მოგზაურობა დედამიწის გარშემო და ერთწლიანი პაუზა საქართველოში

© фото из личного архива Синдии Биллსინდია ბილი საქართველოში
სინდია ბილი საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბელგიელმა სინდია ბილმა ავტოსტოპით 50-ზე მეტი ქვეყანა მოიარა, ახლა კი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა გადაწყვიტა და თავის მარშრუტში მისთვის უცნობი პატარა ქვეყანა - საქართველო ჩართო.

"Sputnik-საქართველოს" რუბრიკა "უცხოელის თვალით დანახული საქართველო" წარმოგიდგენთ სინდია ბილს და საქართველოს როლს მის მოგზაურობაში, რომელიც ირლანდიაში დაიწყო და ალასკაზე უნდა დასრულდეს.

მსოფლიოს გარშემო

ძალიან დიდი ხანია ვმოგზაურობ. მარტო, მეგობრებთან, საყვარელ ადამიანთან — ავტოსტოპით, ფეხით, თვითმფრინავით. ჩემი ცხოვრება არ წარიმართა ტრადიციულად — სწავლა, სამსახური, ოჯახი. ჩემი შემოსავლის ძირითადი წყარო ინტერნეტ-გაკვეთილებია, ინტერნეტის მეშვეობით ინგლისურ ენას ვასწავლი. ჩემთვის ეს მოსახერხებელია, რადგან საშუალებას მაძლევს, ერთ ადგილს არ მივეჯაჭვო.

გარკვეულ მომენტში გავაცნობიერე, რომ მზად ვარ მსოფლიოს გარშემო მოგზაურობისთვის. არ მინდოდა მარტოს მეხეტიალა და ჩემი აზრები ასევე მოგზაურობის მოყვარულ მეგობარს გავუზიარე.

"მშვენიერი იდეაა!" — მაშინვე დამთანხმდა ის.

© фото из личного архива Синдии Биллსინდია ბილი საქართველოში
Синдия Билл в Грузии - Sputnik საქართველო
სინდია ბილი საქართველოში

მოგზაურობის საწყისი წერტილი ირლანდია გახდა, სადაც მაშინ ვცხოვრობდით. მარშრუტი გადიოდა ევროპაზე — საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია, პოლონეთი, ბულგარეთი, შემდეგ თურქეთისა და საქართველოს გავლით მცირე აზია, შემდეგ კასპიის ზღვის გავლით — ყაზახეთი, ჩინეთი და იაპონია. საბოლოო პუნქტი — ალასკა.

გადავწყვიტეთ, თვითმფრინავით არ გვესარგებლა, ეს კი ნიშნავს, რომ ვმგზავრობთ ან ავტობუსებით, ან ავტოსტოპით. ავტოსტოპით გადაადგილება საკმაოდ იაფი და მოსახერხებელია, მისი საშუალებით მთელი მსოფლიოს მოვლა რეალურად შესაძლებელია. იქ კი, სადაც ზღვა შეგვხვდება, გემით გადაცურვა გადავწყვიტეთ. შევკარით ბარგი და გზას შევუდექით. ასე დაიწყო ჩვენი მრავალწლიანი მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო.

© фото из личного архива Синдии Биллსინდია ბილი საქართველოში
Синдия Билл в Грузии - Sputnik საქართველო
სინდია ბილი საქართველოში

მთელი წელი საქართველოში

ევროპის ქვეყნების შემდეგ საქართველოში ჩამოვედით — დაახლოებით ერთი წლის წინ. სულ არ ვგეგმავდით აქ დარჩენას ამდენი ხნით. რამ მიგვიზიდა ამ პატარა ქვეყანაში? პირველ რიგში, უზომოდ ლამაზმა ბუნებამ.

თუმცა, ბუნება თავისთავად კარგია, მნიშვნელობა არა აქვს, რომელ ქვეყანაში იმყოფები, ყველგან არის რაღაც ლამაზი. ალბათ, ამას მიზეზს ვერ უწოდებ, თუ რატომ დარჩი უცხო ქვეყანაში ამდენი ხნით, თან, როცა მოგზაურობ.

უნდა მოგვეძებნა შუალედური პუნქტი, სადაც ვიზრუნებდით საარსებო თანხაზე, საქართველოს შემდეგ დიდი გზა გველოდება ჩინეთისკენ ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის გავლით. ჩემი პარტნიორი კანადის მოქალაქეა, ეს კი ნიშნავს, რომ ევროპის ქვეყნებში უვიზოდ ის სამ თვეზე მეტხანს ვერ დაჰყოფს.

როცა გავიგეთ, რომ საქართველოს ძალიან მსუბუქი მიგრაციული პოლიტიკა აქვს, მაშინვე გადავწყვიტეთ დარჩენა. ბონუსი — აქ საკმაოდ იაფია ცხოვრება — ეს სასიხარულოა, როდესაც ასეთ ხანგრძლივ მოგზაურობაში ხარ. საქართველომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ხანგრძლივ მოგზაურობაში და მნიშვნელოვანი შუალედური პუნქტი გახდა ევროპიდან აზიაში და შემდეგ ამერიკამდე მოგზაურობაში.

© фото из личного архива Синдии Биллსინდია ბილი საქართველოში
Синдия Билл в Грузии - Sputnik საქართველო
სინდია ბილი საქართველოში

უცნობი ქვეყანა

სანამ საქართველოში ჩამოვიდოდით, თურქეთში ვიყავით. უნდა ვაღიარო, რომ არაფერი ვიცოდით ამ პატარა მეზობელი ქვეყნის შესახებ. როცა რუკას ვათვალიერებდით, გვესმოდა, რომ ამ ქვეყანაზე უნდა გაგვევლო. მაშინ ვერც კი წარმოგვედგინა, რომ რამდენიმე თვეში უბრალოდ ბედნიერი ვიქნებოდით, სწორედ ამ ქვეყნით რომ გავაგრძელეთ მარშრუტი.

ძალიან სასიამოვნო იყო საქართველოს აღმოჩენა — ესაა ქვეყანა დიდი ისტორიითა და უძველესი კულტურით, ძალიან თვითმყოფადი. მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მიცხოვრია იქ და არც კი შემიძლია, რომელიმეს შევადარო. სტუმართმოყვარეობისა და მეგობრობის ასეთი კულტურა არსად მინახავს. მგონია, რომ აქ ასეთი წესია: სტუმარი შენი მეფეა. სხვაგვარად ვერ ვხსნი…

ერთი-ორი სიტყვა მინდა ბუნებაზეც ვთქვა — ესაა ჩემი ვნება, სიყვარული, რაც ცხოვრების გზაზე მიბიძგებს. ახალი ადგილები, თვალწარმტაცი ხედები, საოცარი ლანდშაფტები — ეს ისაა, რაც მოგზაურობას მაიძულებს. და სწორედ საქართველოში იმდენად მრავალფეროვანი ბუნებაა, რომ ეს ერთი წელიც კი არ მეყო მის სანახავად. ეს მთის ნაკადულები გამჭვირვალე ცისფერი წყლით, მაღალი მთების ხეობები, მთების თოვლიანი მწვერვალები, ხშირი ტყე…

© фото из личного архива Синдии Биллსინდია ბილი საქართველოში
Синдия Билл в Грузии - Sputnik საქართველო
სინდია ბილი საქართველოში

 

დედამიწის სამოთხე — არა

საქართველო ლამაზი ქვეყანაა, მაგრამ სამოთხეს ვერ ვუწოდებ. პირველ რიგში, მე, როგორც ევროპულად აღზრდილ ადამიანს, აქ არ მყოფნის აწყობილი სოციალური პოლიტიკა. როგორც მე მგონია, სახელმწიფო მოხუცებზე, პრაქტიკულად, არ ზრუნავს, პენსიები ძალზე მცირეა — ეს არასწორია, ადამიანებმა ხომ იმუშავეს მრავალი წელი, მათ შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, სიბერეს ღირსეულად შეხვდნენ.

წარმოშობით ბელგიიდან ვარ. ჩვენთან არის სპეციალური სამსახურები, რომლებიც მოხუცებს ეხმარებიან. მაგალითად, შეგიძლია მხოლოდ დარეკო ტელეფონზე და ითხოვო წამლები, მოხალისეები მას სახლში მოგიტანენ, ასევე დაგეხმარებიან სახლის დალაგებაში, მოგიტანენ პროდუქტებს და მოგიმზადებენ საჭმელს. ეს ერთჯერადი დახმარება არ არის, მუდმივად ასეა — რაღაც სასწრაფო დახმარების მაგვარი.

მხარდაჭერა არა აქვთ ასევე შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებს. ქალაქები და, მით უმეტეს, სოფლები არ არის ადაპტირებული უსინათლოებისა და სმენადაქვეითებულთათვის… ვფიქრობ, რომ ასეთ ადამიანებს მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს, ისინიც საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან და მათაც აქვთ სრულფასოვანი სოციალური ცხოვრების უფლება.

დროსთან დამოკიდებულებაც ქართველებს არაერთგვაროვანი აქვთ. მიჩვეული ვარ პუნქტუალობას, აქ კი სრულ ქაოსთან მომიწია შეჯახება. დილის 10 საათზე დანიშნული შეხვედრა შეიძლება გადაგიტანონ დღის 2 საათზე, მერე საღამოს 6-ზე, ხოლო შვიდის ნახევარზე საერთოდ გააუქმონ — ეს ჩემთვის უჩვეულო და მიუღებელია.

არის კიდევ მრავალი სხვადასხვა მომენტი და ნიუანსი, რომლებიც საქართველოს სასარგებლოდ არ მეტყველებს, თუმცა, ალბათ, მეტს არაფერს ვიტყვი, რადგან ეს მაღიზიანებს პირადად და არა მთლიანობაში. მე მაინც სტუმარი ვარ, ამ ქვეყანამ კი ძალიან თბილად მიმიღო.

© фото из личного архива Синдии Биллსინდია ბილი საქართველოში
Синдия Билл в Грузии - Sputnik საქართველო
სინდია ბილი საქართველოში

მოძრაობა წინ — ცხოვრება

მას შემდეგ, რაც ამდენი ქვეყანა შემოვიარე, ვნახე, როგორ ცხოვრობენ ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ვისწავლე, რომ ცხოვრებას მოთმინებით უნდა მოეკიდო. თითოეული ქვეყანა უნიკალურია, როგორც მისი კულტურა, ადამიანები, ბუნება… ამითაა საინტერესო ეს სამყარო — თავისი მრავალფეროვნებით.

გერმანია პუნქტუალობის ქვეყანაა, საქართველო — მისი საწინააღმდეგო, ამით იტალიასა და ესპანეთს ჰგავს. ირლანდია წვიმიანია, საქართველო — მზიანი. პოლონეთში მყუდრო, პატარა კარგად მოწყობილი სოფლებია, საქართველოში ცოტა თუ აქცევს ყურადღებას სახლის გარეგნულ იერს. ინგლისელები ურთიერთობებში ცივი არიან, ხოლო ქართველები ყოველთვის მზად არიან, სახლში სუფრასთან მიგიპატიჟონ

სამყარო მრავალფეროვანია. გზა აზერბაიჯანისკენ მაქვს. საქართველოში ავტოსტოპით მოგზაურობა ძალიან მომწონს, აქ ყოველთვის მზად არიან, ადამიანს დაეხმარონ გზაზე. ვფიქრობ, საზღვრამდე უპრობლემოდ მივალ. იქ კი… ვინ იცის, რა გველოდება იქ…

 

ყველა ახალი ამბავი
0