როგორ „დაზაფრეს" ქართველებმა მრავლისმომსწრე იაპონელები ტოკიოში

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიმსოფლიო ქალაქები - ტოკიო
მსოფლიო ქალაქები - ტოკიო - Sputnik საქართველო
გამოწერა
დილას ერთმანეთთან მისალმებით ვიწყებთ... მე ყინულჩაყრილი ყავა მიჭირავს, პატარა იოანე ხილის წვენს მიირთმევს საწოვარათი და მსუქანი თითით ცდილობს ტერასის მოაჯირზე ჭიანჭველის დაჭერას. ტელევიზორში ტოკიოსა და კიოტოს შესახებ საუბრობენ - თურმე, ამ ორი საუკუნის წინ, 17 ივლისს იაპონიის დედაქალაქი კიოტოდან ქალაქ ედოში (ტოკიოს ძველი სახელია) გადაუტანიათ...

მე მოყოლას ვიწყებ! იოანე პირდაღებული და ცოტა გაოცებული „მისმენს“!

ნამყოფი ვარ ბაბუ, ორივე ქალაქში და უნდა გითხრა, რომ ვერც ერთი კომპიუტერული გრაფიკა და გადაღებული ფილმი ვერ შეუქმნის ადამიანს დაახლოებით წარმოდგენასაც კი ვერც თანამედროვე ფეშენებელურ ტოკიოზე და ვერც ულამაზეს კიოტოზე, რომლებსაც ყოვლისშთანმთქმელი ურბანიზაციის შემოტევისგან თავგამოდებით იცავენ იაპონელები. ამიტომაცაა, ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ მილიონნახევრიანი და ლამაზი კიოტო ერთი დიდი ბაღი და დასასვენებელი პარკია.

გასაკვირია, მაგრამ იოანე „მოსმენას“ აგრძელებს:  

ჰოდა, იმას ვამბობდი — ასეთ, ძველისა და ახლის კონტრასტებით დახუნძლულ ქვეყანაში მოვხვდით კარგა ხნის წინ ქართველი ტურისტების ჯგუფი. ჩვენი მოგზაურობა ერთი რამით იყო გამორჩეული: მაშინ, როგორც წესი, ტურისტული ჯგუფები იაპონიაში საზღვაო კრუიზით დადიოდნენ, ჩვენ კი მოსკოვიდან პირდაპირი რეისით დავეშვით ტოკიოს „ნარას“ აეროპორტში. შთაბეჭდილებებზე საუბარი არ ღირს. ჯერ ერთი, დიდი დროა გასული და, მეორე, დღეს იაპონია-ამერიკაში მოგზაურობა აღარავის უკვირს. მაშინ კი ყველაფერი გვაკვირვებდა — სასტუმროს მომსახურებიდან დაწყებული და მართლაც უსაზღვროდ მოწესრიგებული იაპონური რკინიგზით დამთავრებული. სწორედ რკინიგზით მივემგზავრებით ერთხელაც სწორედ ტოკიოდან — კიოტოში.

რომელიღაც საათსა და რომელიღაც წუთზე, ისე, რომ წამიც არ გადაცდენილა, მატარებელი დაიძრა. წინასწარ ვიცოდით, რომ ფანჯრიდან ფუძიამას ვულკანს დავინახავდით და ყველას მთელი ყურადღება იქით გვქონდა გადატანილი. მხოლოდ კიოტოს სადგურზე მატარებლიდან გამოსულებმა აღმოვაჩინეთ, რომ ერთი კაცი გვაკლდა. ეს ერთი კაცი კი, არც მეტი, არც ნაკლები, ქარხანა „სოხუმხელსაწყოს“ დირექტორი ალიოშა მიქაძე გახლდათ და სწორედ ამან დაზაფრა ჯგუფის ხელმძღვანელი. მაშინდელი საბჭოთა სინამდვილის გათვალისწინებით, რობოტების მწარმოებელ ქვეყანაში სოხუმის გასაიდუმლოებული ქარხნის დირექტორის „გაუჩინარება“ მისთვის ელდა და სხვებისთვის მომავალში „ნევიეზდნოის“ ბეჭედი იყო. მე რა, ერთი რიგითი ჟურნალისტი ვიყავი, მაგრამ ჯგუფში მაღალი თანამდებობის ხალხი ერია. ეჭვებს ისიც აორმაგებდა, რომ ძალიან მოწესრიგებულ ბატონ ალიოშას შეუძლებელია, დაბნეულობა შეყროდა.

ადგილობრივმა, „პერონზე“ ჩატარებულმა თათბირმა დაადგინა: თუ მშვიდობაა, მეორე მატარებელს (ნახევარ საათში) გამოაყოლებდნენო. ამ იმედზე დავდექით, მაგრამ ამ უკიდეგანო, ოთხსართულიან სადგურში რომელ სართულზე და ბაქანზე მოვიდოდა (საერთოდ თუ მოვიდოდა) ბატონი ალიოშა, ამას გარკვევა ხომ უნდოდა?!

რაც მერე მოხდა, ბაბუ, არათუ იაპონიის, მსოფლიო ტურიზმის ისტორიას არ ახსოვს! ლაური ჯანაშიამ (სხვას ვის მოუვიდოდა თავში) ჯგუფის იაპონელი გამყოლი გადასადგმელი ნაბიჯის აუცილებლობაში დაარწმუნა, მოახერხა და კიოტოს რკინიგზის სადგურის რადიოში ქართულად გაისმა: „მოქალაქე მიქაძე! გთხოვთ მობრძანდეთ პირველ სართულზე, გასასვლელთან!“ — გაისმა, თანაც სამჯერ და ზედიზედ!

ჰიროსიმას შემსწრე ხალხი მეორედ რაღას უნდა დაეზაფრა, მაგრამ ეს ქართველებისთვის არც ისე ძნელი გამოდგა.

ისეთი გაუგონარი სიჩუმე, მაშინ რომ კიოტოს სადგურზე ჩამოვარდა, ალბათ, მართლა არავის ახსოვს. იმ ქვეყანაში, სადაც იაპონურის გარდა სხვა ენაზე ვერაფერს წაიკითხავ და სხვა ენაზე ვერავის დაელაპარაკები, ასეთი რამ ომის დაწყება და შემოსული მტრისგან ჯარისთვის გაცემული ბრძანების მეტი, მათი აზრით (როგორც მერე გვითხრეს), რა უნდა ყოფილიყო?! 

ის იყო და, გადარეულები ეკითხებოდენ ერთმანეთს — რა მოხდა, ვინ იყო და რა გამოაცხადაო?! გაემტყუნებოდათ?! 

მომხდარი იმ წუთში ვერც ჩვენ გავიაზრეთ ბოლომდე, მაგრამ როცა გასასვლელთან ბატონი ალიოშა მართლა მოვიდა და ვითარების მთელ „მარილსაც“ ჩავწვდით, სიცილის ისტერიკას ცოტა დაგვაკლდა! ბატონი ალიოშა კი, თურმე, ტოკიოში კი არა, აქ, კიოტოში დავკარგეთ. – ჯერ ახალმა ტოკიომ გამაგიჟა და მერე ამ სიმაღლიდან (ესტაკადის მეოთხე დონიდან) დანახულმა ამ ქალაქმა, ფიქრში და თვალიერებაში გართული ისე გამოვედი ვაგონიდან და ისე ჩამოგცილდით, არც თქვენ შეგიმჩნევიათ და არც მეო, ღიმილით ეუბნებოდა უკვე ხასიათზე მოსულ ჯგუფის ხელმძღვანელს.

იოანე ისევ „მისმენს“. ალბათ, ვერაფერი გაიგო, მაგრამ იმას კი ნამდვილად ხვდება — ბაბუს ყოველთვის კარგი ამბები ახსენდება, როცა დილიდან ერთად ვართ…

 

მერაბ ხაჩიძე


ყველა ახალი ამბავი
0