I CAKE YOU, ანუ მე შენთან ტორტით მოვალ...

გამოწერა
20 ივლისს მსოფლიოში ყველაზე გემრიელ, ტკბილ და კეთილ დღეს აღნიშნავენ - ტორტების საერთაშორისო დღეს.

მაშ ასე, გამოაცხეთ ტორტი, მორთეთ, როგორც შეძლებთ, რაც უფრო ორიგინალური იქნება, მით უკეთესი, ფანტაზიას არ აქვს საზღვრები. შემოიკრიბეთ მეგობრები, ფინჯან ყავასთან ერთად მიირთვით ტორტი და სამყაროს დადებითი განწყობა და კეთილი გრძნობები გაუზიარეთ.

საიდან იწყება ტორტის საერთაშორისო დღის ისტორია:

ტორტის საერთაშორისო დღე ჯერ სულ „ახალგაზრდა" დღესასწაულია. ის 2009 წელს მილანურმა კლუბმა „სიყვარულის სამეფომ’’ დააარსა. კლუბის წევრმა მუსიკოსებმა, ხელოვანებმა და კულინარებმა 2009 წელს მომღერალი ტორტი შექმნეს. თუმცა, ტორტის დღემ საერთაშორისო მასშტაბი 2011 წელს მიიღო. ეს გემრიელი დღე ადამიანებს, ქვეყნებსა და ხალხებს შორის მეგობრობასა და მშვიდობას მიუძღვნეს, მისი დევიზიც ასეთია: I CAKE YOU – ანუ, მე მოვალ შენთან ტორტით. ლოგიკურია, რომ სწორედ ტორტითა და ჭიქა ყავით, ან ჩაით (გემოვნების ამბავია) უნდა აღვნიშნოთ სიკეთის, მშვიდობისა და მეგობრობის დღე.

ვიქტორია გეროცკაია - Sputnik საქართველო
ვიქტორია გეროცკაია: უკრაინელი ჟურნალისტიდან თბილისელ კონდიტერამდე

ეს იდეა ბევრმა სახელმწიფომ აიტაცა, მათ შორის საქართველომ, უკრაინამ, რუსეთმა, მოლდოვამ, სომხეთმა, აზერბაიჯანმა, ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. 2011 წლის 20 ივლისს კი გამოცხვა პირველი ერთობლივი, საერთაშორისო, მშვიდობის სიმბოლო ტორტი. მალე ამ დღესასწაულმა ევროპა, აზია, ამერიკა და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებიც მოიცვა და მას შემდეგ იგი ყოველწლიური ტკბილი ტრადიცია გახდა.

სხვათა შორის, დღესასწაული ყოველ წელს განსხვავებულ თემას ეხება:

2012 წელს ტორტის დღე მიეძღვნა კოსმოსსა და კოსმონავტებს.

2013 წელი — თემა იყო „სიყვარულის პლანეტა“

2104 წელი — „პლანეტების გამოფენა“. იგულისხმებოდა, რომ თითოეულ ადამიანს, თითოეულ ორგანიზაციასა თუ ქვეყანას აქვს განცალკევებული სამყარო, პლანეტა. ამ დღემ მათ საშუალება მისცა მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ საკუთარი ნიჭი და გაეზიარებინათ გრძნობები.

2015 წელი — „სტუმრობა ზღაპარში’’, სადაც მონაწილეები ტორტებზე ჯადოსნური ზღაპრების სამყაროს ქმნიდნენ.

2016 წელი – „მოგზაურობა დროში’’.

2017 წლის თემა კი არის „სიყვარულის ბაღი’’, რომელიც საკმაოდ ნაყოფიერი, კრეატიული თემაა სილამაზისა და რომანტიკის ექსპერტებისთვის: მორთეთ ტორტები კრემის, შაქრის, ან უბრალოდ ცოცხალი ყვავილებით.

ახლა კი საინტერესო ფაქტები ტორტებზე, ის, რაც, ალბათ, დღემდე არ იცოდით:

▪ შუა საუკუნეებში სიტყვა „ტორტი’’ ნიშნავდა ბრტყელ, მრგვალ, ორივე მხრიდან გამომცხვარ პურს, ე.წ. ხმიადს.

▪ მსოფლიო რეკორდი კექსების სწრაფად ჭამაში 2012 წელს დამყარდა — 72 კექსი 6 წუთში. გამარჯვებულს 1 500$ გადასცეს.

▪ ASSUMPTION ABBEY ერთადერთი მონასტერია მსოფლიოში (აშშ, მისურის შტატი), სადაც ხილის ნამცხვრებს ყიდიან ინტერნეტით (TRAPPISTMONKS.COM).

▪ სტივენ ვებსტერმა ერთი შებერვით ტორტზე 50 სანთელი ჩააქრო და მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

▪ ყველაზე ფართო ტორტი 16.46 X 13.94 X 0.54 მ 2015 წელს გამოაცხვეს მილანში, მასზე 250 კონდიტერი მუშაობდა.

▪ მსოფლიოში ყველაზე დიდი საქორწინო ტორტი 2003 წლის 12 ივნისს ორლანდოელმა კონდიტერებმა შექმნეს. 6,7 მეტრი სიმაღლის ტორტი ხუთი გიგანტური სართულისგან შედგებოდა და 2420 კილოგრამს იწონიდა. გამოიცნობთ, ვისთვის გამოაცხვეს ამხელა ტორტი? ის მულტფილმის გმირების შრეკის და ფეონას ბედნიერ შეუღლებას ეძღვნებოდა.

▪ ყველაზე ძვირფასი ტორტი ბრიტანელმა დიზაინერმა DEBBIE WINGHAM-მა შექმნა. მისი ფასი 75 მილიონ დოლარს აჭარბებდა. ტორტი უცნობმა მყიდველმა შეუკვეთა ქალიშვილის დაბადების დღისა და ნიშნობის წვეულებისთვის. დაახლოებით 450 კგ ტორტს 1 100 საათის განმავლობაში ქმნიდნენ!

▪ 2010 წელს დალასელმა კონდიტერებმა DELICIOUS CAKES და იუველირულმა ფირმებმა DALLAS GOLD და SILVER EXCHANGE 1,3 მილიონად შეფასებული 1200 კარატიანი საფირონებითა და ბრილიანტებით მორთული მორიგი 73-კილოგრამიანი საქორწილო შედევრი შექმნეს. 360 სტუმარზე გათვლილი ტორტის ერთი ნაჭერი 3125 დოლარი დაჯდა. 

▪ დონალდ ტრამპის საქორწილო ტორტს სამი ათასი თეთრი შაქრის ვარდი ამშვენებდა. 

▪ უინძორის ჰერცოგინიასა და ჰერცოგის 1937 წლის საქორწილო ტორტის ნაჭერი სოთბისის აუქციონზე 1998 წელს 29 900 დოლარად გაიყიდა. ტორტის ნაჭერი 61 წლის განმავლობაში ჰქონდათ შენახული!

 ▪ მე-17 საუკუნის ინგლისში სჯეროდათ, რომ თუ გასათხოვარი გოგო ბალიშის ქვეშ ტორტის ნაჭერს დაიდებდა, მას აუცილებლად დაესიზმრებოდა საბედო. საბედო არ ვიცი, მაგრამ ტკბილი და გემრიელი ძილი კი ექნებოდა გარანტირებული.

ამ ტკბილი სტატიის ბოლოს კი დაგიტოვებთ ვაშლის უგემრიელესი და ჰაეროვანი ტორტის რეცეპტს, რომელიც არაჩვეულებრივმა კულინარმა ანა კოსტავამ მოგვაწოდა თქვენთვის.

ვაშლის ტორტი 

საჭირო მასალა ცომისთვის: 

1 კვერცხი;                                          

1,5 ჭ ფქვილი;

100 გ კარაქი;

მწიკვი მარილი;

2-3 ს/კ ცივი წყალი.

კრემისთვის:

3 კვერცხის გული;

100 გ შაქარი;

3 ს/კ ფქვილი;

300 მლ რძე;

1 პაკეტი ვანილი.

ბეზესთვის:

3 კვერცხის ცილა;

3 ს/კ შაქარი.

კიდევ დაგვჭირდება:

1 კგ ვაშლი;

ცოტა კარაქი;

100 გ შაქარი;

1 პაკეტი ვანილი.

© ანა კოსტავავაშლის ტორტი
ვაშლის ტორტი - Sputnik საქართველო
ვაშლის ტორტი

მომზადების წესი:

კარაქი დავკეპოთ, დავამატოთ ფქვილი, მარილი, წყალი და უცებ მოვზილოთ რბილი, ელასტიკური ცომი. შევახვიოთ ცელოფანში და შევინახოთ მაცივარში 30 წთ.

ვაშლები გავთალოთ, დავჭრათ თხელ ნაჭრებად და ქვაბში ცხიმთან ერთად ცოტა ჩავთუთქოთ (სანამ ვაშლი არ დარბილდება). დავამატოთ შაქარი და ვანილი.

ფქვილმოყრილ მაგიდაზე გადავზილოთ ცომი და ჩავაფინოთ ცხიმწასმულ ფორმაში (ისე, რომ ცოტა გვერდებზეც ამოვიდეს ცომი), ჩანგლით გავუკეთოთ ნასვრეტები და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად 200 გრადუსზე (დაახლოებით 15-20 წუთი).

მოვამზადოთ კრემი:

კვერცხის გულები და შაქარი გავთქვიფოთ გათეთრებამდე და დავამატოთ ფქვილი. კვერცხიანი მასა გავხსნათ თბილ რძეში, დავდგათ ცეცხლზე, ხის კოვზით მოვურიოთ გაუჩერებლად და ასე წამოვადუღოთ.

ღუმელიდან გამოვიღოთ ბისკვიტი, თავზე მოვათავსოთ ვაშლი (წვენის გარეშე), შემდეგ გადავუსვათ კრემი და თავზე დავასვათ ბეზე (3 კვერცხის ცილა+3 ს/კ შაქარი).

ისევ შევდგათ ღუმელში და გამოვაცხოთ 175 გრადუსზე, დაახლოებით 15 წუთი.

გემრიელად მიირთვით!

 

მოამზადა ხატია გიგოლაშვილმა


ყველა ახალი ამბავი
0