შელოცვები ბებიის სკივრიდან – გველის ნაკბენისა

© photo: Sputnik / Alexandr Utkin / გადასვლა მედიაბანკშიშელოცვები ბებიის სკივრიდან
შელოცვები ბებიის სკივრიდან - Sputnik საქართველო
გამოწერა
განვაგრძობთ ხალხური ზეპირსიტყვიერების იშვიათი დარგის, გაქრობის პირას მყოფი ქართული ფოლკლორის უნიკალური სახეობის - შელოცვების პუბლიკაციას. რუბრიკას უძღვება ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი საბა მეტრეველი.

შელოცვა განმარტებით ლექსიკონებში ცრურწმენას უკავშირდება. თითქოს შელოცვის სიტყვები დათრგუნავს, განდევნის ავ სულს და ავადმყოფს გამოაჯანმრთელებს. შელოცვა „გულისხმობს შერითმულ სიტყვებს, რომელთა ძალაც ავადმყოფს გამოათავისუფლებს ავი სულებისგან“. შელოცვაში სამი რამ არის დომინანტური და გაუთიშველი: სიტყვა, მოქმედება (რიტუალი) და ჩურჩული.

მიღებულია, რომ შელოცვას „ბარბაროსული გაუგებრობა“ უნდა ახლდეს. ყველაზე „გამჭრელ“ ტექსტებადაც სწორედ აბრაკადაბრული, ანუ ბუნდოვანი შინაარსის მქონე მიიჩნეოდა. გამოყოფენ კოსმოგონიურ, სამკურნალო და სამეურნეო შელოცვებს. შელოცვები წარმოადგენენ რაღაც ეკლესიური ცოდნის, ქრისტიანული სიმბოლიკის გადაგვარება-დამახინჯების პროდუქტს. მინიშნებითაც კი ადვილი საგრძნობია, რომ ქრისტიანული ცოდნა რაღაც ეტაპზე გახალხურდა, მასში შეიჭრა არაკანონიკური ელემენტები, დამახინჯდა და ასეთი ფორმით განეფინა შელოცვებში. ამდენად, შელოცვები არ არის წარმართული ტექსტები და, ძირითადად, ქრისტიანობის გახალხურების, პაგანიზაციის პროდუქტია.

სკივრი - Sputnik საქართველო
შელოცვები ბებიის სკივრიდან – გათვალულისა

ერთ-ერთი ძირითადი განმასხვავებელი ლოცვასა და შელოცვას შორის არის რიტუალი, რომლის გარეშე ის თითქოს ძალას კარგავს. შელოცვები — ეს იგივე მაგიური პოეზიაა და მაგიური ტექსტებით ლოცვა მორწმუნე ქრისტიანისთვის მკრეხელობაც კია: „ვაჲ არს მათა, რომელნი შელოცვითა კურნებასა ეძიებენ… ღმერთი არს მკურნალი ჩვენი“ — გვაწავლიან ეკლესიის წმინდა მამები. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ზეპირსიტყვიერების ეს ჟანრი ძალზე აქტუალური იყო ქართულ სოფლებში, შემლოცველიც განსაკუთრებული მადლმოსილების ადამიანი უნდა ყოფილიყო. დღეს კი ქართული ფოკლორის ეს იშვიათი მარგალიტი გაქრობის პირასაა. გთავაზობთ ბებიის სკივრიდან ამოღებულ სამკურნალო შელოცვებს — დღეს გველის ნაკბენისას შემოგთავაზებთ:

სახელითა ხვთითა, მამითა, სულითა წმინდითა (3-ჯერ)

შავი, შავი შამელია,

შავი გველი ვეშაპია,

აფაქიასა ქალია,

აფაქიასა ცოლია!

ტიტი-ტიტი ტიტმანასა,

ანახი და ჩანახი,

სამი გუთანი წყალი.

კოღო ვარ, კოღო ყვითელი,

კაბა მაცვია წითელი,

თხილისა ჯოხი მიჭირავს,

გველისა სატკაცუნებელი.

გველი მოკვდეს,

ნაკბენი მორჩეს! (3-ჯერ)

ღმერთო, არგე ლოცვა ჩემი, 

შეეწიე მადლი შენი, 

მოუხდინე ლოცვა ჩემი, ბრძანებაა ღვთის და

ლოცვა არის ჩემი! (3-ჯერ).

ამ შელოცვის დროს გამომლოცველს ხელში ეჭირა თხილის ჯოხი და როდესაც სამჯერ იტყოდა სიტყვებს „გველი მოკვდეს, ნაკბენი მორჩეს“, სამჯერვე შეახებდა ნაკბენ ადგილს.

ყველა ახალი ამბავი
0