სუნამოების ქართველი პრინცი, რომელიც ამერიკული პარფიუმერიის მამად იქცა

© Photo: Courtesy of MCA - Georgiaპრინც მაჩაბელის სუნამოების გამოფენა
პრინც მაჩაბელის სუნამოების გამოფენა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნული არქივის გალერეაში ქართველი პარფიუმერის გიორგი მაჩაბლის უნიკალური კოლექცია გამოიფინა.

„გაიგე მეტი საქართველოს ტექნოლოგიური მიღწევების შესახებ“ — ამ სლოგანით გაიმართა გამოფენა საქართველოს ეროვნული არქივის გალერეაში, რომელზეც მეოცე საუკუნის გამოჩენილი ქართველი მეცნიერების მიღწევები იყო წარმოდგენილი. ერთ-ერთ სტენდზე წარმოდგენილი გახლდათ „პრინცი მაჩაბელის“ სუნამოების კოლექცია. ნამდვილად საამაყოა, რომ ამერიკული სუნამოების მამად ქართველი პრინცი მაჩაბელი ითვლება, რომელიც გერმანიაში ჯერ სამთო საქმეს სწავლობდა და მოყვარული ქიმიკოსი იყო, ემიგრაციის წლებში კი ნიუ-იორკში პატარა ანტიკვარული მაღაზია „წითელი და შავი“ (სახელწოდება სტენდალის ნაწარმოების ინსპირაციაა, სადაც წითელი არისტოკრატიას, შავი კი რელიგიას აღნიშნავს) გახსნა, სადაც საკუთარ შეზავებულ სუნამოებსაც ყიდდა.

კოკო შანელის ქართველი კოლეგა მალევე მიხვდა, რომ ამერიკელ მომხმარებელს მის ანტიკვარულ ნივთებზე მეტად მისი სუნამოების სუნი მოსწონდა და ამ საქმეს მიუძღვნა თავი. პრინცი მაჩაბელი საგვარეულო ემბლემებით აფორმებდა ულამაზეს ფლაკონებს. მათ დამზადებას კი მეორე ქართველს, ასევე საამაყო გიორგი კობახიძეს, იგივე ჯორჯ კობის უკვეთდა. აღსანიშნავია, რომ ფლაკონები ოქროთი იყო მოვარაყებული და ის ხელით მზადდებოდა.

© National Library of Georgiaქიმიკოსი, გამომგონებელი და პოლიტიკოსი გიორგი (პრინცი) მაჩაბელი
ქიმიკოსი, გამომგონებელი და პოლიტიკოსი გიორგი (პრინცი) მაჩაბელი - Sputnik საქართველო
ქიმიკოსი, გამომგონებელი და პოლიტიკოსი გიორგი (პრინცი) მაჩაბელი

ვინ იყო პრინცი მაჩაბელი, როგორ მოხვდა ის ამერიკაში და რატომაა მისი მემკვიდრეობა დღემდე საამაყო? შექსპირის ქართულ ენაზე მთარგმნელი ივანე მაჩაბლის უფროსი ძმის ვასილ მაჩაბლისა და თავადის ასულ ნინო ვეზირიშვილის შვილი გიორგი მაჩაბელი საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში საქართველოს ელჩი გახლდათ იტალიაში. მოგვიანებით ის ემიგრაციაში წავიდა აშშ-ში, სადაც ცოლად შეირთო იტალიელი მსახიობი ნორა ჯილი (სასცენო სახელი – მარია კარმი).

1924 წელს მათ მედისონ ავენიუზე გახსნეს პატარა ანტიკვარული მაღაზია, 1926 წელს კი დააარსეს ცნობილი საპარფიუმერო კომპანია სახელწოდებით Prince Matchabelli Perfume Company. ფირმის პირველი მუშები გიორგი მაჩაბლის მეგობრები იყვნენ, მასავით ლტოლვილი არისტოკრატები, მათი ცოლები და ქალიშვილები, ამიტომ ფირმის თანამშრომლები ცნობილი იყვნენ როგორც ყველაზე დიდგვაროვანი და თავაზიანი პერსონალი მთელ ამერიკაში. პრინცი მაჩაბელი ემიგრაციაშიც განაგრძობდა ეროვნული საქმეების კეთებას და სწორედ მისი თაოსნობით დაარსდა 30-იანი წლების დასაწყისში ქართველთა სათვისტომო ნიუ-იორკში. ის ყველა ქართველთან ურთიერთობას და მათ დახმარებას ცდილობდა.

გიორგი მაჩაბელი გერმანიაში სამთო საქმეს სწავლობდა და ძალიან იყო დაახლოებული გერმანიის არისტოკრატიასთან. ქიმიური ცდები და სუნამოების შექმნა მისი გატაცება იყო, რომლითაც თავის რჩენას ის ვერასოდეს იფიქრებდა, მაგრამ ემიგრაციის წლებში მან მოახერხა და თავისი ერთ-ერთი ჰობიდან შექმნა არა მარტო მილიონიანი ბიზნესი, არამედ გახდა პარფიუმერული წარმოების პიონერიც ამერიკაში, რადგან მაშინ აშშ-ს საკუთარი საპარფიუმერიო მრეწველობა ჯერ არ გააჩნდა. რაც მზადდებოდა, ძირითადად ფრანგული პროდუქციის ცუდი ასლები იყო.

კომპანია 1920-30-იან წლებში აშშ-ის უმნიშვნელოვანესი კორპორაციების ხუთეულში შედიოდა. მაჩაბლის ფირმის ფლაკონზე გამოსახული იყო მისი საგვარეულო გერბი და სამეფო გვირგვინი. პირველი სუნამო, რომელიც გიორგი მაჩაბელმა დაამზადა, იყო „საქართველოს დედოფალი", რომელიც მარინა მაჩაბელს ეძღვნებოდა. საოცარია თავად ამ სუნამოს დამზადების ისტორია. თავად მიშო მაჩაბლის უმშვენიერესი ასული მარინა, გიორგი მაჩაბლის სურვილით, გერმანიის პრინცს უნდა გაჰყოლოდა ცოლად. მართალია, ეს იდეა ვერ განახორციელა, მაგრამ მარინა მაჩაბლის სახელი ემიგრაციაში მყოფმა გიორგი მაჩაბელმა სუნამოთი უკვდავყო და მას „საქართველოს დედოფალი“ უწოდა.

შთაგონება გიორგი მაჩაბელს არ ტოვებდა. ასე თანმიმდევრობით უკვდავყოფდა ის საყვარელ ქალს სუნამოს სახელწოდებით — „პრინცესა ნორინა". შემდეგ შეიქმნა „დიუშეს ოფ იორკ", „ოქროს შემოდგომა", სააბაზანო ზეთი „აბანო", ოდეკოლონი „ქარის სიმღერა", დაპრესილი პუდრი და პომადა.

© National Library of Georgiaნორინა ჯილი
ნორინა ჯილი - Sputnik საქართველო
ნორინა ჯილი

ფლაკონები თავდაპირველად გერმანული ფაიფურისგან მზადდებოდა, შემდეგ ჯორჯ კობის, იგივე ქართველი მინის მწარმოებლის გიორგი კობახიძის მინის კომპანიაში დაამზადეს გამჭვირვალე მინის ფლაკონი, რომელიც ნახევრად ავტომატური მეთოდით კეთდებოდა, მაგრამ ოქროთი მოვარაყება, ოქროსფერი ზარნიშისა და ზონრის დამზადება ხელით ხდებოდა. სულ მალე გიორგი მაჩაბლის გვირგვინები მთელ ამერიკას მოედო.

1935 წლის ივნისისთვის მეხუთე ავენიუზე გიორგი მაჩაბელს დაგეგმილი ჰქონდა სადემონსტრაციო დარბაზის გახსნა. მარტში კი ფილიალების გახსნის მიზნით იმოგზაურა შანხაიში, მაგრამ გზაში გაცივდა და 1931 წლის 31 მარტს ნიუ–იორკში ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. ის დაკრძალულია ნიუ-იორკში, ლონგ აილენდის სასაფლაოზე.

მისი სახელის უკვდავსაყოფად გიორგი მაჩაბლის ჩანაფიქრი მისმა მეუღლემ ნორინა ჯილიმ განახორციელა და პრინცის გარდაცვალების შემდეგ გახსნა ბრწყინვალე სადემონსტრაციო სალონი, სადაც გამოფენილი იყო გიორგის პორტრეტი სამეფო რეგალიებით. 1936 წელს კი მან ბრენდი Prince matchabelli სუნამოების მწარმოებელ სოლ გენცს 250 ათას დოლარად მიჰყიდა. ფირმა კონექტიკუტის შტატში დღესაც არსებობს, პროდუქცია მისი დამფუძნებლის სახელითა და რეცეპტით გამოდის და საფირმო ნიშანიც იგივეა – ქართულჯვრიანი სამეფო ოქროს გვირგვინები. დღეს "პრინცი მაჩაბელი" ითვლება მსოფლიო პარფიუმერიის კლასიკად. ასე რომ, ქართველებს შეგვიძლია პრინც მაჩაბლის მემკვიდრეობით ვიამაყოთ, რადგან ჩვენც გვყავდა ჩვენი კოკო შანელი, რომელიც ამერიკული პარფიუმერიის მამაა. და კიდევ, საქართველოში, სამწუხაროდ, ნაკლებად ვიცნობთ მისი სუნამოების სურნელს, რომელიც ესოდენ რომანტიკული, ისტორიით შეზავებული და საინტერესოა. ურიგო არ იქნება, თუ რომელიმე პარფიუმერული კომპანია მას ქართველ მომხმარებელს გააცნობს და შეძენის საშუალებასაც მისცემს. ახალი წლის დღეებში ხომ ასეთი მიღებულია სუნამოებით საყვარელი ადამიანების განებივრება.

ყველა ახალი ამბავი
0