სწრაფად ვერ მიხვალთ, მაგრამ ხედი ამად ღირს და აუცილებლად ნახეთ.

ფამარას სანაპირო  კუნძულის უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარეობს და თვალუწვდონელი ჰორიზონტით, ამავე სახელწოდების ქათქათა დაბით და წყლის სპორტის მოყვარულთათვის იდეალური ქარით იწონებს თავს.

თვალებს ვერ ვუჯერებდი…

მუზეო ატლანტიკო — ხომ გქონიათ ცხოვრებაში მომენტი, რაღაც იმდენად წარმოუდგენელი მოხდა, რომ არ გჯერა თუ მართლა მოხდა. დღემდე ვერ ვიჯერებ, რომ ის რასაც ახლა მოგიყვებით, მე გადამხდა. არა ერთხელ აღმინიშნავს, რომ ცურვა არ ვიცი და წყლის ფობიით ვიტანჯები, მაგრამ წარმოიდგინეთ, აღმოჩნდით კუნძულზე, რომელშიც ევროპის პირველი წყალქვეშა მუზეუმი მდებარეობს, მერყევი სიღრმით 15-18 მეტრი  და იქ ადამიანის ხელით შექმნილი საოცრების ბუნების ძალით სრულყოფის ნამდვილი შედევრია წარმოდგენილი! მუზეუმის შექმნის მიზანი რამდენიმეა: ბუნების მოვლის შესახებ ადამიანის ცნობიერების ამაღლება და კლიმატური ცვლილებების შესახებ მათი განათლება. დროთა განმავლობაში ნაცრისფერ-ლურჯმა სკულპტურებმა ფერი იცვალეს და ახლა ხასხასა მწვანე ბალახით არიან დაფარულები, ამიტომ ახალი ორგანიზმებისთვის ხელოვნურ რიფებად და შესაბამისად, მათ თავშესაფრად გადაიქცნენ.

© Photo: Courtesy of Lilium Blogნათია ჩალაძე კუნძულ ლანსაროტეზე
ნათია ჩალაძე კუნძულ ლანსაროტეზე - Sputnik საქართველო
ნათია ჩალაძე კუნძულ ლანსაროტეზე

მიზანი მეორე — „აღქმული მიწა“ მათ საპატივცემულოდ, ვისი გულანთებული იმედები და ოცნებები ფუჭად დაიმსხვრა ატლანტის ოკეანის ფსკერზე და დღემდე იქ რჩება, სადაც იშვიათი სახეობის ზვიგენები, ბარაკუდები, სარდინები და რვაფეხები უდარდელად ცეკვავენ ჯადოსნურ ცეკვებს წყალქვეშა სამეფოში. საუბარია ძველად, აფრიკიდან ევროპისკენ მიმავალი გემების ჩაძირვასა და ემიგრანტების არახდენილ ოცნებებზე. ძნელია დავწერო ის, რასაც ამ უცნაური ქანდაკებების თვალიერებებისას ვგრძნობდი — სიმძიმის, მისტიკის, შიშის, ინტერესის იმდენად სწრაფი მონაცვლეობა იყო, რომ შეგრძნებებს აღარ დარდობ და გაფართოებული თვალებით, სიღრმიდან გამოწვეული წნევით ნატკენ ყურში გამკივანი მძაფრსიუჟეტიანი ფილმისთვის დამახასიათებელი მძიმე, წარმოსახვითი მუსიკით და ამავე ფილმის მთავარ გმირად თავის წარმოდგენის ფონზე, ყურადღება გადაგაქვს და ხარბად იმახსოვრებ იმ კადრებს, მთელი ცხოვრება რომ უნდა გაგყვეს. სავარაუდოდ, თქვენც იგივე იგრძენით ახლა, რაც მე მაშინ, როცა ამ მუზეუმის არსებობს შესახებ გავიგე. შიშებისა და წარუმატებელი მცდელობის, სიკვდილისთვის შავ თვალებში რამდენჯერმე ჩახედვის შემდეგ, ჩავყვინთე და 40 დაუვიწყარი წუთი გავატარე წარმოუდგენლად ლამაზად ინსტალაციებსა და მათი არსებობაც რომ არ ვიცოდი ისეთ თევზებს შორის.

ლანსაროტედან რომ დავბრუნდი ჩემს ბლოგზე ვწერდი „ჩემი პირველი რეაქცია აქ აღმოჩენისას იყო — „დავიბენი“! ბავშვობიდან კანარის კუნძულები თითქმის მალდივებთან ასოცირდებოდა ჩემთვის. პალმები, ოკეანე, ქათქათა სანაპიროები, მწველი მზე და ფერადი კოქტეილები… ჰმ, პალმა და ოკეანე აქ ნამდვილად დაგხვდებათ, დიდი რაოდენობით, აი დანარჩენი, თქვენს წარმოსახვაზე მომინდვია — კუნძული ცალსახად მათთვისაა იდეალური, ვისაც უნიკალური სანახაობების ხილვა და განსხვავებული სამოგზაურო გამოცდილების შეძენა სურს. მიხარია, რომ არჩევანი ყველა საწინააღმდეგო აზრის მიუხედავად ამ საოცრად საინტერესო კუნძულზე შევაჩერე, ლანსაროტე მარგალიტად შეინახება ჩემს შთაბეჭდილებების ყუთში“ და სწორედ ამ სიტყვებით, აქ დაგემშვიდობებით…

 

ყველა ახალი ამბავი
0