„საბავშვო ევროვიზიის" პროდიუსერი: ვამაყობ, რომ საქართველოს ასეთი კონკურსანტი ჰყავს

© Sputnik / Levan Avlabreliევროვიზიის კონკურსისთვის მზადება საქართველოში
ევროვიზიის კონკურსისთვის მზადება საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
„საბავშვო ევროვიზია" (ESC) ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ევროპული სატელევიზიო კონკურსია. გრანდიოზულ სანახაობას ყოველწლიურად, მსოფლიოს მასშტაბით, 200 მილიონზე მეტი მაყურებელი ადევნებს თვალს. „საბავშვო ევროვიზია 2017“ (Junior Eurovision Song Contest 2017) ამჯერად თბილისში გაიმართება და მასზე საქართველოს გრიგოლ ყიფშიძე წარადგენს.

უკვე 10 წელია, რაც საქართველო საბავშვო „ევროვიზიის“ პროექტში აქტიურადაა ჩართული. კონკურსის ისტორიაში საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც რეკორდი მოხსნა და სამჯერ გახდა კონკურსის გამარჯვებული. ის, რომ მსოფლიო კონკურსანტებს შორის საქართველო ყოველთვის მოწინავე ადგილს იკავებს, მუსიკალური პროდიუსერის, გიგა კუხიანიძის დამსახურებაა.  „Sputnik საქართველო“ გიგა კუხიანიძეს დაუკავშირდა და კონკურსის შესახებ ესაუბრა.

© FB / Giga Kukhianidzeგიგა კუხიანიძე
გიგა კუხიანიძე - Sputnik საქართველო
გიგა კუხიანიძე

 

- ევროვიზიის ისტორიაში საქართველო უკვე მესამედ გახდა გამარჯვებული. რამდენად შრომატევადი იყო ეს გზა და რის ფასად დაიდო ეს შედეგი?

— ნამდვილად, ევროვიზიის ისტორიაში ჩვენ მივიღეთ სამი გამარჯვება და ვართ რეკორდსმენები, რაც ძალიან საამაყოა.

იმდენი მაქვს ნანერვიულები ყველა ქულების ათვლის და შედეგის მიღწევის დროს, რომ ფაქტიურად ნახევარი ცხოვრება იქ დავტოვე. პირადად ჩემთვის, ბავშვებისთვის, მთელი შემოქმედებითი ჯგუფისთვის, ურთულესი იყო ეს გზა. როდესაც იქ ხარ, ფიქრობ იმაზე, რომ შენს უკან დგას შენი ქვეყანა. გინდა, რომ უკან ამაყი დაბრუნდი. ძალიან დიდი ბედნიერებაა ის წუთები, როდესაც იგებ, რომ ამდენ ქვეყანას შორის გამარჯვებულია შენი ქვეყანა.

© FB / Giga Kukhianidzeგიგა კუხიანიძე მეგობრებთან ერთად
გიგა კუხიანიძე მეგობრებთან ერთად - Sputnik საქართველო
გიგა კუხიანიძე მეგობრებთან ერთად

- რამდენად მნიშვნელოვანია ამ დროს მშობლების ჩართულობა, თანადგომა, ძლიერი გუნდი. ალბათ მხოლოდ კონკურსანტის მონაცემები არ კმარა წარმატების მისაღწევად?

— რა თქმა უნდა მშობლების ჩართულობა აუცილებელია. თუ მშობელი არ არის ჩართული, როგორ მოხდება ეს ყველაფერი? ეს არის ურთულესი პროცესი, რამდენიმე თვე მიმდინარეობს რეპეტიციები, ბავშვს სჭირდება განსაკუთრებული მიხედვა, მოვლა, თავისთავად ამაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია ოჯახს. მშობლებისთვის ეს მარტივი არ არის. ზოგჯერ დიდი ნერვების ფასად უჯდებათ ეს ყველაფერი. მოგეხსენებათ სოციალურ ქსელში ჭარბად ვხვდებით აგრესიას, ზოგჯერ ცუდ კომენტარებს უწერენ ბავშვებს. ეს მათზეც მოქმედებს, მშობლებზეც და ვიწყებთ მერე მათ დაწყნარებას. სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ნეგატიური რაღაცეები უფრო მოდური გახდა, ვიდრე პოზიტიური. ბავშვებსაც კი არ არჩენენ სიმღერას და წარმატებას, რატომღაც ყველაფერს ცუდს წერენ. ყოველ წელიწადს ეს ძალიან მტკივნეული პრობლემაა. ჯერ ამის გადალახვაა საჭირო. ბავშვი სცენამდეა მისაყვანი და ამ დროს კითხულობს, რომ თავისი თანამემამულე ლანძღავს გაურკვეველი მიზეზის გამო. ამას ყველაზე მეტად მაინც დედა განიცდის. მაგრამ, როდესაც ყველაფერი კარგად მთავრდება ყველაფერი გავიწყდება. ამ დროს ხვდები, რომ მართალ გზას ადგახარ და კარგ საქმეს აკეთებ შენი ქვეყნისთვის.

© FB / Giga Kukhianidzeგიგა კუხიანიძე და ევროვიზიის მონაწილეები
გიგა კუხიანიძე და ევროვიზიის მონაწილეები - Sputnik საქართველო
გიგა კუხიანიძე და ევროვიზიის მონაწილეები

- რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი თქვენთვის?

— ეს პროექტი ჩემთვის შვილივითაა. როცა პირველად, 2007 წელს დაიწყო ეს პროექტი საქართველოში, მას მერე ვარ ჩართული და ყოველ წელს ველოდები მის დაწყებას. ძალიან შრომატევადია, მაგრამ ეს დაღლაც მომწონს, ეს შრომაც მომწონს, ნერვიულობაც მიხარია. ეს ჩემი მოწოდებაა, თორემ არავინ არ მაძალებს ამის კეთებას. იმდენად ვნერვიულობ ხოლმე, ყოველ წელიწადს ვამბობ, რომ მომავალ წელს აღარ გავაკეთებ, მაგრამ მალევე მენატრება ეს სიგიჟე და თავიდან ვიწყებ ყველაფერს. წლევანდელი წელი განსაკუთრებით შრომატევადი აღმოჩნდა, რადგან მთლიანად, მთელი შოუს მუსიკალური გაფორმება მე გავაკეთე. თითქმის ოთხი თვეა ამაზე ვმუშაობ. ძალა არ დავიშურე, რომ ყველაფერი საუკეთესოდ გამოსულიყო, ფანტასტიური ევროვიზია გამოდის, განსაკუთრებული იქნება სხვა წლებთან შედარებით. საოცარი შოუ კეთდება. ერთი სიტყვით, ჯერჯერობით ყველაფერი იდეალურადაა დალაგებული. მთლიანად ვარ ჩართული ამ  საკითხში და აბსოლუტურად ყველა დეტალი ვიცი. ფაქტიურად ოთხი თვეა სტუდიაში ვცხოვრობ.

წელს საქართველოს ევროვიზიაზე გრიგოლ ყიფშიძე წარადგენს. დიდი დატვირთვით ემზადება კონკურსისთვის. ყოველ დღე გვაქვს რეპეტიცია, ვხვდებით ერთმანეთს. უკვე მზად არის, გამართულია ყველაფერი და დარწმუნებული ვარ ძალიან საამაყო ნომერი გვექნება. გრიგოლი ძალიან მაგარი ბიჭია. ეს მე რომ არ ვთქვა, ისედაც ყველამ იცის. ვამაყობ, რომ ასეთი კონკურსანტი გვყავს.

© FB / Giga Kukhianidzeგრიგოლ ყიფშიძე ევროვიზიის მონაწილეებთან ერთად
გრიგოლ ყიფშიძე ევროვიზიის მონაწილეებთან ერთად - Sputnik საქართველო
გრიგოლ ყიფშიძე ევროვიზიის მონაწილეებთან ერთად

რიგით მე-15 კონკურსის ჩატარების უფლება საქართველოს 2016 წლის ევროვიზიაზე 10 წლის მარიამ მამადაშვილის გამარჯვებამ მოუტანა. სიმღერით „მზეო" ქართველმა შემსრულებელმა 17 ქვეყნის წარმომადგენელს გაუსწრო და 239 ქულა მოიპოვა. „საბავშვო ევროვიზიის" კონკურსი 26 ნოემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0