ნინო ჯანიძის დახვეწილი და ელეგანტური კოლექცია გემოვნებიანი ქალბატონებისთვის

გამოწერა
დღესდღეობით საქართველოში ხელნაკეთი ნივთები, აქსესუარები, სამკაულები საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. განსაკუთრებით მოდურია მასიური სამკაულები. ქართულ ბაზარზე კი არჩევანი საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანია.

ნინო ჯანიძე პროფესიით ჟურნალისტია, თუმცა, სრულიად განსხვავებულ სფეროში მოსინჯა ძალები. ნინო სუტაჟის თემაზე საკმაოდ დახვეწილ და მრავალფეროვან სამკაულს ქმნის. მან საკუთარი ბრენდი „ჯანინი“ შექმნა. მისი თითოეული ნამუშევარი ინდივიდუალური, ექსკლუზიური, ამავე დროს ფერადი, მრავალფეროვანი და სადღესასწაულოა.

© ნინო ჯანიძის პირადი არქივინინო ჯანიძე
ნინო ჯანიძე - Sputnik საქართველო
ნინო ჯანიძე

— 17 წლის ასაკში, როდესაც გადავწყვიტე, რომ პროფესიით ჟურნალისტი  გავმხდარიყავი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს იყო ის საქმე, რომელიც მინდოდა მთელი ცხორება მეკეთებინა.  ვერ ვიტყვი, რომ არასწორი არჩევანი გავაკეთე, უბრალოდ დღეს, 10 წლის შემდეგ იგივე არჩევანის წინაშე, რომ დავმდგარიყავი, აუცილებლად დიზაინის განხრით წავიდოდი და დიდი ალბათობით ვიქნებოდი ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინერი. თუმცა, როგორც ხედავთ, განსხვავებულ პროფესიას მაინც არ შეუშლია ხელი ჩემი ცხოვრება  დაკავშირებოდა დიზაინს.  

© FB/ Janini / ჯანინისაყურეები
საყურეები - Sputnik საქართველო
საყურეები

- როგორც აღნიშნეთ განსხვავებული პროფესია გაქვთ. თქვენი საქმიანობის სფერო როგორ დაუკავშირდა სამკაულებს?

— ვიზრდებოდი  ოჯახში, სადაც დედაც და ბებიაც ხელით სასწაულ ნივთებს ქმნიდნენ. დღემდე შენახული მაქვს ბებიის ნაქსოვი გადასაფარებლები, ფარდები, მოქარგული სუფრები. დედაჩემისგან ვისწავლე ქარგვა, ქსოვა და ზოგადად ხელსაქმის სიყვარული. აქედან გამომდინარე  ხელნაკეთი აქსესუარების მიმართ ჩემი ინტერესიც სწორედ ოჯახმა განაპირობა.

- თქვენ მიერ შექმნილი პირველი სამკაული გაიხსენეთ. მოლოდინმა გაამართლა?

— პირველ სამკაულამდე იყო პირველი ნაქარგი, რომელსაც წლების მანძილზე ათობით ნამუშევარი მოჰყვა და დღეს უკვე საკმაოდ მრავალფეროვანი კოლექციის მფლობელი ვარ.  სამწუხაროდ,  დროის უქონლობის გამო მომიწია ამ საქმის დროებით გვერდზე გადადება. მჯერა, რომ მომავალში კიდევ ბევრ საინტერესო ნამუშევარს შევქმნი და პერსონალურ გამოფენასაც მოვაწყობ.  რაც შეეხება სამკაულს, ქარგვას მოჰყვა ბისერზე მუშაობა. პირველი აქსესუარიც სწორედ ბისერით დავამზადე.  ეს იყო ძუით და ფერადი ბისერით ნაქსოვი ქამარი, რომელიც დაახლოებით მე-8 კლასში შევქმენი. მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზე აქტიურად ვატარებდი,  ისევ ისე გამოიყურება როგორც პირველ დღეს. 

© FB/ Janini / ჯანინისაყურე
საყურე - Sputnik საქართველო
საყურე

- სამკაულებს რაც შეხება, რა მასალაზე შეაჩერეთ არჩევანი და რატომ? რით არის ეს მასალა გამორჩეული?

— ბრენდი „ჯანინი“ სუტაჟზე მუშაობისას გაჩნდა. სწორედ ამ მასალამ მიმახვედრა, რომ შემეძლო შემექმნა სამკაულების  მრავალფეროვანი, ორიგინალური და ყველასგან განსხვავებული კოლექცია. კოლექცია, რომელსაც ამაყად წარვუდგენდი ფართო საზოგადოებას. პირველად სუტაჟით დამზადებული სამკაული 2010 წელს პოლონეთში ვნახე გამოფენაზე.  თუმცა,  მაშინ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ წლების შემდეგ თავად ვიმუშავებდი ამ მასალაზე. დღეისთვის სააკმაოდ ბევრი დიზაინერი გვთავაზობს სუტაჟის სამკაულებს, როგორც საზღვარგარეთ, ისე საქართველოში. ასეთი სიმრავლის ფონზე კი ძალიან მახარებს, რომ „ჯანინის“ სამკაულს თავისი განსხვავებული სტილითა და ფერთა შეხამებით ძალიან ბევრი ცნობს და გამოარჩევს.

- ესკიზს წინასწარ ქმნით, თუ მუშაობის პროცესში ექსპრომტად იქმნება სამკაული?

— სამკაულს წინასწარ შექმნილი ესკიზის მიხედვით არასოდეს ვქმნი. ჩემთვის გაცილებით საინტერესოა, როცა უშუალოდ მზადების პროცესში იკვეთება და იქმნება დიზაინი. ვთვლი, რომ ამ დროს მეტ თავისუფლებას  ვაძლევ ფანტაზიას. 

© FB/ Janini / ჯანინისაყურეები
საყურეები - Sputnik საქართველო
საყურეები

- რა ტიპის სამკაულებს მოიცავს „ჯანინი“?

— ამ ეტაპზე „ჯანინი“ მომხმარებელს სთავაზობს მხოლოდ საყურეებს და გულსაბნევებს.  არ არის გამორიცხული მომავალში  ბრენდის ქვეშ  სხვადასხვა აქსესუარების მრავალფერივანი არჩევანი იხილოთ. 

- გამოფენებში ხშირად იღებთ მონაწილეობას?

— ბრენდი  2016 წლის გაზაფხულზე შეიქმნა. ამ დროის მანძილზე  უკვე 2-ჯერ მივიღეთ მონაწილეობა თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართულ შოურუმში. ეს ერთ-ერთი ძალიან კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნოს ქართველი დიზაინერების ნამუშევრები. ასევე ვმონაწილეობდით სხვადასხვა კომპანიების მიერ მოწყობილ  გამოფენებსა და საქველმოქმედო საღამოებში.  

© FB/ Janini / ჯანინისაყურეები
საყურეები - Sputnik საქართველო
საყურეები

- ვინ არიან ადამიანები ვინც თქვენს სამკაულს ატარებენ? რამდენად სასიამოვნოა თქვენთვის, როცა ხედავთ, რომ ადამიანი სიამოვნებით ატარებს თქვენს სამკაულს?

— რა თქმა უნდა, ეს დიზაინერისთვის ყველაზე სასიამოვნო და დიდი სტიმულის მომცემია.  „ჯანინის“ მომხმარებლები არიან, როგორც ქართველები, ისე უცხოელები. შოურუმში მონაწილეობის დროს კოლექციის საკმაოდ დიდი ნაწილი  სწორედ უცხოელებმა შეიძინეს. 

- გაქვთ ნამუშევარი, რომელსაც არასოდეს გააჩუქებთ და არ გაყიდით?

— დიახ არის ასეთი სამკაული, რომელიც პირადად ჩემთვის შევქმენი და ვერასოდეს შეველევი. ზოგადად ძალიან მიყვარს საჩუქრების გაკეთება. ნებისმიერი რამ შემიძლია ვაჩუქო ადამიანს. ორმაგად ბედნიერი ვარ, როცა სხვას ვახარებ. მაგრამ თუ საქმე ეხება ხელნაკეთ ნივთს, ამ შემთხვეევაში ძალიან მესაკუთრე  ვხდები. არა იმიტომ, რომ მენანება, უბრალოდ მგონია  ჩემი ხელით შექმნილს ჩემსავით არავინ გაუფრთხილდება. არ მიყვარს როცა თუნდაც დათვალიერების დროს უხეშად ეპყრობიან ნაკეთობას. ნებისმიერი ხელნაკეთი ნივთი იმსახურებს მოვლას და მოფრთხილებას.  არასოდეს მენანება ჩემი ნაკეთობები იმ ადამიანებისთვის ვინც იცის ხელნაკეთის ფასი. 

© FB/ Janini / ჯანინისაყურე
საყურე - Sputnik საქართველო
საყურე

- შეგიძლიათ გაიხსენოთ სამკაული, რომელზე მუშაობაც ძალიან საპასუხისმგებლო იყო თქვენთვის?

— თითოეული სამკაულის შექმნას  დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები. ჩემთვის ხარისხი უმნიშვნელოვანესია. იყო შემთხვევა, როცა გარკვეული მიზეზის გამო მომხმარებელს დაუზიანდა სამკაული და მთხოვა დავხმარებოდი. რა თქმა უნდა,  მას პირადად შევხვდი და დაზიანებული ქვა მთლიანად გამოვუცვალე. „ჯანინის“ კმაყოფილი მომხმარებელი  ჩემთვის ყველაზე წინ დგას.

- სამომავლო გეგმებიც გაგვანდეთ…

— პირველი ყველაზე მნიშვნელივანი  მიზანი ამ  ეტაპზე ექსპორტზე  გასვლაა. დღეისათვის  ჩემი ხელნაკეთი სამკაულის შეძენა საქართველოს გარდა შესაძლებელია უკრაინაში. რამდენიმე დღეში კოლექცია გაიგზავნება პოლონეთში, კერძოდ კრაკოვში.  მოლაპარაკებები მაქვს აზერბაიჯანში რამდენიმე მაღაზიასთან, სადაც ძირითადად ქართველი დიზაინერების კოლექციებია წარმოდგენილი.  დიდი ალბათობით შემოდგომიდან მათ დახლებზეც გამოჩნდება „ჯანინი“. შეიძლებაა ითქვას, რომ  სამომავლოდ საკმაოდ მნიშვნელოვანი გეგმები მაქვს.


ყველა ახალი ამბავი
0