თუ გინდა სითბო და ალერსი...

© Sputnik / Denis Aslanovახალგაზრდები აღმაშენებელზე
ახალგაზრდები აღმაშენებელზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენი აივანი საოცრად და ზედმიწევნით გამოპრანჭულია — გავრეცხ–გამოვრეცხე და მივალაგ–მოვალაგე, რადგან 9 ივნისი მეგობრების საერთაშორისო დღე ყოფილა (International Friends Day). „მეგობრობის საერთაშორისო დღეში“ არ შეგეშალოთ — ის 30 ივლისს არის დაწესებული და არ გამოგრჩეთ. რა მოხდა, მეგობრებს წელიწადში ორჯერ განსაკუთრებით თუ ჩავიხუტებთ გულში.

რაც დრო გადის და ვიზრდები (ანუ, სავარაუდოდ, ვბერდები), სულ უფრო და უფრო ვაფასებ ჩემს მეგობრებს. თქვენც, ვისაც ყოველ დილით ჩემ მაღალ აღმართიან აივანზე ამოსვლა სულ არ გეზარებათ და იმათაც, ცოტა რომ ეზარებათ და უნებურად რომ მახსენებენ შესანიშნავი იოსებ გრიშაშვილის ლექსს — „ჩემი აღმართი“.

„ეხლა შენ ჩემთან აღარ დადიხარ!

ამბობ "შორს ცხოვრობ, აღმართი მღალავს“…

მართლა არ მწყინს, ხანდახან მეც კი მეზარება ხოლმე საკუთარ თავთან ამხელა აღმართზე ამოსვლა.

მე საოცარი მეგობრები მყავს, ამაში კი მართლა ბედი მქონია…

მაგრამ, იცით, რა მიხარია ყველაზე ძალიან? ჩემი მამიკოს მეგობრები ჩემი მეგობრებიც რომ არიან.

მაგალითად, არ შემიძლია არ დავიტრაბახო, რომ ჩემი მეგობარია თავად „გრაფი კალიოსტრო“ — ნოდარ მგალობლიშვილი, რომელიც ჩემს და თავის ნინოსთან ერთად ასე მილამაზებს ცხოვრებას. არ შემიძლია არ გავიხსენო მამიკოს მეგობარი გურამ ქავთარაძე. როცა დედაჩემი ავადმყოფობდა, სულ რომ მოდიოდა და საათობით იჯდა მის საწოლთან…

ახლა კი მინდა ცოტა სევდიანი ისტორია მოგიყვეთ, ისტორია, რომლის შემდეგაც მართლა მივხვდი, რა ყოფილა მეგობრობა…

გაიხსენეთ ის თბილისი, შუქი რომ არ გვქონდა და რომ გვიჭირდა. ყველას გვაქვს ეს დრო გავლილი.

დედა გარდამეცვალა და მამაჩემი, სულ პატარა ნინკა და მე საყვარელი უშანგი ჩხეიძის ბინიდან გადავედით დადიანის ქუჩაზე. ძალიან დაბნეულები ვიყავით — ოჯახის მთლად მთავარი „გენერალი“ დაგვაკლდა… მამა, სხვათა შორის, იმის მერე საერთოდ გარეთ აღარ გასულა.

ჰოდა იყო ერთი კაცი — გურამ იოსელიანი, მამიკოს მეგობარი. პატარა გოგო ჰყავდა ნაშვილები. მეუღლე იმასაც გარდაეცვალა და მარტო ზრდიდა… და უფასოდ ეკუთვნოდა ერთი ცალი პური.

ამ ერთ ცალ პურს ყოველ დილით ნახევარს აჭრიდა და ფეხით (მეტროს ფული არ ჰქონდა) ჩვენ სახლამდე ამოჰქონდა – ჩემ პატარა ნინკას რომ ეჭამა…

მე მეგობრობა ასეთი ვიცი და ასეთი მეგობრობის მჯერა.

დღეს შუქიც გვაქვს და როცა ნახევარი საათით გვითიშავენ, ასჯერ ვრეკავთ თელასში, მართლა აღარ გვიჭირს.

ნინკას და ანდრიას ბანანებიც აქვთ და ანანასებიც (ზოგჯერ მანგოებიც), მაგრამ, იცით, რა მიხარია?— ნინკას დღემდე რომ ახსოვს ჭაღარა გურამი ბიძია და იმის ხელით მოტანილი პურის გემო…

რომელსაც მართლა სულ სხვა გემო ჰქონდა – თბილისური მეგობრობის…

მეგობრობას შესანიშნავი თვისება აქვს — ის ჯადოსნურად არ ბერდება.

ზოგჯერ წასვლა იცის ხოლმე უდროოდ. სამწუხაროდ, ბევრს გვაქვს მეგობრის წასვლა გადატანილი…

მაგრამ, ამ რთულ ცხოვრებას თუ გადაურჩა, ორი მეგობარი ჯუჯასავით…

სულ ახალგაზრდა და ხალისიანები ვიქნებით, და ცოტა ბაჯბაჯებიც:

მეგობრობაზე იმდენი რამე დაწერილა, იმდენი რამე გადაღებულა, სანამ ვიხსენებდი, რამდენჯერმე დამეძინა–გამეღვიძა, მაგრამ მაინც გავიხსენე ერთი შესანიშნავი ფილმი, რომელშიც მთავარ როლს ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მსახიობი ენდი გარსია ასრულებს — „რა უნდა აკეთოს მკვდარმა დენვერში“ Things to Do in Denver When You're Dead.

გეხვეწებით, ნანახი თუ არ გაქვთ, ნახეთ — მე მეგობრობაზე ამაზე უკეთესი ფილმი არ მინახავს:

და, კიდევ, დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, გთხოვთ — გაიხსენეთ ცოტათი მიტოვებულ—დავიწყებული მეგობრები, დაურეკეთ და მოესიყვარულეთ. ზოგჯერ, იცით, როგორ სჭირდებათ ხოლმე? – ჰაერივით.

ბოლოს კი მეგობრების „გადამოწმების“ პატარა რეცეპტს მოგაწვდით ვლადიმერ ვისოცკისგან, და შეგახსენებთ, რომ მთლად თოვლიან მთებსა და მწვერვალებზე არა, მაგრამ საკმაოდ ციცაბო აღმართზე კი ვბინადრობ, ჰოდა, ამობრძანდით, მეგობრების გადასამოწმებლად მაინც.

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და მეგობრებით გაცისკროვნებულ დღეს!

 

 

ყველა ახალი ამბავი
0