შეუდარებელი ოდრი ჰეპბერნი, მიუნხენის კინოფესტივალი... და 13 ივლისი

გამოწერა
სამეგრელოში ერთ-ერთი სტუმრობისას მასპინძელმა ქალბატონს, რომელიც არაფერს მიირთმევდა, ელარჯი შესთავაზა, ქალმა ესეც იუარა – არ მიყვარსო. ზუსტად მაშინ გავიგე, როგორ უნდა დაახასიათო აბსოლუტურად წარმოუდგენელი რამ, რა დამავიწყებს გაკვირვებული, შუახნის მეგრელის ფრაზას: „ღმერთო, რას არ გაიგებ კაცი!“

ჰოდა, დილიდან, რატომღაც, ეს ფრაზა ამეკვიატა. კომპიუტერს მივუჯექი, რომ გამეგო, რით იყო ღირსშესანიშნავი დღევანდელი 13 ივლისი. აღმოჩნდა, რომ ზუსტად ამ დღეს დაუწყია საცოდავ ჯეიმს კუკს თავისი საბედისწერო მოგზაურობა, ასევე 1923 წელს გაუხსნიათ ცნობილი წარწერა ლოს-ანჯელესის თავზე HOLLYWOOD, ფრენკ სინატრასაც თავისი პირველი ფირფიტა ამ გაგანია ზაფხულში გამოუშვია და ის აკვიატებული ფრაზაც წამომცდა… თავდაპირველად ვიფიქრე, ჰოლივუდის წარწერაზე გვესაუბრა, საინტერესოდაც მეჩვენა და მასალებიც მოვიძიე, მაგრამ უეცრად თვალი მოვკარი ერთ ინფორმაციას: თურმე, 1966 წლის 13 ივლისს ამერიკის ეკრანებზე გამოსულა უილიამ უაილერის დიდებული ფილმი „როგორ მოვიპაროთ მილიონი“ ოდრი ჰეპბერნისა და პიტერ ო'ტულის მონაწილეობით.

სანამ ამ ორ შესანიშნავ მსახიობზე ვისაუბრებთ, 26 წლის წინანდელი მოგონება უნდა გავიხსენო. მეხსიერება ვახსენე და იმასაც გეტყვით, რომ თურმე ადამიანის მეხსიერება სამფაზიანია. პირველი ფაზა არის ინფორმაციის მიღება-კოდირება, მეორე — შენახვა-დახარისხება, ხოლო მესამე – ინფორმაციის მეხსიერებიდან ამოტანა-აღდგენა (რას არ გაიგებ კაცი!).

© www.genia.geოდრი ჰეპბერნი
ოდრი ჰეპბერნი - Sputnik საქართველო
ოდრი ჰეპბერნი

1991 წლის ივლისში მიუნხენში გახლდით კინოფესტივალზე. ყოველ საღამოს ე.წ. „ფართი“ იმართებოდა. ერთი ასეთი ამერიკელებმა გამართეს ზუსტად 13-ში (!!!). მეგობრებთან ერთად მოვიმარაგეთ სასმელ-საჭმელი (22 საათის მერე უკვე ფასიანი იყო), დარბაზს თვალი გადავავლე და… უეცრად თითქოს ძალიან ნაცნობ თვალებს წავაწყდი. ჩვენგან ცოტა მოშორებით, მაგიდასთან ასაკოვანი ქალბატონი მარტო იჯდა და ირგვლივ მოხტუნავე ახალგაზრდებს აკვირდებოდა. თვალებში კარგად ნაცნობი მიამიტურად მომღიმარე ნაპერწკალი შევნიშნე, არა ჩვეულებრივი ადამიანის, არამედ პრინცესა ანას ნაპერწკალი, და კიდევ ნატაშა როსტოვას, ელიზა დულიტლისა და ნიკოლ ბონეს გულუბრყვილობა…

© www.pink.geოდრი ჰეპბერნი ფილმში "რომაული არდადეგები"
ოდრი ჰეპბერნი ფილმში რომაული არდადეგები - Sputnik საქართველო
ოდრი ჰეპბერნი ფილმში "რომაული არდადეგები"

ნაოჭებით დაფარული სახის მიუხედავად შეუძლებელი იყო არ გეცნო შეუდარებელი ოდრი ჰეპბერნი, ოდნავ ქედმაღალი, როგორც მის არისტოკრატულ წარმომავლობას ეკადრებოდა, ლმობიერი და ბავშვივით სიცოცხლით სავსე, როგორებიც მისი კინოგმირები გვახსოვს. რას დაგიდევდით ეტიკეტს და მისთანებს, მივედი, მისი მაგიდიდან უცერემონიოდ ავიღე ხელოვნური ყვავილების ლარნაკი და ვუთხარი – იქ, სადაც თქვენ ხართ, ხელოვნური არაფერი არ უნდა იყოს–მეთქი. პასუხად პრინცესა ანნას სიმაღლიდან ნიკოლ ბონეს ორაზროვანი, თუმცა აშკარად ნასიამოვნები ღიმილი მივიღე. სკამისკენ მიმითითა, მცირე ხანს მუნჯური კინოს პერსონაჟს ვგავდი, მიხვდა და წარმომავლობა მკითხა. საქართველოს შესახებ არაფერი გაეგონა, რატომღაც „ჯარისკაცის მამა“ ვახსენე და სახე გაებადრა, ვიცი, დიდებულიაო, – მითხრა… სამწუხაროდ, მალე მაგიდის წევრები დაბრუნდნენ და მეც ხელოვნური ყვავილების ლარნაკით ხელში ჩემ ადგილს დავუბრუნდი. დღემდე მადლობელი ვარ შემთხვევისა და ჩემი მეხსიერების, რომელმაც ეს დაუვიწყარი სცენა ძალიან მკაფიოდ შემომინახა. ორიოდ წელში მძიმე ავადმყოფი ოდრი ქეტლინ  ჰეპბერნ-რასტონი გარდაიცვალა, თუმცა მისი კინოსახეები კიდევ დიდხანს იცოცხლებს, რადგან იქაური ნაპერწკალი არასდროს ქრება. ამერიკის კინოაკადემიამ მას ყველა დროის საუკეთესო მსახიობ ქალთა შორის მესამე ადგილი მიაკუთვნა.

© www.angel.geოდრი ჰეპბერნი
ოდრი ჰეპბერნი - Sputnik საქართველო
ოდრი ჰეპბერნი

არაფერი მითქვამს პიტერ ო'ტულის შესახებ, უნიჭიერეს და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უიღბლო მსახიობზე. რვაჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე და ვერც ერთხელ ვერ მიიღო, თუმცა ბევრი მისი კინოგმირი ამას ნამდვილად იმსახურებდა. საბოლოოდ ამერიკის კინოაკადემიამ ოსკარი კინემატოგრაფიის განვითარებაში შეტანილი ღვაწლისთვის მასაც მიანიჭა. ჩემი აზრით, „როგორ მოვიპაროთ მილიონში“ პიტერ ო'ტული და ოდრი ჰეპბერნი იდეალურად ეხამებიან სიტუაციას და ერთმანეთს (ისევე, როგორც „რომაულ არდადეგებში“ გრეგორი პეკი და ოდრი), დაუვიწყარია მათი იუმორითა და მიამიტობით აღსავსე დიალოგები. თავად ფილმი უკვდავთა კატეგორიას არ განეკუთვნება, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ვინც ერთხელ მაინც ნახა ნიკოლ ბონესა და საიმონ დერმოტის უჩვეულო თავგადასავალი, მათი მეხსიერების სამივე ფაზას უპრობლემოდ შეაწუხებდა.

ყველა ახალი ამბავი
0