ვინ გამოიგონა სათვალე და როდიდან იყენებენ მას საქართველოში?!

© Sputnik / Denis Aslanovხის სათვალეების დამუშავების პროცესი
ხის სათვალეების დამუშავების პროცესი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხშირად, სანამ თავად არ დაგვჭირდება მანამ არც ვინტერესდებით ზოგიერთი ნივთით. არადა ყველას უაღრესად საინტერესო ისტორია და წარსული აქვს.

ახლა ბევრი რამ გაცილებით იოლია, რადგან გამოსაგონი გამოგონილია და ასაკში შესულთ ბევრად უადვილდებათ თუნდაც წერა-კითხვა. ამაზე ჩაფიქრებული დამაინტერესა ვინ და როდის გამოიგონა სათვალე…

როგორც გამოვარკვიე, არ შემონახულა ცნობა, თუ პირველმა ვინ გამოიგონა ეს მეტად საჭირო ნივთი. ერთ–ერთი ვერსიით, სათვალე შექმნა ინგლისელმა ბერმა როჯერ ბეკონმა 1266 წელს. ის თურმე ცდას ატარებდა კვარცის კრისტალებზე და მიიღო გამადიდებელი შუშა. ბერმა მინა ანგარიშმიუცემლად დადო გადაშლილ წიგნზე და გაოცდა, როცა მან ნაწერი გაადიდა. მას შემდეგ ბეკონი კითხვის დროს გამადიდებელ შუშას იყენებდა.

სათვალის შესახებ მეორე ცნობას გვაწვდის 1352 წლით დათარიღებული ფერწერული ტილო. ნახატზე გამოსახულია იტალიელი კარდინალი, რომელსაც თვალებზე მავთულით გადაბმული ორი ლინზა უკეთია.

ინოვაცია – კაკლის, ბზის და წიფელის ხისგან დამზადებული სათვალეები - Sputnik საქართველო
სათვალე ყველას: განუმეორებელი ჩარჩო მხოლოდ 5 წუთში

ქალაქ ფლორენციაში საფლავის ქვას აწერია: „აქ განისვენებს სადვინო და არმაგო ფლორენცი, სათვალეების გამომგონებელი, ღმერთმა შეუნდოს ცოდვები. 1317 წ". ე.ი. სათვალის ხმარება მე-14 საუკუნიდან დაუწყიათ ფლორენციაში.

საგულისხმოა, რომ ეკლესიამ თავიდან შერისხა სათვალე და მისი გამომგონებელიც, მაგრამ ძალიან მალე შეურიგდა ამ სიახლეს.

სხვა ვერსიით, იდეა ეკუთვნის იტალიელ ფიზიკოს სალვინო დელა არმატის, რომელმაც 1280 წელს დაამზადა პირველი სათვალე. მის მიერ შექმნილი სათვალე 2 გამადიდებელი ლინზისგან შედგებოდა, რომლებიც ისე ადიდებდნენ საგნებს, რომ ადამიანს მათი უკეთ დანახვა შეეძლო. ისე როგორ იქნებოდა გენიალურ ლეონარდო და ვინჩის ამ საკითხზე თავისი ვერსია არ ჰქონოდა, სწორედ პირველმა მან წამოაყენა იდეა კონტაქტური ლინზების თაობაზე. თავის კოდექსში „თვალის შესახებ” და ვინჩიმ აღწერა მილი, რომელშიც ორივე მხრიდან ჩამაგრებულია ლინზები, რომელთა შორის ჩასხმულია წყალი და, მისი აზრით, ეს მოწყობილობა უნდა ემსახურებოდეს მხედველობის კორექციას. ლეონარდო და ვინჩის იდეა პრაქტიკაში გამოიყენეს თომას იუნგმა და ჯონ ჰერშელმა. მათ ჰერშელის თვალს დაადეს გამჭვირვალე ჟელეს ფენა, რომლის მეშვეობითაც მისი მხედველობის დეფექტი გამოასწორეს.

ხის სათვალეები - Sputnik საქართველო
ინოვაცია ,,Woody glasses“-გან – ხის მოდური სათვალე

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ არქეოლოგები სულ სხვაგვარად ფიქრობენ, მათი აზრით უძველესი სათვალეები ნაპოვნია ეგვიპტის ფარაონ ტუტანხამონის სარკოფაგში. ეს იყო ზურმუხტის ორი ცალი ძალიან თხელი გაქლიბული ნატეხი, რომლებიც შეერთებული იყო ბრინჯაოს ფირფიტებით.

ძველ საბერძნეთში კუნძულ კრიტოსზე ნაპოვნია მთის ბროლისგან დამზადებული ოპტიკური ლინზები, რომელთა გამოყენება შესაძლებელი იყო მხედველობის კორექციისთვისაც.

სავარაუდოდ მეცნიერები კიდევ დიდხანს იკამათებენ ამ საკითხზე, ჩვენთვის კი უფრო საინტერესო უნდა იყოს თუ როდის შემოვიდა სათვალე საქართველოში. აი რას მივაკვლიე — ერთ-ერთ ადრეულ წერილში გიამბეთ, რომ ვახტანგ VI-მ დიდი წვლილი შეიტანა ქართული მედიცინის განვითარებაში. სწორედ მისი დამსახურებით შემორჩა ქართულ კულტურას ძველი ქართული მედიცინის უძვირფასესი ძეგლი ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის „სამკურნალო წიგნი — კარაბადინი“. ტექსტიდან, რომელიც  მედიცინის ისტორიას ეხება, საინტერესოა 2 პარაგრაფი, სადაც აღწერილია სათვალეების ყალიბის გაკეთების პროცესი. გარდა ამისა, შესაძლებელი ხდება ვივარაუდოთ, რომ თბილისში იყო ოპტიკური სახელოსნო, ვინაიდან, სხვაგვარად მოტანილი ინფორმაცია გაუგებარი ხდება. საქართველოში ყველაზე ადრინდელ წყაროდ, რომელშიც შემონახულია ცნობა საკორექციო საშუალებათა შესახებ, ჯერჯერობით აღიარებულია სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონი. მას განმარტებული აქვს ზოგადი ტერმინები, რომლებიც ერთგვარ წარმოდგენას გვაძლევს ამ საკითხებზე. მაგალითად, დურბინდი, სათვალე, კონოი, შორსათვალე, დამანი, ჭიქა, მინა, შუშა, ჭოგრი. 

კატა - ცრურწმენების ერთ-ერთი მთავარი ექსპონატი - Sputnik საქართველო
ცრურწმენების დღე, ანუ „ვაშინერს"

ვახტანგს განსაკუთრებული ყურადღება გამოუჩენია სათვალეებისა და სხვა ოპტიკური ხელსაწყოების დამზადების წესების აღწერისადმი.

როდესაც მეცნიერებმა თანამედროვე ოპტიკურ სახელოსნოში არსებული ტექნოლოგიური პროცესები შეადარეს ვახტანგ მეფის მიერ აღწერილ სათვალეების დამზადების ტექნოლოგიურ პროცესებს, გამოირკვა, რომ ძველი დროისა და თანამედროვე ტექნოლოგიის პროცესები პრაქტიკულად ემთხვევა ერთმანეთს. 

აღწერილია სათვალეების ჩარჩოს დამზადება, მაგრამ რადგან სათვალე მინებზე მისთვის აკეთებდნენ სპეციალურ არშიას, ცხადია, ჩარჩოსაც საგულდაგულოდ, საკმაოდ მოხდენილს გააკეთებდნენ.

აღსანიშნავია, რომ იმ დროს აღწერილი გაპრიალების პროცესი თითქმის დღესაც უცვლელად სრულდება. ოღონდ, ვახტანგი შალის ნაცვლად ასახელებს ქაღალდის დაკვრას ყალიბზე წებოთი და გასაპრიალებელ ნივთიერებად „კროკუსის“ ნაცვლად მიუთითებს ჯერ „ამარულსა“ და შემდეგ „ტრიფელს“, ე.ი. ორჯერად გაპრიალებას.

ვახტანგის მიხედვით, მინაზე არშიას თრაშვის დამთავრების შემდეგ, გაპრიალებამდე აკეთებდნენ სპეციალურ ყალიბში, დღევანდელ სახელოსნოში კი ის ბოლო მანიპულაციაა და მას ყალიბებში კი არ აკეთებენ, არამედ სპეციალურ სალეს ქვებზე.

ცისარტყელის ფერები - Sputnik საქართველო
ფერების მისტიკა - ვარდისფერი სათვალე, ცისფერი ოცნება, თეთრი კაბა და გლოვის ძაძა...

ვახტანგი, რასაკვირველია, არ იცნობდა ცილინდრულ მინებსა და არც მათი დამზადების წესებს. XVII საუკუნის ბოლომდე მხედველობის კორექციისათვის სფერულ მინებსაც კი სამ დიოპტრიაზე მეტს არც იყენებდნენ (ანუ სამჯერად გადიდებას გულისხმობს). აღსანიშნავია, რომ ვახტანგის მიერ აღწერილი ყალიბები ოთხ დიოპტრიამდე უნდა ვიგულისხმოთ, რადგან მის მიერ უკანასკნელად აღწერილი ყალიბი, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „ოთხს იმდონს წვრილად აჩვენებსო“. ყოველ შემთხვევაში საწყისი ზომიდან რაღაც ოთხი განზომილება იგულისხმებოდა სათვალეების სიძლიერეთა სახეობაში.

ავტორს ნახსენები აქვს აგრეთვე „ცეცხლის მოსაკიდებელი ჭიქა“ და „ხელის სათვალე“.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს იმ დროისათვის კულტურულ-ეკონომიკური ურთიერთობა ჰქონდა სხვადასხვა ქვეყანასთან. ალბათ, ამით აიხსნება, რომ ტექსტში ძალიან ხშირად ვხვდებით ასეთ მითითებებს: „ხარისჩინი ცოტა იშოება, ჩინეთიდან მოიტანებენ“. ნიშადური „სამარყანდიდამ, ქაშხარიდან, ხორასანს მოიტანებენ, იქიდამ აქეთ წამოვა“; „თალხი თეთრი რუსეთიდამ მოვა“ და სხვ.

ხის ხელნაკეთი სათვალე - Sputnik საქართველო
ბიზნესად ქცეული გატაცება - კაკლის, მაკაგონის, ბზის, აკაციის აქსესუარები

ოპტიკური სახელოსნოსათვის საჭირო ნივთიერება „კროკუსი“ კი, როგორც ჩანს, საფრანგეთიდან შემოჰქონდათ: „კროკუსი ერთი ფისია ყვითელი, საფრანგეთიდან მოვა“. 

უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩვენს დიდებულ მეფეს ცარიელ ადგილზე არ დაუწყია კვლევა-ძიება და სათვალე ან მისი მაგვარი მანამდეც არსებობდა, ამაზე მიუთითებს ზაზა ფანასკერტელის „კარაბადინიც“. მან ეს პროცესი მეცნიერულად დახვეწა და პრაქტიკაშიც დანერგა. ასეთი გახლდათ სათვალის გამოგონების ისტორია და საქართველოში მისი დანერგვის სავარაუდო ვერსია. თუმცა, მაინც ვფიქრო, რომ უფრო ადრეულ პერიოდშიც იქნებოდა რაღაც საშუალება (თუნდაც გამადიდებელი შუშა), რომლითაც მხედველობის გაუმჯობესება ხდებოდა.

 


ყველა ახალი ამბავი
0