ჯეიმს ბელუში და მისი ჯერი ლი...

გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ვისაც ჩემსავით, ან ცოტა ნაკლებად არ გიყვართ ძაღლები, ვალდებული ვარ გაგაფრთხილოთ — ჩვენ აივანზე ღირსეული სტუმარი და ერთი კი არა, მთლად ორი ძაღლი დაგხვდებათ. პირველი — ჩემი საკუთარი (მსუქანი და უკეთილესი) ბოსარიონ ლაბრადოროვიჩი (ძალიან მთხოვა), მეორე კი უჭკვიანესი და შესანიშნავი გერმანული ნაგაზი ჯერი ლი. თქვენ კი მხოლოდ იმიტომ გაფრთხილებთ, რომ თუ ვინმეს სურვილი გაგიჩნდებათ, მაგალითად, კატით ამობრძანდეთ, დღეს თავი შეიკავეთ. აბა, სხვა მიზეზით რატომ უნდა გაგაფრთხილოთ — ორივე მათგანი უკეთილშობილესია.

სავარაუდოდ, უკვე მიხვდით, რომ დღეს ჩვენ აივანზე თავისი ოთხფეხა მეგობრის თანხლებით ამობრძანდება ცნობილი ამერიკელი მსახიობი, კომიკოსი, მომღერალი და მუსიკოსი ჯეიმს ბელუში, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1954 წლის 15 ივნისს ჩიკაგოში.

არ გაგიკვირდეთ, რომ პირდაპირ ფილმ „К-9“-ის კადრებით დავიწყე. ჩემი აზრით, ჯეიმს ბელუში ამ ფილმში, დეტექტივ მაიკლ დულის როლში განსაკუთრებით ხალისიანი, მხიარული და მომხიბვლელია. თუმცა, კინოკრიტიკოსების შეფასებით, მას არაფრით არ ჩამორჩება ჯერი ლის როლის შემსრულებელი — აშშ-ის მისურის შტატის ქალაქ კანზასის პოლიციის ერთ-ერთი უბნის სამსახურებრივი გერმანული ნაგაზი სახელად კოტონი. ალბათ ამიტომაც მისი სახელი ფილმის ტიტრებშიც არის შეტანილი.

სხვათა შორის, ჯეიმს ბელუში ამბობს, რომ მთელი მისი სამსახიობო კარიერის განმავლობაში (მან კი 120-მდე ფილმში მიიღო მონაწილეობა) მხოლოდ ორი პარტნიორი ჰყავდა, რომელთა გვერდით თავს გრძნობდა აბსოლუტურად უნიჭოდ და პატარა ბიჭად. ესენი იყვნენ არნოლდ შვარცენეგერი და… ჯერი ლი, იგივე კოტონი.

ბელუში იხსენებს, რომ ფილმის გადაღებისას ის სერიოზულად ეჭვიანობდა, რადგან გადაღებებში მონაწილე ყველა მანდილოსანი მასზე მეტ ყურადღებას ჯერი ლის აქცევდა. ამიტომაც მას და ჯერი ლის შორის მუდმივად მიმდინარეობდა „კაცური“ პაექრობა ლიდერობისთვის.

ჰყვებიან, რომ გადაღებების დასრულების შემდეგ, ბელუშისა და მისი მთავარი პარტნიორის დამშვიდობებისას ყველა ტიროდა. ბელუშის ძაღლის სახლში წაყვანა უნდოდა, მაგრამ ჯერი ლიმ არ უღალატა თავის გამზრდელ პოლიციელს და მეწყვილეს, ოფიცერ პატერსონს და სამსახურში დაბრუნდა. ერთ-ერთ ინტერვიუში ბელუში ამბობს, რომ დამშვიდობებისას ჯერი ლიმ ისე შეხედა თვალებში, თითქოს სამუდამოდ ემშვიდობებოდა… ძაღლები ყველაფერს უკეთ გრძნობენ, ვიდრე ადამიანები.

1991 წლის 18 ნოემბერს ჯერი ლი, უკაცრავად, პოლიციელი ძაღლი კოტონი, რომელსაც 24 დამნაშავე ჰყავდა დაკავებული და 2 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ნარკოტიკი ჰქონდა აღმოჩენილი, ერთ-ერთი ნარკომანის დაკავებისას მისი ტყვიით დაიღუპა…

ამის შემდეგ ბელუშიმ შეიძინა ორი გერმანული ნაგაზი და გადაიღო ფილმის ორი გაგრძელება, მაგრამ, ხომ იცით, ადამიანების მსგავსად, არსებობენ შეუცვლელი ცხოველებიც…

ჯეიმს ბელუში ბავშვობიდან ყველაფერში ბაძავდა თავის უფროს ძმას, ასევე ცნობილ მსახიობს, სცენარისტსა და მომღერალს ჯონ ბელუშის (რომელიც გარდაიცვალა სულ ახალგაზრდა, 33 წლის ასაკში) და ამიტომაც ამოირჩია მსახიობის პროფესია. მისი დებიუტი შედგა ბრაიან დე პალმას ფილმში „გაბრაზება“, მაგრამ როლი იმდენად პატარა იყო, რომ ჯეიმსის გვარი ტიტრებშიც კი არ ფიგურირებდა. მაგრამ, როგორც ჩანს, ასეთ დიდ რეჟისორთან სულ პატარა როლში მონაწილეობასაც „კარგი ფეხი“ აქვს.

დღეს ჯეიმს ბელუში მსოფლიოში ცნობილი, ძალიან პოპულარული და წარმატებული მსახიობია. დარწმუნებული ვარ, მისი უამრავი ფილმი გაქვთ ნანახი. მაგრამ მე განსაკუთრებით მიყვარს ზღაპარივით საოცრად თბილი და ადამიანური ფილმი „ხუჭუჭა სიუ“, რომელშიც ბელუშის ღირსეულ პარტნიორობს უწევს პატარა მსახიობი, დღეს უკვე ცნობილი მომღერალი (მას თავად კრისტინა აგილერა უჭერს მხარს) ელისონ პორტერი.

ბელუში საკმაოდ წარმატებულია სხვა სფეროებშიც…

ის დენ ეიკროიდთან ერთად რესტორნების ქსელ House of Blues-ის, ჩაკ ნორისთან ერთად კი თამბაქოს ფირმა Lone Wolf-ის თანადამფუძნებელია.

2006 წელს მან გამოუშვა ავტობიოგრაფიული წიგნი „ნამდვილი მამაკაცები ბოდიშს არასდროს იხდიან“ — Real Men Don’t Apologize.

ბელუში მონაწილეობდა Watsky-ს სიმღერა Whoa Whoa Whoaს-ს და MC Hammer-ის სიმღერა Too Legit to Quit-ის კლიპებში.

2008 წელს ჯეიმსი ესტუმრა თავისი წინაპრების სამშობლო ალბანეთს, სადაც პრეზიდენტმა ბამირ ტოპიმ ის „ერის ღირსების“ ორდენით დააჯილდოვა, ხოლო 2009 წელს მას ალბანეთის მოქალაქეობაც მიენიჭა.

ბელუში ამჟამად ცხოვრობს ლოს-ანჯელესში, ჰყავს მესამე მეუღლე და სამი შვილი.

მისი ცნობილი გამოთქმაა — „სიყვარული სექსის გარეშე — მეგობრობაა. სექსი სიყვარულის გარეშე — სტუდენტური არდადეგები. ამიტომაც თუ ერთგული თანამგზავრი გინდათ შეიძინოთ, იყიდეთ ძაღლი“.

როგორც ჩანს, მის მესამე მეუღლეს, ორი პირველისგან განსხვავებით, ბელუშისნაირი იუმორის გრძნობა გააჩნია, რადგან ამ ფრაზას ჯეიმსი, როგორც წესი, მისი თანდასწრებით ამბობს ხოლმე.

რაღა თქმა უნდა, სამწუხაროდ, ჯეიმს ბელუშის არ ვიცნობ, მაგრამ ხომ არსებობენ ისეთი მსახიობები, რომ გგონია, შენი ახლობლები არიან და პატარა ბავშვივით გიხარია მათი შორიდან, ეკრანიდან დანახვაც კი. ჩემთვის ერთ-ერთი ასეთია ჯეიმს ბელუში…

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და ჯეიმს ბელუშივით ოპტიმისტურ დღეს!

 

ყველა ახალი ამბავი
0