07:23 13 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
თამარ ბერიძე

ჩოხიანი სტუდენტი ქალი ანკარაში და ოსმალეთის სულთანის აქამდე უცნობი ქართველი ცოლი

© FB / Tamuna Tamuna
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
თეონა გოგნიაშვილი
ქართველები უცხოეთში (102)
12212422

თამარ ბერიძე – ქართველი ისტორიკოსი, დაამთავრა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტები. სწავლის გასაგრძელებად თურქეთში გაემგზავრა. 2013 წლიდან დღემდე ანკარაში ცხოვრობს.

ამჟამად ანკარის უნივერსიტეტში მსოფლიო ისტორიის სპეციალობით დოქტურანტურის მეხუთე კურსზე სწავლობს და თურქეთის მთავრობის სახელმწიფო სტიპენდიანტია. ანკარის ჟურნალ-გაზეთებში ხშირად იბეჭდება საქართველოს ისტორიაზე დაწერილი მისი სტატიები. მონაწილეობს თურქეთში გამართულ თითქმის ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაში, სადაც ყოველთვის ქართული ეროვნული სამოსით ჩნდება. ამგვარი აქტიურობის გამო მას თურქეთის ოფიციალურ წრეებშიც იცნობენ. თამარ ბერიძეს ანკარაში დავუკავშირდით.

თამარ ბერიძე
Courtesy by Tamar Beridze
თამარ ბერიძე

– ქალბატონო თამარ, თავიდანვე გკითხავთ, როგორ მოახერხეთ, რომ ამ უზარმაზარ ანკარაში ბევრი გიცნობთ?

— რა გითხრათ… სულ ვაქტიურობ, პირველობას არავის ვუთმობ. ჩვენი ტრადიციული ჩოხა ჩავიცვი, აბსოლუტურად ყველა ღონისძიებაზე თუ ფესტივალზე ქართული ეროვნული სამოსით მივდივარ. ეროვნული სამოსი ქართული ჩოხით ბათუმში შევიკერე. როცა რაიმე სემინარი ან ღონისძიებაა, ყველგან ვიღებ მონაწილეობას. ცუდი წარმოდგენა ბევრს კარგით შევაცვლევინე. პრეზიდენტსაც შევხვდი, კონტაქტები აქაურ მინისტრებთან და მერიის აპარატთანაც მაქვს და თურქ პოლიტიკოსებს ინტერვიუებს ვართმევ. ყველგან პირზე საქართველო მაკერია. ჩემი აქტიური ცხოვრებიდან გამომდინარე თითქმის ყველა სტრუქტურაში მიცნობენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრა ანკარაში
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრა ანკარაში

– გავიგე, მარტო სახელით გახსენებენ ხოლმე?

— იცით, როგორ მახსენებენ, როცა ჩემზე საუბრობენ?— რომელი სტუდენტი, ქართველი მეფის სახელს რომ ატარებსო? სხვადასხვა პროექტის ფარგლებში რაც კი პრიზია, ყველა მოვაგროვე. ანკარის ჟურნალებში სტატიებს ვწერ თამარ მეფეზე, ვცდილობ საქართველოს ისტორიაზე ბევრი მასალა გამოქვეყნდეს. თურქეთში ერთ ცნობილ გაზეთს ინტერვიუ მივეცი, სადაც საქართველოზე ვისაუბრე. თურქეთში ქართველებით დასახლებულ ქალაქ ინეგოლში ქართულ ენას ვასწავლიდი და თავიდან კურსი 35 მსმენელით დავიწყე. თავისუფალ დროს წყალზე ხატვის გაკვეთილებზე დავდივარ.

თამარ ბერიძე
თამარ ბერიძე

– ფაქტობრივად ანკარაში დამოუკიდებლად შეძელით მრავალხმრივი ცოდნის შეძენა და საკუთარი თავის რეალიზება…

— მართლა ასეა, ყველაფერი დამოუკიდებლად შევძელი. თავიდან თურქეთის სახელმწიფო სტიპენდიებზე ინფორმაცია ინტერნეტით მოვიძიე და 2010 წლის ივლისში საზაფხულო პროგრამით თურქეთში გავემგზავრე. პროფესიული ცოდნის გასაღრმავებლად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად ყველა კონკურსში ვმონაწილეობდი. როდესაც თურქული ენა ძირფესვიანად შევისწავლე, ჩავირიცხე ჰაჯეთ–ეფეს უნივერსიტეტში, როგორც მკვლევარი და 8 თვეში დავამთავრე. 2013 წელს ისევ კონკურში მივიღე მონაწილეობა და ამჯერად ანკარის უნივერსიტეტის მსოფლიო ისტორიის დოქტორანტურაში ჩავირიცხე. ახლა მეხუთე კურსის სტუდენტი ვარ, ვწერ დისერტაციას. ჩემი სადოქტორო დისერტაციის თემაა – საქართველოს სამეფო 1101-1125 წლებში, რომელიც დაიბეჭდება კიდეც. ზოგი ფაქტი თურქულ წყაროებში დამახინჯებულია. სასემინარო თემა თამარ მეფეზე დავწერე, თან დამახინჯებული წყაროების გამოსწორებას ვცდილობ.

თურქულ ჟურნალში დაბეჭდილი თამარ ბერიძის სტატია თამარ მეფეზე
Courtesy by Tamar Beridze
თურქულ ჟურნალში დაბეჭდილი თამარ ბერიძის სტატია თამარ მეფეზე

– რაიმე საინტერესო აღმოჩენა ხომ არ გააკეთეთ ადგილობრივ ბიბლიოთეკებში, ან რაიმე აქამდე უცნობ ფაქტს ხომ არ მიაგენით?

— როცა ოსმალეთის ისტორიაზე ვმუშაობდი, ბიბლიოთეკებში ვიქექებოდი და აღმოვაჩინე, რომ ოსმალეთის სულთნებს ცოლად ჰყავდათ ქართველი ქალები, რომლებიც საქართველოს ისტორიაში ნახსენები არ არის. მაგალითად, აბრაჰამ პირველს ვინმე ჩოლოყაშვილის ქალი ჰყავდა მეოთხე ცოლად, მათ ორი გოგონა ჰყავდათ. რასაც ვახერხებ, მათ ქსეროასლებს ვაკეთებ.

თამარ ბერიძე
თამარ ბერიძე

– გარდა სამეცნიერო საქმიანობისა, ანკარაში ქართულ კულტურასა და ისტორიას უწევთ პოპულარიზაციას…

— სწავლის პარალელურად აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობ – ანკარაში ვატარებ კულტურულ, საგანმანათლებლო და სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, სადაც საქართველოს პოპულარიზაციას ვეწევი. სულ ახლახან ანკარაში ჩატარდა ფესტივალი, რომელშიც 15 ქვეყანას საკუთარი სტენდი ჰქონდა. მე საქართველოს წარმოვადგენდი. ფესტივალებზე ქართულ კულტურას, ისტორიას, ტრადიციებს, ფოლკლორს, ქართულ სამზარეულოს, სამოსს და საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ვაცნობ ხალხს. კონტაქტი უცხოელ სტუდენტებთანაც დავამყარე და „მეგობრობის ხიდი“ შევქმენით. მოკლედ, ყველგან, სადაც კი გამოვჩნდები და ვისაც შევხვდები, ჩვენ ტრადიციებზე ვესაუბრები, ცდილობ უცხოელებს ჩვენი ქვეყანა კარგი თვალით დავანახო და სხვაგვარად ვერც წარმომიდგენია – ეს ხომ ჩვენი სამშობლოა, უძველესი ფესვებით და ყველასგან გამორჩეული კულტურითა და ღირსეული ტრადიციებით…

თემები:
ქართველები უცხოეთში (102)

მთავარი თემები