ჩვენი „გულების ტელევიზორი"

© Flickrტელევიზორი
ტელევიზორი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენ აივანზე ფეხმძიმე ბროწეულებსა და მკვახე ადესებს შორის უნიკალური ტელევიზორი დგას და დევს, იმდენად უნიკალური, თვითონაც რომ არ იცის — Рубин-110. შეგიძლიათ გადაამოწმოთ — მთელ ამხელა საბჭოთა კავშირში სულ 50 ცალი იყო გამოშვებული!

ამ 50 ცალიდან ერთი ბინადრობდა მოსკოვის ჩისტიე პრუდის ლამაზ 56-ე სახლში. და ისე, ტყუილუბრალოდ კი არ ბრძანდებოდა, ჩემ ზურიკო ბიძიას შინაგან საქმეთა იმდროინდელმა მინისტრმა პირადად აჩუქა.

ასეთები ვართ ანჯაფარიძეები — კომპლიმენტები არ გვიყვარს, მაგრამ მოგვწონს…

ჰოდა, ის ელეგანტური, საკუთარ ოთხფეხიანი „რუბინი“ ამაყად იდგა მოსკოვის ცენტრში, მერე კი თბილის უშანგი ჩხეიძის ქუჩაზე ბინას გვითბობდა.

მახსოვს, მე რომ ვიწექი ალე ბებიას სხვანაირად გარეცხილ და სუფთა ქვეშაგებში, დილიდან ყოჩივარდების სუნი რომ ასდიოდა, ტელევიზორი მეჩხუბებოდა.

და, რაც მთვარია, ჩემს ტელევიზორს მიმაგრებული ჰქონდა გრძელი მავთული – მსოფლიოში, ალბათ, პირველი პულტი – არხების გადართვა შეგეძლო, ძალიან უპიჟამოდ და პიჟამოთი.

ანუ, იწექი გემრიელ საწოლში და არ დგებოდი, ხან ხრუშასავით „სპოკოინოი ნოჩის“ უყურებდი…

ხან კიდევ ვერ უყურებდი, რადგანაც ტკბილად გეძინა ბებიას მკლავთან.

ეს შესავალი კი იმისთვის დაგვჭირდა, რომ ზუსტად ამ დღეს, 1928 წლის 3 ივნისს ნიუ-იორკში გაიყიდა პირველი ტელევიზორი – 75 დოლარად. ისიც არ ვიცი, რამხელა იყო და ვინ იყიდა, მაგრამ, სავარაუდოდ, მუშაობდა.

ტელევიზია კი სინამდვილეში შექმნა ერთმა უბრალო კაცმა — ვლადიმერ ზვორიკინმა, რომელიც გარდაიცვლა 1981 წელს და მისივე თხოვნით მისი ფერფლი ტბა ტორტონს გადააყარეს…

ასე ამბობენ, ტორტონის ტბაზე ტელევიზორები ყველაზე კარგად მუშაობენო.

არ ვიცი, ჩემი ტელევიზორიც კარგად მუშაობს, როცა ნინკა და ანდრია არიან ახლოს.

გულის ანტენა იჭერს, სავარაუდოდ…

გისურვებთ ბედნიერ წარმატებულ და ანტენიან დღეს!

 

ყველა ახალი ამბავი
0