ფოტოგრაფიის მოყვარულის თვალით დანახული არაზაფხულიანი 12 ივლისის დილა

© Fotolia / X4wizფოტოგრაფი სანაპიროზე
ფოტოგრაფი სანაპიროზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც დავადგინე, სულაც არ არის აუცილებელი გალილეო გალილეი ან ბლეზ პასკალი იყო, რომ რაღაც აღმოაჩინო . ყველა ადამიანის ცხოვრებაში ხდება რაღაც ისეთი, რაც მხოლოდ მასთან, კონკრეტულ პიროვნებასთან არის კავშირში.

სავარაუდოდ, ამით სამყაროს ვერ გავაკვირვებთ და, ჩემი აზრით, არც არის საჭირო. დღეს, მაგალითად, ასეთი აღმოჩენა გავაკეთე – დილაბნელზე ჩემი სახლის ფანჯრიდან რომ გამოვიხედე, მივხვდი, რომ არც ერთი დილა ერთმანეთს არ ჰგავს. თითქოს ხედი არ იცვლება, მაგრამ სამაგიეროდ იცვლება ადამიანის დამოკიდებულება დანახულის მიმართ.  

ვინ მოთვლის რამდენჯერ გათენებია კაცობრიობას დღევანდელი 12 ივლისი და რამდენი რამ მომხდარა გასულ საუკუნეებში. საეკლესიო კალენდრით წმინდა მოციქულების პეტრესა და პავლეს სახელობის დღეა, რაღაც გაურკვეველი კალენდარი კი მამცნობს, ავსტრალიაში აბორიგენები ზეიმობენო, აქეთ ცენტრალურ აფრიკაში პაწაწუნა სახელმწიფო სან ტომე და პრინსიპა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, თუმცა, ამწუთიერი განწყობიდან გამომდინარე, უფრო მეტად დამაინტერესა ერთმა ცნობამ — დღეს, 12 ივლისს ფოტოგრაფიის დღე ყოფილა და, თუ შემომიერთდებით, ეს დილა ამ საინტერესო პროფესიას მივუძღვნათ.

მოერაკის ლოდები (დრაკონის კვერცხები), კოეკოჰეს სანაპირო, ახალი ზელანდია - Sputnik საქართველო
მსოფლიოს ყველაზე ლამაზი და ეგზოტიკური სანაპიროები ფოტოებზე

ფრანგი კინორეჟისორი ჟან ლიუკ გოდარი ასე ახასიათებს ფოტოგრაფიას – ფოტოგრაფია რეალობის ანარეკლი კი არ არის, არამედ ამ ანარეკლის რეალობააო. ალბათ ამიტომაც მომეჩვენა ჩემი ფანჯრიდან დანახული განსხვავებული ანარეკლის რეალობად…

თანამედროვე ტექნიკის „გადამკიდე“, ყოველი მეორე ადამიანი ფოტოგრაფია, მაგრამ არა ფოტოხელოვანი. იმისთვის, რომ ხელოვნების ნიმუში მიიღოთ, აუცილებელია საჭირო ადგილზე აღმოჩნდეთ საჭირო დროს და საჭირო განათების შემთხვევაში საჭირო კუთხით მიმართოთ თქვენი ფოტოაპარატი, ამას დაამატეთ ამ საქმიანობისთვის საჭირო ნიჭი და შედევრიც შექმნილია. მაინც როგორ გავარკვიოთ კარგია ფოტო თუ არა? მოდით, პატარა ექსპერიმენტი ჩავატაროთ: გთავაზობთ ერთ ფოტოს – კარგია ის თუ ცუდი?

© photo: Sputnikემოცია
ემოცია - Sputnik საქართველო
ემოცია

რა თქმა უნდა, თქვენ პასუხს ვერ გავიგებ, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ დამეთანხმეთ. ახლა ცოტა შევცვლი კითხვას – რამდენად კარგია ფოტო პროფესიონალი ექიმი-რენტგენოლოგისთვის? ჩემი და თქვენი პასუხი უარყოფითია – ძვლები ხომ არ ჩანს!

კიდევ შევცვალოთ კითხვა — ივარგებს ეს ფოტო მობილური ტელეფონის რეკლამირებისთვის? რა თქმა უნდა, არა. მაშ რატომ არის ეს ფოტო კარგი? ალბათ იმიტომ, რომ აქ არის ის მთავარი, რასაც ფოტოგრაფიისგან ველით – ე მ ო ც ი ა. ბუნებამ ადამიანში ჩადო ემოციის მიღებისა და გაცემის საოცარი უნარი, ამის გარეშე ადამიანი ვერ იცხოვრებს. აქედან დასკვნა: კარგია ის ფოტო, რომელიც ემოციას გადმოსცემს. 

ისრაელისა და ღაზის სექტორის საზღვარზე მომხდარი შეტაკებისას პალესტინელი მამაკაცი ებრაელ სამხედროებს შურდულიდან ესვრის ქვას - Sputnik საქართველო
კადრზე აღბეჭდილი მსოფლიო: საუკეთესო ფოტოები საერთაშორისო სააგენტოებისგან

გეთანხმებით, ეს ჩემი მოსაზრება სუბიექტურია, მაგრამ მე ასე აღვიქვამ, ისევე, როგორც დღევანდელ დილას, რომელიც საოცრად არაზაფხულისეული მეჩვენება. თქვენ, შესაძლოა, სულ სხვანაირად დაინახოთ და აღიქვათ ჩემი ფანჯრიდან დანახული. ერთ რამეში კი ალბათ ყველა დამეთანხმებით: არც ერთი დილა ერთმანეთს არ ჰგავს. თუ ასეა, გილოცავთ განსაკუთრებული და ძალიან არაზაფხულიანი დილის გათენებას!

ყველა ახალი ამბავი
0