Chanel Nº5 რომ გავამრავლოთ 10-ზე...

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიმსახიობი ნიკოლ კიდმანი
მსახიობი ნიკოლ კიდმანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენ აივანზე ისეთი ღვთაებრივი სურნელი ტრიალებს… ბროწეულის ყვავილების ბუნებრივ არომატს ემატება ილანგ-ილანგის, ბერგამოტის, ლიმონის, ჟასმინის, შროშანის, ზამბახის, იების ფესვების და კიდევ სხვა ბევრი რამის ნიუანსი… და ამას ყველაფერს ერთად ჰქვია Chanel Nº5.

ჩვენი სტუმარი კი გახლავთ ამ შესანიშნავი და მარადიული სუნამოს სახე, მასავით ქალური, თბილი, ტკბილი და ამავე დროს თავდაჭერილი და ოდნავ მკაცრი ქალბატონი, რომელსაც ზუსტად დღეს, 20 ივნისს (მართალია დაუჯერებელია, მაგრამ მაინც) Chanel Nº5 რომ 10-ზე გავამრავლოთ, იმდენი წელი შეუსრულდა.

აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ დღეს ჩვენ აივანზე ამოსულ მამაკაცებს გავუმზადეთ სპეციალური ცნობები „დასწრების შესახებ“, თორემ ძალიან რთული იქნება აუხსნათ მეუღლეებს, რატომ დაგდევთ შლეიფივით ესოდენ ფრანგული სუნამოს კვალი.

ნიკოლ კიდმანი — ცნობილი მსახიობი და პროდიუსერი, ერთი „ოსკარის“, სამი „ოქროს გლობუსის“, BAFTA-ს და „სატურნის“ პრემიების ლაურეატი, მართლაც საოცარი ქალბატონია. ის წარმოშობით ავსტრალიელია, თუმცა დაიბადა ჰავაის კუნძულებზე და ყოველთვის ხაზს უსვამს თავის წარმოშობას. ეს სულაც არ არის გასაკვირი, თუ გავიხსენებთ ავსტრალიელი მსახიობების შესანიშნავ პლეადას — კურტ რასელი, მელ გიბსონი, ქეით ბლანშეტი, კიდმანის უახლოესი მეგობრები — ჰიუ ჯეკმანი და ნაომი უოტსი. თავის დროზე სწორედ ნაომიმ დაუთმო კიდმანს როლი ფილმში „თარჯიმანი“ და მხოლოდ იმიტომ, რომ იცოდა, მისი მეგობარი ამ როლზე ოცნებობდა. ხოლო ჰიუ ჯეკმანთან ერთად კიდმანმა შესანიშნავი დუეტი შექმნა ფილმში „ავსტრალია“, სადაც ორივე გმირს მართლაც ეტყობა რაღაც სხვანაირი, სავარაუდოდ, ავსტრალიული ხიბლი, რასაც ისიც კი ვერ ფარავს, რომ ნიკოლი ინგლისელი ლედის როლს ასრულებს.

ნიკოლი ბავშვობიდან იყო ძალიან მაღალი (მისი სიმაღლე 180 სმ-ია), გამხდარი, ცოტა მოუქნელი და ჟღალი. ამიტომაც ეძახდნენ „იატაკის ჯოხს“, „ყანჩას“ და „სტაფილოს“… თუმცა ნელ-ნელა ისეთი ლამაზი გახდა, რომ ბოლოს „ლერწამი" შეარქვეს.

ნიკოლი პროფესიონალი პიანისტია. ფილმში „ცივი მთა“ ის თავად უკრავს როიალზე, ხოლო ფილმში „ცხრა“ და კიდევ რამდენიმე სხვა ფილმში თავად მღერის.

ნიკოლ კიდმანის პირველი მეუღლე გახლდათ ტომ კრუზი, რომელიც მან გაიცნო ფილმის „მეხის დღეებში“ გადაღებისას. ტომი ისე აღფრთოვანდა მისი მომხიბვლელობით და ნიჭით, რომ მიატოვა მეუღლე, მიმი როჯერსი და ნიკოლთან იქორწინა.

მათ ერთად 10 წელი იცხოვრეს. სამწუხაროდ, ტომს მეუღლეების მიტოვება (თანაც ფილმში პარტნიორი ქალის გამო), თურმე, მავნე ჩვევად ჰქონია გადაქცეული – მას ფილმ „ვანილის ცაზე“ მუშაობის პერიოდში თავდავიწყებით შეუყვარდა მართლაც შესანიშნავი პენელოპა კრუსი და ნიკოლი მიატოვა. თუმცა, მართალი გითხრათ, მე არასდროს მჯეროდა, რომ ბედნიერი ოჯახიდან მამაკაცი შეიძლება ასე ადვილად მიდიოდეს. ამბობენ, რომ ნიკოლსა და ტომს შორის ურთიერთობები გაფუჭდა პენელოპას გამოჩენამდე სამი წლით ადრე, როდესაც მსახიობებმა მონაწილეობა მიიღეს სტენლი კუბრიკის ფსიქოლოგიურ დრამაში „ფართოდ დახუჭული თვალები“. მსახიობებმა პრობლემები ეკრანიდან ცხოვრებაში გადაიტანეს.

დაშორებისას ნიკოლი სამი თვის ფეხმძიმე იყო და ნერვიულობისგან ბავშვი დაკარგა. ეს მისი პირველი ფეხმძიმობა იყო. მანამდე მან და კრუზმა ორი ბავშვი იშვილეს — იზაბელა ჯეინი და კონორ ენტონი.

2001 წელი ნიკოლ კიდმანის კარიერაში ნამდვილი გარდატეხის პერიოდი გახდა – მან მონაწილეობა მიიღო ავსტრალიელი რეჟისორის ბაზა ლურმანის ფილმ-მიუზიკლში „მულენ-რუჟი“, რომელშიც მას პარტნიორობას უწევდა იუენ მაკგრეგორი. აღსანიშნავია, რომ ამ ფილმში მთავარი როლების შემსრულებლები ვოკალურ პარტიებსაც თავად ასრულებენ. ფილმისთვის საცეკვაო ნომრის რეპეტიციაზე კი ნიკოლმა ტრავმა მიიღო და ფილმის გადაღება ცოტა ხნით შეჩერდა კიდევაც. ამ ფილმისთვის ნიკოლი ნომინირებული იყო „ოსკარზე“, მაგრამ…

„ოსკარი“ კიდმანმა მიიღო ფილმ „საათში“ ინგლისელი მწერალი ქალის, პულიტცერის პრემიის ლაურეატის ვირჯინია ვულფის როლის შესრულებისთვის. ამ ფილმში მასთან ერთად მთავარ როლებს ასრულებდნენ მერილ სტრიპი და ჯულიანა მური. აღსანიშნავია, რომ ცაცია ნიკოლ კიდმანმა ამ ფილმისთვის მარჯვენა ხელით წერა ისწავლა და ითამაშა 59 წლის ქალის როლი, თანაც მას ისეთი გრიმი გაუკეთეს, რომ დღემდე არ მჯერა, რომ ეს ნიკოლია…

„ოსკარის“ მიღების შემდეგ ნიკოლმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა — ხომ ხედავთ, მე ჩემი შესანიშნავი ყოფილი ქმრის ჩრდილი არ ვყოფილვარო. თანაც ისე სევდიანად განაცხადა, რომ პრესამ დაასკვნა — კიდმანს ისევ უყვარს ტომიო. ალბათ, უყვარდა კიდევაც, რადგან, ამბობენ, რომ ავსტრალიელი ქალები ძალიან ერთგულები არიან.

საბედნიეროდ, ბედმა ნიკოლს სიყვარულში კიდევ ერთხელ გაუღიმა (არა, ამჯერად ვიტყოდი — გაუცინა), რადგან 2005 წელს ლოს-ანჯელესში მან გაიცნო არაჩვეულებრივი ადამიანი, მორიდებული და კეთილშობილი, მუსიკოსი, „გრემის“ პრემიის ლაურეატი კიტ ურბანი. ისიც წარმოშობით ავსტრალიელია,  დაბადებული ახალ ზელანდიაში. ნიკოლს კიტი იმდენად მოეწონა, რომ ცხოვრებაში პირველად უღალატა თავის პრინციპებს და თავად მისცა კიტს თავისი ტელეფონის ნომერი.

მათ ქორწილს, რომელიც 2006 წლის 25 ივნისს სიდნეიში შედგა, მთელი „ავსტრალიური ელიტა“ დაესწრო. მათ ტომ კრუზიც მიიწვიეს, მაგრამ ის ამ წვეულებაზე არ ჩავიდა. ახლადშეუღლებულებმა მეგობრებს სთხოვეს, რომ მათთის საჩუქრების მიტანის ნაცვლად იგივე თანხები სიდნეის საბავშვო საავადმყოფოსთვის ეჩუქებინათ.

დღეს წყვილი ძალიან ბედნიერია. კიტი, რომელსაც ადრე სერიოზული პრობლემები ჰქონდა ნარკოტიკებთან დაკავშირებით, ამბობს — ნიკოლმა ცხოვრებაში დამაბრუნაო და ჩემ ყველა სიმღერაში ნიკოლიაო. და უძღვნის მას სიმღერებს… 41 წლის ნიკოლმა გააჩინა შესანიშნავი გოგო — სანდეი როუზი, ორ წელიწადში კი სანდეის დაც გაუჩნდა — ფეიტ მარგარეტი.

ნიკოლი დღესაც სოცრად მომხიბვლელია და ისევ ვეგეტარიანელი. სამწუხაროდ, კვლავ აწუხებს ალერგია მარწყვზე და ეშინია პეპლების, მაგრამ ამას კაცი აიტანს.

მე კი, ბოლოს, მინდა ვიხელთო დრო, გამოვიყენო „საავტორო უფლებები“ და დაგემშვიდობოთ ნიკოლ კიდმანის უახლოესი მეგობრის, ავსტრალიელი ჰიუ ჯეკმანის კლიპით, რომელიც ძალიან მიყვარს (ჰიუც და კლიპიც) და რომელიც, დარწმუნებული ვარ, კარგ განწყობაზე დაგაყენებთ…

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და ნიკოლ კიდმანივით ავსტრალიურად ბრწყინვალე დღეს!

 

ყველა ახალი ამბავი
0