ბედნიერებაა, როცა საკუთარი თოჯინების თეატრი გაქვს...

© photo: Sputnik / Яков Берлинер / გადასვლა მედიაბანკშისერგეი ობრაზცოვი
სერგეი ობრაზცოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენ აივანზე საოცარი კაცი ამოვა – დიდებული სერგეი ობრაზცოვი.

დარწმუნებული ვარ, რომ ყველა იცნობთ, უამრავი ორდენი ამშვენებს – საბჭოთა და არასაბჭოთა.

დღეს, მაპატიოს და, მხოლოდ ერთ მათგანს დავასახელებ, პოლონეთმა რომ აჩუქა — „ღიმილის ორდენი“!

თავად კიდევ ზუსტად ამ დღეს დაიბადა, 1901 წლის 5 ივლისს ქალაქ მოსკოვში. მამა აკადემიკოსი ჰყავდა, დედა – მასწავლებელი.

რა ბედნიერებაა, ალბათ, საკუთარი თოჯინების თეატრი რომ გაქვს.

ვინც არ გიყვარს, ცუდ თოჯინად რომ ჩამოკიდებ მარჯვენა და მახიჯ კუთხეში, აბა, მარცხენაში ხომ გულია და იქ აუცილებლად ეკიდება მალვინა თავისი კუდგაჩეჩილი არტემონით.

რა ბედნიერებაა, როცა მთელი ცხოვრება — 1931 წლიდან 1992 წლამდე მარტო თოჯინებს ეფერები და უბრაზდები.

მის პირველ თოჯინას ერქვა ბი-ბო-ბუ, წარმოშობით ჩინელი იყო…

სხვათა შორის, ალბათ არავინ არ იცით და მეც დღემდე არ ვიცოდი, რომ ბრწყინვალე ლიუბოვ ორლოვაც, თურმე, სერგეი ობრაზცოვს აღმოუჩენია.

როგორც ყოველთვის, უნიკალური კადრები და მხოლოდ ექსკლუზიურად თქვენთვის:

დღეს კიდევ ერთ საიდუმლოს გაგანდობთ — იცით, სერგეი ობრაზცოვი იყო იმ ძალიან მცირერიცხოვან ადამიანებს შორის, ვინც შესანიშნავი რეჟისორის — მეიერხოლდის დასაცავ წერილს ხელი მოაწერა. ეს მაშინ ძალიან სარისკო იყო – 1940 წლის 2 თებერვალს მეიერხოლდი დახვრიტეს.

სერგეი ობრაზცოვი კი, საბედნიეროდ, გადარჩა და რა მშვენიერია, რომ მთელ ცხოვრებას გვილამაზებდა თავისი თოჯინებით.

იცით, ყველაზე უკეთესად ბაბუებზე შვილიშვილები ჰყვებიან ხოლმე.

ეკატერინა ობრაზცოვას თქმით, მათ სახლში ფეოდორ შალიაპინის შვილის ნაჩუქარი ორი ნიანგიც კი ცხოვრობდა — ამერიკიდან პატარა პოლიეთილენის პაკეტებში გამოგზავნილი.

და, კიდევ, ოჯახში ასეთი დღესასწაული იყო — ორ თვეში ერთხელ „ნათესავებში მიმოსვლა“. იმ დღეს სერგეი ობრაზცოვი, თურმე, განსაკუთრებით იპრანჭებოდა, ყველა ნათესავს ინახულებდა და მიეფერებოდა ხოლმე.

ასევე ძალიან არ უყვარდა, რომ მისი შვილიშვილი ეწეოდა. ერთხელ უკითხავს — ძვირფასო, რა უნდა გაჩუქო, რომ აღარ მოწიოო.

ეკატერინას უთქვამს — მანქანაო.

მაშინ მოწიეო, — უთქვამს ბაბუას.

მოსკოვში უამრავი საათია, მაგრამ, სავარაუდოდ, ყველაზე სახელგანთქმული არის სწორედ სერგეი ობრაზცოვის თეატრზე ლამაზად მოკალათებული საათი. ეს თოჯინების საათის აზრი პირველად თავად სერგეი ობრაზცოვს მოუვიდა. შუაღამის და შუადღის დადგომამდე 30 წამით ადრე მამალი ყივის, იღება 12 კარი და თოჯინები მოძრაობას იწყებენ. თავიდან მამალი ყოველ ერთ საათში ღამითაც მამლობდა, მაგრამ მცხოვრებლების დაჟინებული თხოვნის გამო ის ღამით „ჩუმ რეჟიმზე“ გადაიყვანეს.

სერგეი ობრაზცოვი თავის თოჯინებთან მკლავგამოდებული უდიდესი კაცი იყო.

სხვანაირად ლამაზად დაბრძანდებოდა ჩვენი გულის ქუჩებში, მართლა სხვანაირი კაცი, დიდებული…

 

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და სერგეი ობრაზცოვივით ნიჭიერ დღეს!

ყველა ახალი ამბავი
0