ჩარლი ჩაპლინი და ბედნიერი ქორწინების ჩინური ფორმულა...

გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

ჩვენ აივანზე ამობრძანებას ვინც შეჩვეულია, სავარაუდოდ, აღარაფერი გაუკვირდება, მით უმეტეს, რომ ცოტა შეგამზადეთ — წიკლაურის აღმართის დასაწყისიდანვე მენდელსონის მარშის თანხლებით მოგიწიათ ამოსვლამ. ამიტომაც ჩვეულებრივად მიიღეთ, თუ ქათქათა, გატკიცინებულ და ბაფთიან სუფრაზე ლამაზად მოკალათებული უზარმაზარი საქორწინო ტორტი და ცივი შამპანური დაგხვდათ.

მაშ ასე, დღეს ჩვენი სტუმრები არიან ლეგენდარული ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი და მისი მეოთხე მეუღლე უნა ო’ნილი, რადგანაც ისინი ზუსტად ამ დღეს, 1943 წლის 16 ივნისს შეუღლდნენ. აქვე მოგახსენებთ, რომ იმ დროს უნა 18 წლის იყო, ხოლო ჩარლი მასზე 36 წლით უფროსი.

სკეპტიკოსები იფიქრებენ — გასაგებია, ჩარლი ჩაპლინი იყო და იმიტომო. სკეპტიკოსებს დავეთანხმები — უნა ჩარლი ჩაპლინს ცოლად გაჰყვა ზუსტად იმიტომ, რომ ჩარლი ჩაპლინი იყო — შესანიშნავი, მომხიბვლელი, ნიჭიერი და განუმეორებელი… უნა იყო საოცრად ლამაზი, დახვეწილი და განათლებული ქალბატონი. თანაც, მსოფლიოში ცნობილი მწერლის, ნობელისა და პულიტცერის პრემიების ლაურეატის იუჯინ ო’ნილის ქალიშვილი. სამწუხაროდ, მამამ უნასთან ურთიერთობები სწორედ ამ დღიდან შეწყვიტა, რადგან ვერ აიტანა ის, რომ მისი სიძე მასზე მხოლოდ ერთი წლით უმცროსი იყო.

იქნებ ვინმემ ისიც გაიფიქროს — ალბათ, დამწყები მსახიობი უნა ჩარლი ჩაპლინს მომავალი კარიერისთვის გაჰყვაო. ამაზე გიპასუხებთ — უნამ გათხოვების შემდეგ მსახიობობაზე უარი განაცხადა და მთელი თავისი ცხოვრება ოჯახს მიუძღვნა.

მან ჩაპლინს გაუჩინა 8 შვილი, სამი ვაჟი — კრისტოფერი, ევგენი და მაიკლი და ხუთი ქალიშვილი — ჯერალდინა, ჯოზეფინა, ჯოანა, ვიქტორია და ანა-ემილია. ბოლო ქალიშვილი მათ მაშინ გაუჩნდათ, როცა ჩარლი 72 წლის იყო.

ამ კადრების შემდეგ ალბათ სკეპტიკოსები ჩვენი აივნიდან ჩუმად გაიპარებიან.

დღეს მინდა, რომ თქვენთან ერთად ცოტა იმ წყვილების შესახებ ვიმსჯელოთ, რომლებშიც მეუღლეებს შორის ასაკში დიდი სხვაობაა. მოდით, „დიდი სხვაობა“ პირობითად ვუწოდოთ 20 წელიწადზე მეტს, რადგან თავად მყავდა 17 წლით უფროსი მეუღლე და ნამდვილად ვიცი, რომ ჩვენი დაცილების მიზეზი ასაკში სხვაობა ნამდვილად არ ყოფილა.

მინდა გაგიმხილოთ, რომ უდიდეს პატივს ვცემ ძველი ჩინეთის კულტურას – ინ და იანს, ბუდიზმს, პეკინის ოპერას, მუსიკას, ფერწერას, სპილოს ძვლის საოცარ ნაკეთობებს, სამზარეულოს… ზეპირად ვიცი უამრავი ძველი ჩინური სიბრძნე, მაგრამ ნამდვილად იმედგაცრუებული დავრჩი, როდესაც ეს წავიკითხე:

ბედნიერი ქორწინების ძველი ჩინური ფორმულა, რომლის მიხედვით, ქმარს აუცილებლად უნდა ჰყავდეს ცოლი, რომლის ასაკიც ასე გამოითვლება — ქმრის ასაკი უნდა გაყო 2-ზე და დაუმატო 8.

ანუ, მაგალითად, 40 წლის კაცმა ცოლად უნდა მოიყვანოს 28 წლის ქალი. მართალი გითხრათ, ამან სულ არ შემაწუხა. მაგრამ მერე, როგორც მათემატიკოსმა, უცებ გამოვითვალე, ქალი რომ ბედნიერი იყოს რამდენი წლის მამაკაცს უნდა გაჰყვეს ცოლად.

ფორმულა შემდეგია — ქალის ასაკი უნდა გაამრავლო 2-ზე და გამოაკლო 16

უცებ შევიყვანე ჩემი ასაკი (55x2-16) და, იცით, რა გამომივიდა? 94 წელი!

ჰოდა, ჩინელი 55 წლის ქალები გაყვნენ 94 წლის ჩინელ მამაკაცებს, თუ კაია, და თუ ასეთი ბრძენები და ჭკვიანები არიან…

ამიტომაც, თავის დასაწყნარებლად, უცებ გავიხსენე, რომ საფრანგეთის ახალი პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მეუღლე ბრიჯიტი თავის ქმარზე 24 წლით არის უფროსი. თანაც ემანუელს თავისი სკოლის მასწავლებელი შეუყვარდა, როდესაც ის გათხოვილი იყო და 3 შვილიც ჰყავდა. 2007 წელს ბრიჯიტი დაშორდა ქმარს და ცოლად გაჰყვა მაკრონს. ისინი ერთად არიან უკვე 10 წელია და ზრდიან ბრიჯიტის შვილიშვილებს.

მერე გამახსენდა ალა პუგაჩოვა და მაქსიმ გალკინი (27 წელი, ალას სასარგებლოდ), ნადეჟდა ბაბკინა და ევგენი გორი (30 წელი ნადეჟდას სასარგებლოდ), შერონ სტოუნი და მარტინ მიკა (27 წელი, შერონის სასარგებლოდ)… თუმცა, შერონი ყოველთვის შერონია…

რა თქმა უნდა, მიხვდით, რომ ვხუმრობ და ჩემთვის ყოველთვის უფრო მისაღებია და ბუნებრივი, როდესც მუეღლეები დაახლოებით ერთი ასაკის არიან, ან ქმარი არის უფროსი, თუნდაც გაცილებით.

ამის უამრავი ბედნიერი მაგალითი არსებობს: ალ პაჩინო და ლუსილა სოლა (40 წელი), ტომ კრუზი და ემილი ტომასი (31 წელი), ჯონი დეპი და ემბერ ჰიორდი (23 წელი) და ასე შემდეგ… 

ისინი ყველანი ამტკიცებენ, რომ ბედნიერები არიან. სიამოვნებით ვუჯერებ მათ და ძალიანაც მიხარია.

მე კი ყველაზე ძალიან მხიბლავს შესანიშნავი წყვილი — მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა-ჯონსი, რომლებიც დაიბადნენ ერთსა და იმავე დღეს — 25 სექტემბერს, მაგრამ 25 წლის განსხვავებით.

მათ ცხოვრებაშიც იყო რთული პერიოდები. ერთხელ ერთმანეთთან ურთიერთობაში პაუზაც კი აიღეს, მაგრამ მაინც ერთად დარჩნენ და, მაიკლის თქმით, სწორედ კეტრინის თავგანწირვამ გადაარჩინა ის მძიმე დაავადებისგან.

აი, ეს არის ნამდვილი სიყვარული…

და რა მნიშვნელობა აქვს ასაკში სხვაობას… ყველა წყვილის ურთიერთობა უნიკალური და განუმეორებელია. და იქნებიან თუ არა ისინი ბედნიერი, ეს მხოლოდ მათზეა დამოკიდებული.

სიყვარულის ფორმულა კი ჯერ არავის გამოუგონია.

ერთი რამ ვიცი ნამდვილად – ნებისმიერი სირთულის და ბარიერის გადალახვაა შესაძლებელი, თუ გიყვარს და ამ სიყვარულის შენარჩუნებას თუ ისწავლი…

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და სიყვარულით მოფენილ დღეს!


ყველა ახალი ამბავი
0