„პატარა ვირტუოზები“ - სტუდია, რომელსაც ბავშვები უცხოეთის გასტროლებზე უფასოდ დაჰყავს

© Courtesy of Gia Davitashviliსცენაზე
სცენაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში თითქმის ყოველი მეოთხე ბავშვი ცეკვავს და ბევრი ქორეოგრაფიული ანსამბლი არსებობს, ამიტომ ამ მხრივ ვერავის ვერაფრით გააკვირვებ, მაგრამ ანსამბლი, რომელზეც გვსურს მოგითხროთ, დამიჯერეთ, ყველასგან გამორჩეული შემთხვევაა.

საქმე ეხება ქართული ცეკვების საბავშვო სკოლა-სტუდიას „პატარა ვირტუოზები“, რომელიც საქართველოში 1993 წლიდან არსებობს. იმის გარდა, რომ ბავშვები საცეკვაო ხელოვნებას ვირტუოზულად ფლობენ, სტუდიას ისინი გასტროლებზე უფასოდ დაჰყავს და ზოგ შემთხვევაში თანხასაც კი უხდის. დამეთანხმებით, მსგავსი პრეცედენტი საქართველოში მართლა არ არსებობს, მთელ მსოფლიოში კი ასეთი მხოლოდ ვენის ბავშვთა კაპელაა.

ქართველმა „პატარა ვირტუოზებმა“ არსებობის 24 წლის მანძილზე 43 ქვეყანა მოიარეს და 1260-ზე მეტი კონცერტი გამართეს. სტუდიას დაარსების დღიდან უამრავ ფესტივალში აქვს ჯილდო მიღებული. აქტიური საკონცერტო მოღვაწეობის გამო მას „საქართველოს კულტურის დესპანის“ წოდება მიანიჭეს. ჩვენ ანსამბლის დამაარსებელსა და ხელმძღვანელს გია დავითაშვილს დავუკავშირდით.

© Courtesy of Gia Davitashviliგია დავითაშვილი
გია დავითაშვილი - Sputnik საქართველო
გია დავითაშვილი

– ბატონო გია, სანამ პატარა ვირტუოზების გამოზრდას დაიწყებდით, თქვენც ხომ იყავით პატარა ვირტუოზი თავის დროზე?

— დიახ, მე ექვსი წლიდან ვცეკვავდი რკინიგზელთა სახლში, სადაც ჩემი მასწავლებელი არაჩვეულებრივი ქორეოგრაფი, გივი ლაცაბიძე იყო. მის მერე რეზო ხონელიძე მასწავლიდა, ხოლო მოგვიანებით რეზო ჭოხონელიძესთან ვიყავი ანსამბლ „რუსთავში“. როცა სუხიშვილების სტუდიაში გადავედი, იქ უკვე ამირან სალუქაშვილი მასწავლიდა. მოკლედ, მთელი ცხოვრება საუკეთესო პედაგოგები მყავდა. სუხიშვილების მერე ბავშვებთან დავიწყე მუშაობა, მაშინ 93 წელი იყო…

© Courtesy of Gia Davitashviliსცენაზე
სცენაზე - Sputnik საქართველო
სცენაზე

– ანუ ის დრო, როცა საქართველოში მაინც და მაინც საცეკვაოდ არ გვქონდა საქმე…

— დიახ, მართლაც რთული დრო იყო… იმ დროს ტრანსპორტი არ იყო და ბავშვები გლდანიდან მარჯანიშვილის მეტრომდე მოდიოდნენ და რეპეტიციას ერთი კაციც არასოდეს აკლდა. მშობლები გაყინულ დარბაზში ატარებდნენ ბავშვებს და ამისთვის დღესაც მადლობა მინდა გადავუხადო. შემდეგ დოდო ჩაჩავამ დაგვითმო დარბაზი და იქ ვიკრიბებოდით. ნორმალური პირობები არც იქ იყო, შუქი არ გვქონდა და რეპეტიციებს სანთლის შუქზე ვატარებდით, მაგრამ რადგან დარბაზი მიწისქვეშ იყო, იმდენად არ ციოდა. მერე ნელ-ნელა წინ წავედით… დღეს 200-მდე ბავშვს ვასწავლით ცეკვას და აღმაშენებელზე გვაქვს არაჩვეულებრივი დარბაზი, სადაც ყველანაირი პირობებია. ბანკიდან კრედიტი ავიღე და რემონტი ისე გავაკეთე.

© Courtesy of Gia Davitashvili"პატარა ვირტუოზები" უცხოურ პრესაში
პატარა ვირტუოზები უცხოურ პრესაში - Sputnik საქართველო
"პატარა ვირტუოზები" უცხოურ პრესაში

– შესაძლოა ბევრმა არ დაიჯეროს, რომ ბავშვები გასტროლებზე უფასოდ დაგყავთ…

— დიახ, ეს სიმართლეა. ჩვენი ბავშვები გასტროლების თანხას არ იხდიან და ეს პროდიუსერების ხარჯზე ხდება. საქართველოში ასეთი მარტო ჩვენი ანსამბლია. მთელ მსოფლიოში ვართ მხოლოდ ჩვენ და ვენის ბავშვთა კაპელა, რომელსაც ბავშვები გასტროლებზე უფასოდ დაჰყავს. მშობლებს რომ ახდევინებენ გასტროლების ფულს — ასეთი რამ არ არის სწორი. ჩვენთან სწავლის თანხასაც კი, თუ მშობელს სამი ბავშვი დაჰყავს, მხოლოდ ორისას ვახდევინებთ…

– რამდენ ქვეყანაში იყავით გასტროლებზე, სადაც პატარა მოცეკვავეებს, ვიცი, რომ საუკეთესო პირობებში მოუწიათ ცხოვრებაც და კონცერტების გამართვაც?

— სულ 43 ქვეყანაში ვართ ნამყოფი. მექსიკის ყველა ქალაქში ვიყავით ხუთჯერ, პერუს ყველა ქალაქში ასევე ხუთჯერ, კოლუმბიაში — ოთხჯერ, აგრეთვე ვიყავით არგენტინაში, ბრაზილიაში, ჩილეში, ურუგვაიში, ესპანეთში, დუბაიში, საბერძნეთში, თურქეთში… მადრიდში 14 კონცერტი გვაქვს გამართული. სადაც წავალ, ჩემი ერთადერთი მოთხოვნა ყოველთვის ისაა, რომ ბავშვები უნდა იყვნენ უმაღლეს დონეზე დაბინავებული და უმაღლესი კვება ჰქონდეთ. ამდენი ხანია ჩინეთში მიწვევენ გასტროლებზე და კვების გამო უარს ვეუბნები, რადგან იქ მინდა, რომ თან ჩვენი მზარეულიც წავიყვანო. ძალიან უჭმელი ბავშვები არიან, ჩინეთში კი სპეციფიკური სამზარეულოა და პრობლემა შეექმნებათ. არის გასტროლები, სადაც თანხას ბავშვებს ვუხდით. ლათინური ამერიკის ქვეყნებში ბავშვები ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში გვყავდა დაბინავებული.

– ვიცი, რომ საკმაოდ დიდ დარბაზებში უწევთ ცეკვა თქვენ ვირტუოზებს…

— დიახ, მაგალითად, მეხიკოში ტარდება ძალიან სერიოზული ფესტივალი, რომლის ნომინანტები მარტო სუხიშვილები და ჩვენ ვართ, უკვე ორჯერ ვიყავით. ერთადერთი ბავშვთა ანსამბლი ვართ, რომელიც ამ ფესტივალზე იყო წარდგენილი. იქ 10 ათასკაციან დარბაზში გამოვდივართ. საერთოდ ყველგან დიდ და საუკეთესო დარბაზებში გამოსვლა გვიწევს.

– ვირტუოზების უკვე მერამდენე თაობა გაზარდეთ და მათ შორის განსხვავებას რაში ხედავთ?

— ახლანდელ ბავშვებს დისციპლინა არ უყვართ და, მე ვიტყოდი, მეტისმეტად თავისუფლები არიან. ამის გამო მათთან ურთიერთობა ცოტა ჭირს ხოლმე…

– ცეკვა, იმედია, უყვართ?

— აბა როგორ იქნება მაგის გარეშე?! იშვიათი ფანატიკოსები მყავს და ეს მახარებს…

– რაზე გწყდებათ გული?

— გულისტკვილით მინდა გითხრათ, რომ ტელევიზიები არ ინტერესდებიან ხოლმე ჩვენით, სულ ვუკავშირდები, რომ მოვუთხრო ჩვენ გასტროლებზე, იმაზე, თუ როგორი აღფრთოვანებული გვხვდება უცხოური მაყურებელი, მაგრამ არ ინტერესდებიან… მერე თავი დავანებე. კიდევ გული იმაზეც მწყდება, რომ საკუთარმა შვილებმა არ მოინდომეს ცეკვის სწავლა და არ იციან. ვერც დააძალებ, რადგან ეს მთელი ხელოვნებაა. ბავშვს თუ არ უნდა, ვერაფერს მოახერხებ.

– როგორია რჩევა, რომელსაც ყველა თაობის ვირტუოზებს აძლევთ?

— ყველას ვეუბნები – გული ჩადეთ ყველაფერში, რასაც აკეთებთ, თორემ სხვანაირად არაფერი გამოგივათ და ვირტუოზიც არ გერქმევათ მეთქი…

ყველა ახალი ამბავი
0